Accessibility links

ბელარუსის კრიზისში სამოქმედოდ პუტინს არ მოეპოვება კარგი შესაძლებლობები


როცა 16 აგვისტოს საღამოს მთელი ბელარუსის მასშტაბით ასიათასობით ადამიანმა გამართა საპროტესტო აქციები ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩამოგდების მოწოდებებით, რუსეთის საგამოძიებო ჯგუფმა, Conflict Intelligence Team-მა საგანგაშო ინფორმაცია გამოაქვეყნა:

„(ჯერჯერობით) ძალიან სერიოზულად ნუ მოეკიდებით ამას,“ დაწერა ჯგუფმა ტვიტერში. „მაგრამ უნომრო სატვირთო მანქანების ორ კოლონას, რომლებიც რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმების/ეროვნული გვარდიის მანქანების იდენტურია, ბელარუსის საზღვრიდან 400 კილომეტრში გადაუღეს, როგორ მიემართებოდნენ სანქტ-პეტერბურგიდან სამხრეთისკენ.“

მოგვიანებით ეს განცხადება უკან წაიღეს - როგორც აღმოჩნდა, კოლონა ბელარუსის სადესანტო პოლკს ეკუთვნოდა. მაგრამ ამ ცნობაზე რეაქციებმა აჩვენა, რომ რუსეთის სავარაუდო სამხედრო მოქმედებებმა, როგორც ჩანს, გააძლიერა სხვა რეგიონული კრიზისების მაგალითით გამოწვეული ფართოდ გავრცელებული შიში: რომ მოსკოვი მზად არის, ძალა გამოიყენოს პრორუსული ორიენტაციის ლიდერის დასახმარებლად.

ამ სპეკულაციების ფონზე ბევრს მოჰყავდა პარალელები 2014 წელს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან, როცა სადავო რეფერენდუმმა გზა გაუხსნა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების სამხედრო დახმარებას. ტვიტერში გავრცელებულმა ფოტოებმა უკრაინის ანალოგიური სცენები გაახსენა ხალხს.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს, როგორც ტრადიციულ მოკავშირეს, დიდი მნიშვნელობა აქვს ბელარუსისთვის, რომლის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის მოსკოვი უზარმაზარ როლს თამაშობს, ანალიტიკოსთაგან ცოტა თუ მოელის, რომ კრემლი უკრაინის სცენარს გაიმეორებს. რუსეთს ბევრს ვერ მოუტანს მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობაში ლუკაშენკასთვის დახმარების აღმოჩენა.

„ინვესტირება ძალის გამოყენებაში მეგობრულად განწყობილი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელსაც ეს არ სურს, შესაძლოა ზედმეტად სარისკო იყოს პუტინისთვის,“ უთხრა რადიო თავისუფლებას მოსკოვის კარნეგის ცენტრის მკვლევარმა ალექსანდრ ბაუნოვმა.

ბელარუსი: ცოცხალი ჯაჭვი და პროტესტი გრძელდება
please wait

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00

უკრაინისგან განსხვავებით, ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ იკვებება ანტირუსული განწყობებით. რუსეთი თუკი ძალის გამოყენებით შეეცდება ვითარების შეცვლას, შესაძლოა თავის საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდეს ბელარუსელების დამოკიდებულება.

„ეს შეცვლიდა მოსახლეობის განწყობილებას,“ ამბობს ბაუნოვი რუსეთის შესაძლო სამხედრო ჩარევაზე. „ეს უარესი იქნებოდა, ვიდრე ლუკაშენკა, ვინაიდან ლუკაშენკა ადგილობრივი მაინც არის.“

მაგრამ რუსეთი ვერც იმის უფლებას მისცემს თავს, რომ გულხელდაკრეფილმა უყუროს მეზობელ ქვეყანაში მოვლენების განვითარებს. 15 აგვისტოს, როცა სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, ლუკაშენკამ ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოუცხადა, რომ პუტინს დაურეკავს. მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობა, რომელიც უცხო მთავრობების მიერ იმართება, სახიფათოა „არა მხოლოდ ბელარუსისთვის“, არამედ რუსეთისთვისაც.

კრემლისა და ლუკაშენკას მთავრობის ანგარიშების თანახმად, კვირის ბოლოს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ორი სატელეფონო საუბარი შედგა. მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვს 16 აგვისტოს მეორე საუბარმა უბიძგა, ეხსენებინა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულება - თავდაცვითი ბლოკი შიგ შემავალი ექვსი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთი, რომლებმაც ვალდებულება იკისრეს, ერთმანეთს დაეხმარონ უცხოური თავდასხმის შემთხვევაში.

ერთობ დიპლომატიურ ენაზე ჩამოყალიბებულ განცხადებაში, რომელიც კრემლმა 16 აგვისტოს გააკეთა, ნახსენები იყო მხოლოდ „მზადყოფნა, საჭირო დახმარება იქნეს გაწეული ბელარუსის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრაში.“ განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები ბელარუსის პრეზიდენტის გვარი.

როგორც მინსკელი პოლიტოლოგი არტიომ შრაიბმანი ამბობს, მოსკოვი ყველა თავის განცხადებაში აშკარად მიანიშნებს, რომ სამხედრო ძალით ის ჩაერევა მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, „უცხოური აგრესიის“ შემთხვევაში - მიუხედავად ლუკაშენკას განცხადებისა, რომ მოსკოვი „პირველივე დაძახებისას“ გაგზავნის დახმარებას. ხოლო ის, რომ ლუკაშენკას გვარით არ ასახელებენ, მიანიშნებს, რამდენად დაეცა მისი პოპულარობა.

„იმისთვის, რომ მოსკოვმა წაგებულ მხარეს აღმოუჩინოს დახმარება, ძალიან დიდი ძალები გახდებოდა საჭირო. ეს იქნებოდა უზარმაზარი საოკუპაციო არმია... არ მგონია, კრემლი მზად იყოს ამისთვის.“
ანალიტიკოსი არტიომ შრაიბმანი

„იმისთვის, რომ მოსკოვმა წაგებულ მხარეს აღმოუჩინოს დახმარება, ძალიან დიდი ძალები იქნებოდა საჭირო,“ განუცხადა შრაიბმანმა რუსეთის დამოუკიდებელ ტელეარხ „დოჟდს“. „ეს იქნებოდა უზარმაზარი საოკუპაციო არმია, რომელსაც პარტიზანულ ბრძოლებში მონაწილეობა მოუხდებოდა. არ მგონია, კრემლი მზად იყოს ამისთვის.“

როგორც ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, კრემლის ოფიციალურ განცხადებებში არავითარი ხსენება არაა რაიმე კონკრეტული დაპირებისა, რომ ის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს გასაჭირში მყოფ ლუკაშენკას.

„მათ უბრალოდ აღიარეს, რომ არის გარკვეული პრობლემები და რომ რუსეთმა უწყის იმის შესახებ, თუ რა ხდება და რომ ის დიალოგის ერთგულია,“ განაცხადა სატელეფონო ინტერვიუში მოსკოველმა პოლიტოლოგმა ეკატერინა შულმანმა.

„ყოველივე ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ პოლიტიკურ რეჟიმს და, ცხადია, ბელარუსის ნებისმიერ პრეზიდენტს.“

სამხედრო ჩარევა, როგორც ლუკაშენკას პოსტზე შენარჩუნების ერთადერთი საშუალება, მოსკოვისთვის ბევრ თავსატკივარს ნიშნავს. ამიტომ, როგორც ჩანს, ის არჩევანს იტოვებს სხვადასხვა ვარიანტს შორის, მათ შორის - სხვა, ოპოზიციისთვის სასურველი კანდიდატით ლუკაშენკას შეცვლისთვისაც.

ბელარუსში ხელისუფლების შეცვლის ალბათობის ზრდასთან ერთად მოსკოვი, სავარაუდოდ, დასავლეთთან კულისებს მიღმა დიალოგს დაიწყებს ქვეყნის მომავლის შესახებ, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად გაუწიოს მეთვალყურეობა გარდამავალ პერიოდს და ამ პროცესში საკუთარი ინტერესები დაიცვას.

„ჩემი აზრით, რუსეთი ჩათვლის, რომ ერთ-ერთი ან მთავარი მედიატორის ფუნქცია უნდა შეასრულოს,“ ფიქრობს შულმანი. „მაგრამ არა მგონია, რომ ის ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს პირადად ლუკაშენკას.“

სავარაუდოა, რომ ბოლოს და ბოლოს პრაგმატიზმი გადაწონის კრემლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დერეფნებში. პუტინისთვის, რომელმაც 20-წლიანი მმართველობის პერიოდში არაერთი საპროტესტო მოძრაობა ჩაახშო და არაერთხელ გამოსულა დასავლეთის მხარდაჭერით განხორციელებული რევოლუციების წინააღმდეგ, ანათემას წარმოადგენს კადრები პოზიციაშერყეული მმართველისა, რომელსაც ყოველი მხრიდან

აკრიტიკებენ.

უკაშენკა ჯერჯერობით ინარჩუნებს პოზიციებს და რუსეთი ყურადღებით აკვირდება, როგორ გაართმევს ის თავს შემდგომი დღეების გამოწვევებს. მოსკოვი ამის მიხედვით გამოიტანს დასკვნებს და შესაბამისად იმოქმედებს.

„არ არის მართალი, რომ რუსეთი მხარს უჭერს ყოველ ავტოკრატს, ვისაც კი მხარდაჭერა ესაჭიროება,“ ამბობს შულმანი. „მაგრამ ის, რაც რუსეთს არ სურს, რომ მოხდეს, არის არსებული ხელისუფლების პირდაპირი ჩამოგდება ამბოხებული მასების მიერ. ეს ცუდი მაგალითი იქნებოდა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG