Accessibility links

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპირებს განიხილოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების, ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის, უვადოდ განწესების საკითხი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აპროტესტებს. მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ მოსამართლეების განწესება შეიძლება მოხდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ მალავენ, რომ მხარს უჭერენ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების ავტომატურად უვადოდ განწესებას. საბჭოს წევრების პოზიციით, მათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებთ მიმდინარე წლის თებერვალში ამოქმედებული სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის” ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, როგორც იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ამბობს, მოსამართლის თანამდებობაზე განწესების სამწლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე:

„არის კანონი, რომელიც იძახის, რომ მოსამართლე, რომელსაც აქვს სტაჟი და იყო უზენაესის მოსამართლე, არ უნდა დაექვემდებაროს შემოწმებას. ახლა ვფიქრობთ, როგორ განვმარტოთ და შევასრულოთ კანონი: უნდა დაექვემდებაროს აღნიშნული მოსამართლე შემოწმებას თუ - არა. ყველასთან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამ საკითხს წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“.

იუსტიის უმაღლესი საბჭოს წევრები იშველიებენ 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განწესებას სამი წლის ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება, თუმცა ამ არგუმენტის პასუხად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს დაევალა 2017 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის წევრების უმრავლესობასაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, არ ელოდება პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. ეს წარმოშობს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საბჭო, არსებული შემადგენლობით, ცდილობს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობის გამოყენებით უვადოდ დანიშნოს ბატონი ლევან მურუსიძე, რომლის თანამდებობაზე განწესებამაც 2016 წლის იანვარში ძლიერი საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია“.

ლევან მურუსიძე
ლევან მურუსიძე

ამ განცხადებაზე ხელს აწერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომლის გამგეობის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, ამბობს, რომ საბჭომ უნდა წრმოადგინოს არგუმენტები, თუ რატომ ხდება მოსამართლის განწესება მის მიერვე დანიშნული გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე.

„მტკიცებისა და დასაბუთების ტვირთი, რომ ეს არის სწორი, როდესაც ვადაზე ადრე ხდება ამ საკითხის გადაწყვეტა და მისი უვადოდ განწესება - საბჭოს ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი დაასაბუთოს. ამასთან, პრობლემა წარმოიქმნება იმ კონტექსტშიც, რომ, როგორც თავად განაცხადა მურუსიძემ, მას ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი საქმე არ განუხილავს, ანუ, ფაქტობრივად, სამოსამართლო უფლებამოსილებას როგორ ახორციელებს, ამის შეფასება შეუძელებელი იქნება. საინტერესოა, რის საფუძველზე შეაფასებს საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლევან მურუსიძის გასამართლება რომ დაიწყოს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, კანონიერად, წერტილ-მძიმეში, ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებს. მიღებული იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ითვალისწინებდა კანონი.
ლევან მურუსიძე

ანა ნაცვლიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გაითვალისწინოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მნიშვნელობა და არ მიიღოს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ ახალი რეგულაციების მიღებამდე - მით უფრო ისეთ მოსამართლზე, რომლის სახელიც დაკავშირებულია სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმესთან. ლევან მურუსიძემ, რომელიც მაშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, სასჯელი შეუმსუბუქა მკვლელობაში ბრალდებულებს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ლევან მურუსიძემ ipress.ge-ისათვის 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

"ლევან მურუსიძის გასამართლება რომ დაიწყოს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, კანონიერად, წერტილ-მძიმეში, ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებს. მიღებული იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ითვალისწინებდა კანონი".

რაც შეეხება თავად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლის წევრთა უმრავლესობას ივნისში ეწურება უფლებამოსილების ვადა, ამის გამო, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, ოთარ კახიძე, ამბობს, ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი აქვს. დეპუტატი აპირებს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართოს.

„როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილების ვადა 14 ივნისს ეწურებათ, დაჩქარებული წესით არ უნდა მოხდეს მოსამართლეთა უვადო განწესება, მათ შორის, ბატონი მურუსიძის. როცა აირჩევენ საბჭოს ახალ წევრებს, ამის შემდეგ განახლებულმა შემადგენლობამ იმსჯელოს უვადოდ განწესებაზე. ეს არის სწორი, ვინაიდან დღეს გვაქვს, ფაქტიურად, სურათი, რომ უნდა მოასწრონ ბატონი მურუსიძის უვადოდ განწესება. აქ ინტერესთა კონფლიქტიც სახეზე გვაქვს. ჩვენ გვაქვს ანალოგიური რეგულაცია პრეზიდენტთან მიმართებით. პრეზიდენტს უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა არ შეუძლია, რადგანაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა გადის და მისი ლეგიტიმაციის ხარისხი არის უფრო დაბალი. ეს არის წესი, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ პარლამენტს განსახილველად“, უთხრა ოთარ კახიძემ რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG