Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღა“ და ვეტოს დაძლევის მოლოდინი


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ ცვლილებების კანონპროექტის მოტივირებულ შენიშვნებზე საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტაციები საპარლამენტო ფრაქციებისა და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართა. შეხვედრას არ დასწრებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტთან კონსულტაციები სასარგებლო იქნებოდა ვეტოს დადებამდე და არა მის შემდეგ. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კი იმედოვნებენ, რომ პარლამენტი სასამართლო რეფორმის ეგრეთ წოდებულ „მესამე ტალღას“ პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით აქცევს კანონად.

გადმოწერა

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმდინარე წლის 24 იანვარს დაადო ვეტო. პრეზიდენტის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ცალკეული დებულებები ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს. პაკეტი პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნდა. შენიშვნები ძირითადად ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესი და მოსამართლეთა უვადო დანიშვნამდე დაწესებული გამოსაცდელი ვადის გაუქმება. პრეზიდენტის შენიშვნები მისაღებია საპარლამენტო ოპოზიციისთვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოთარ კახიძემ, პრეზიდენტის შენიშვნები სრულ თანხვედრაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან:

“მოტივირებული შენიშვნები თანხვედრაშია სამოქალაქო სექტორის პოზიციასთან და ვენეციის კომისიის პოზიციასთან და ეს ეხება სასამართლოს მეტ დეცენტრალიზაციას, რომ მურუსიძის ვიწრო ჯგუფმა არ მართოს დაუსრულებლად ეს სასამართლო და არ იყოს მორჩილი ხელისუფლების და მნიშვნელობა არა აქვს ეს რომელი ხელისუფლება იქნება“.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მისაღებია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარისთვისაც. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პარლამენტმა მას მხარი უნდა დაუჭიროს:

“შენიშვნები და მათი ლოგიკა ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და ამოსავალი პრინციპი, როგორც ჩვენ გავეცანით, სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებაა. ამიტომ შეუძლებელია ამ მოსაზრებებს არ დაეთანხმო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა არსებითად უნდა განიხილოს ეს მოტივირებული შენიშვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ამ შენიშვნების გათვალისწინებით, კანონად აქციოს ‘მესამე ტალღა’“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამ შეხვედრას წინ უძღოდა პრეზიდენტის და პარლამენტის ვიცე-სპიკერებისა და ფრაქციების წარმომადგენელთა დისკუსია. უკვე ვეტოდადებულ კანონზე მსჯელობა და პოლემიკა, თავის მხრივ, არამართებულად და უსარგებლოდ მიიჩნია მმართველმა გუნდმა. მათ რიგებში გამოითქვა მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და არგუმენტები მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორმატში უნდა იქნეს განხილული. ეს ფორმატი, მათი შეფასებით, საპარლამენტო სივრცეა. თუმცა ამ სივრცეში მმართველი გუნდი, შენიშვნების გაზიარების ნაცვლად, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თანახმად, სავარაუდოდ, ვეტოს დაძლევას შეეცდება:

გვქონდა საუბარი, რომ ვეტოს ჰქონდეს თუნდაც პროცედურული წონა, რომ მისი დაძლევა არ იყოს ასე მარტივი და მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რათა ვეტოს უფრო მეტი სამართლებრივი და პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდეს...
რომან გოცირიძე

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კანონი მაქსიმალურად სწრაფად შესულიყო ძალაში, იმიტომ რომ იქ არის მნიშვნელოვანი ჩანაწერები. რაც შეეხება, ზოგადად, მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების არსს, არსი არის ის, რომ ან ხდება სრულად გათვალისწინება, ან ხდება სრულად უარყოფა. ამიტომ იმის შესაძლებლობა, რომ, მაგალითად, ნაწილობრივ გავითვალისწინოთ ან ნაწილობრივ არა, ამის შესაძლებლობა პარლამენტს არა აქვს. ვინაიდან არის იქ საკითხები, რომლებზეც, პრინციპში, შეიძლებოდა გაზიარება, მაგრამ ასევე არის საკითხები, რომლებზეც შედარებით რთული იქნება. ჩვენ, ალბათ, უფრო მეტად მოგვიწევს გადავლახოთ ვეტო, ვიდრე სრულად გავიზიაროთ წარმოდგენილი შენიშვნები“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე კი ფიქრობს, რომ, თავის მხრივ, ვეტოს დაძლევის პროცედურის გართულების საკითხი უნდა დადგეს პარლამენტის დღის წესრიგში:

“ვეტოს დაძლევა ძალიან მარტივია პარლამენტში. იმდენივე ხმა სჭირდება ვეტოს დაძლევას, რამდენიც კანონის მიღებას. გვქონდა საუბარი, რომ ვეტოს ჰქონდეს თუნდაც პროცედურული წონა, რომ მისი დაძლევა არ იყოს ასე მარტივი და მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რათა ვეტოს უფრო მეტი სამართლებრივი და პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდეს“.

საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ სახელით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო. მას მოგვიანებით პრეზიდენტის ვეტო მოჰყვა. პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG