Accessibility links

პროტესტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან


საპროტესტო აქცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან

საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, სადაც ადვოკატთა ასოციაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის, მოსამართლედ უვადო გამწესების საკითხის განხილვის გამო. ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადო გამწესებას აპროტესტებს სამოქალაქო სექტორიც.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას საფუძვლად დაედო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხი, რომელიც ასე იკითხება: სამი წლის ვადით თანამდებობაზე გამწესებული უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმიანობის თაობაზე. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის, თქმით, საბჭო აპირებს საბჭოს მდივნისა და უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლევან მურუსიძის, უვადოდ გამწესებას.

„დღეს ლევან მურუსიძის სასამართლო სისტემაში დატოვება ნიშნავს პოლიტიკურ განაჩენებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და სახელმწიფოს ხელში სასამართლო სისტემის სრულ გადასვლას. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ „მურუსიძეების სამართალი“ და ამ საბჭოს სამართალი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო. ამ დაპირებით მოდიოდა ყველა ხელისუფლება, მაგრამ მერე ეყრდნობოდა მურუსიძეების სასამართლოს, რომელიც გამოირჩეოდა ძალადობრივი გადაწყვეტილებებით. საერთო არაფერი ჰქონდა ამ გადაწვეტილებებს სამართალთან“, უთხრა ზაზა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

აქციის მონაწილეებმა გაიხსენეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდვინის მიერ წინა ხელისუფლების დროს განხილული საქმეები. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის, კახა კუკავას, კომენტარი:

„ლევან მურუსიძე იყო სულხან მოლაშვილის და სანდრო გირგვლიანის საქმეების მოსამართლე. ეს არის არა მარტო ქართული სასამართლოს ნგრევა, ეს არის ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა, რაც დაიწყო „წარმატებით“ შევარდნაძემ, ჩქარი ტემპით გააგრძელა სააკაშვილმა და ახლა რაც დარჩა, ქართული სახელმწიფოს ნანგრევები, ამის მიწასთან გასწორებას ცდილობს ივანიშვილი“.

საპროტესტო აქციის ბანერი
საპროტესტო აქციის ბანერი

საპროტესტო აქციის მონაწილეთა არგუმენტები მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. რამდენიმე დღის წინ საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ, განაცხადა, რომ საბჭო მოქმედებს კანონით და ცალკეული მოსამართლე ვერ იქნება გამონაკლისი:

„არ უნდა იყოს აქ საუბარი კონკრეტულ პიროვნებაზე. მაშინ ჩავწეროთ კანონში, რომ უვადოდ გადაინიშნოს ყველა მოსამართლე, გარდა ლევან მურუსიძისა. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაანებონ ორმაგ სტანდარტს თავი“.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში წელს შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც ყოფილი ან მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, არ შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით. საბჭოში მიაჩნიათ, რომ ეს ახალი ნორმა მათ ავალდებულებთ შეწყვიტონ ლევან მურუსიძის შეფასება და ავტომატურად დანიშნონ უვადოდ, თუმცა კანონმდებლობის ამგვარ ინტერპრეტაციას არ იზიარებენ ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ოლიკო შერმადინის, კომენტარი:

„ასევე ვერ იქნება განმარტებული, იქიდან გამოდინარე, რომ ეს ცვლილებები შეეხება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან ამ კანონმა შეფასების ახალი წესი შემოიღო, ლევან მურუსიძე და მაია სულხანიშვილი შეფასების ძველი წესით იქნენ დანიშნული გამოსაცდელი ვადით და, შესაბამისად, კანონი მათ უვადოდ ვერ გაამწესებს, როგორც ეს საბჭოს სურს“.

საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ ვინც არის გამოსაცდელი ვადით დანიშნული, ყველანი გადაინიშნონ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალა პარლამენტს ახალი რეგულირება მიიღოს და სწორედ ამ ახალ რეგულირებას უნდა დაელოდოს საბჭო...
ოლიკო შერმადინი

იუსტიის უმაღლეს საბჭოში ასევე იშველიებენ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41-ე პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განწესებას სამი წლის ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება, თუმცა ამ არგუმენტის პასუხად ოლიკო შერმადინი ამბობს:

„საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ ვინც არის გამოსაცდელი ვადით დანიშნული, ყველანი გადაინიშნონ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალა პარლამენტს ახალი რეგულირება მიიღოს და სწორედ ამ ახალ რეგულირებას უნდა დაელოდოს საბჭო, სანამ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართული აქცია ორ საათში, მას შემდეგ დაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის უვადოდ გამწესების საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო, რადგანაც მომხსენებელს, იუსტიციის საბჭოს წევრ შოთა გეწაძეს, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კონკურსში მონაწილეობს, 8 მაისს ფრანგულ ენაში გამოცდა ჰქონდა დანიშნული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG