Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ორგანიზაციას პრეტენზიები აქვს მმართველ გუნდთან


ზუგდიდი
ზუგდიდი

„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელები სამართალდამცავებმა ზუგდიდში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეხვედრაზე არ შეუშვეს. გოგიტა ბიგვავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მორიგი ტყუილი იყო მთავრობის მხრიდან, როცა დააანონსეს, რომ ეკა ბესელიასა და გია ვოლსკისთან შეხვედრა შეეძლებოდა ნებისმიერ მოაქალაქეს. მისი სიტყვებით, 28 აპრილს შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეები შერჩევით შეუშვეს და ძირითადი აქცენტი ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე გაკეთდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, რომელმაც ამ ფაქტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარი შეხვედრიდან მეხუთე დღეს გადაწყვიტა, არ დაუკონკრეტებია იმ თანაგუნდელების ვინაობა, რომლებიც ვერ შევიდნენ შეხვედრაზე:

„ჩვენი რამდენიმე წარმომადგენელი ცდილობდა იქ შესვლას, თუმცა ბარიკადები და პოლიცია დახვდათ და ვერ მოახერხეს. „ქართული ოცნება“ აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად აპრობირებული მეთოდებით მუშაობას. იგი ამ მეთოდებით ცდილობს ხალხთან ურთიერთობას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო მოსახლეობასთან შეხვედრა. ეს იყო „ქართული ოცნების“ ადგილობრივ აქტივისტებთან შეხვედრა“.

კითხვაზე, მან ან მისმა თანაგუნდელებმა თუ მოახდინეს ფაქტზე რაიმე რეაგირება, გოგიტა ბიგვავამ განაცხადა, რომ მათი მხრიდან რეაგირება მხოლოდ ჟურნალისტებთან გაკეთებული ეს განცხადება იყო.

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროს პაატა ლაგვილავას განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - „NDI”-ის - საქართველოს ფილიალმა ჩაატარა, არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ სამართალდამცავებს მოქალაქეებისთვის შესვლა აეკრძალათ. რაც შეეხება შეხვედრის მონაწილეებს, სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მას ესწრებოდნენ არჩევითი საჯარო მოხელეები, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარეები, გამგებლები და საკრებულოს რამდენიმე წევრი:

„აქ დასწრება იყო თავისუფალი და არ ყოფილა საჯარო მოხელეთა რესურსი გამოყენებული. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გამგებლები და არჩევითი საჯარო მოხელეები, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარეთა და წევრთა ნაწილი“.

28 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ეკა ბესელია და გია ვოლსკი მოსახლეობას შეხვდნენ. საუბარი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებს შეეხებოდა. მის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წევრებმა გააპროტესტეს. მათ ხელში წითელი ბარათები ეჭირათ და ხელისუფლების უმოქმედობის გამო მის გადადგომას მოითხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG