Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში გამწვანების საჭიროებაზე ლაპარაკობენ


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისში არსებული 100-მდე სკვერიდან ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ რამდენიმე ათეულის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. როგორც მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილებაში განმარტავენ, მწვანე საფარის მოწესრიგებისთვის, მათ შორის ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირებისთვის, შეწამვლისა და განახლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 700 ათასი ლარი იხარჯება და სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ქალაქსერვისი“ ახორციელებს. მწვანე საფარს ქუთაისში, დაახლოებით, 220 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი უჭირავს, ქალაქის ტერიტორია კი 7 ათასი ჰექტარია.

გადმოწერა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრის“ - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის - ხელმძღვანელი, ეკოლოგი ქეთევან ცხაკაია მიიჩნევს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარი არათანაბრადაა გადანაწილებული და აუცილებელია იმ გარეუბნების გამწვანება, სადაც მრავალბინიანი კორპუსებია და ბევრი ადამიანი ცხოვრობს.

ეკოლოგ ქეთევან ცხაკაიას აზრით, ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე, სადაც ავტოტრანსპორტი ინტენსიურად მოძრაობს, ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი მწვანე საფარის სიმცირითაა გამოწვეული. ქეთევან ცხაკაია მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად პრობლემის მოსაგვარებლად პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება. ეკოლოგი ფიქრობს, რომ მწვანე სივრცეების გასაზრდელად აუცილებელია შემუშავდეს გამწვანების გეგმა. თვითმმართველობის როლზე ლაპარაკობენ და სპეციალურ გეგმას მიიჩნევენ საჭიროდ რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტებიც. მათი თქმით, ქალაქში არსებული მწვანე საფარი მეტ-ნაკლებად მოვლილია, ოღონდ აუცილებელია შეიცვალოს მოქალაქეების დამოკიდებულება ნარგავების მიმართ.

ქალაქში არსებული მწვანე საფარი, დაახლოებით, 70 წლის წინ გაშენდა და იგი განახლებას საჭიროებს, რისთვისაც მერია სეზონურად ტენდერს ატარებს, განმარტავს მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ბურჯალიანი. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ახლად აშენებული ორი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე 60 ძირი ვერცხლისფერი ნაძვი დაირგო, გარეუბნებში კი, მწვანე სივრცეების გაზრდის მიზნით, რამდენიმე ახალ სკვერს აკეთებენ, რამდენიმეს კი აახლებენ.

ნატო ბურჯალიანის თქმით, ამჟამად ქალაქში არსებული მწვანე საფარის ინვენტარიზაცია და პროექტების მიხედვით ხე-მცენარეების ჩანაცვლება-განახლება მიმდინარეობს. მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელისავე განცხადებით, განყოფილება მონიტორინგს უწევს იმ სკვერების მოვლა-პატრონობის პროცესსაც, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ხანგრძლივი ვადით გაიცა იჯარით. ბოლო წლების განმავლობაში 25-მდე სკვერში კაპიტალური თუ მსუბუქი კონსტრუქციის შენობების მშენებლობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის პროტესტის საგანი, თუმცა მერია პასუხად ყოველთვის ირწმუნება რომ მშენებლობა მწვანე საფარის ხარჯზე არ მიმდინარეობს და ნებართვა კანონის დაცვითაა გაცემული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG