Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახაბერ სუხიტაშვილი: „თელავში მწვანე ზოლების რაოდენობა იკლებს“


თელავი
თელავი

თელავში მწვანე საფარის ნკალებობაზეა ლაპარაკი. გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ქალაქის გამწვანებისთვის მოწყობილი ერთჯერადი აქციები მხოლოს პიარს ემსახურება, თელავის მერი კი ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე საუბრობს, რომელიც მწვანე საფარის აღდგენას, მოვლას და პატრონობას ითვალისწინებს.

2012 წლის ზაფხულის სტიქიის კვალი თელავს ამ დრომდე ეტყობა. მაშინ სტიქიამ,მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების გარდა, ქალაქში ასეულობით წიწვოვანი ჯიშის ხე გაანაგდურა. თელავის შემოგარენში და ე. წ. გიგოს გორაზე გამხმარი ხეები ამ დრომდე დგას. როგორც თელავში მცხოვრები მაკა მოსიაშვილი გვეუბნება, გიგოს გორას ადგილობრივები „თელავის ფილტვებსაც“ კი ეძახდნენ. მაკა ახლა წუხილით ამბობს, რომ „არც გამხმარი ხეები მოჭრილა და არც ახალი ნერგები დარგულა“. მაკა მოსიაშვილი გველაპარაკება თელავში გაშენებული სხვა სკვერების შესახებაც, სადაც, მისივე თქმით, „ხეებზე არავინ ზრუნავს“.

„თბილისთან შედარებით, თელავში გამწვანების კუთხით უკეთესი მდგომარეობაა“,-ამბობს კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახაბერ სუხიტაშვილი, მაგრამ ის, ამავე დროს, სხვა პრობლემაზე მიუთითებს. კახას თქმით, თელავში მწვანე საფარის განახლება, ფაქტობრივად, არ ხდება.სუხიტაშვილს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ერთჯერადად მოწყობილი გამწვანების აქციები არაეფექტურია და მხოლოდ კონკრეტული უწყების პიარს ემსახურება.

თვითმმართველი ქალაქის, თელავის, მერი ამბობს, რომ თელავში მწვანე საფარის მხრივ, ზოგადად, კარგი მდგომარეობაა, თუმცა ამ თემაზე დეტალური საუბრის დროს პრობლემებსაც ასახელებს. პლატონ კალმახელიძე ამბობს, რომ ე.წ. გიგოს გორაზე ნარგავების განადგურების მიზეზი სტიქიასთან ერთად მცენარის სხვადასხვა დაავადებაც იყო. რაც შეეხება გამწვანების აქციებს და შემდეგ მოუვლელობით გამხმარ ნერგებს, ამასაც პრობლემად მიიჩნევს. თელავის მერი ირწმუნება, რომ ამჟამად, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობენ, რომელიც მის მიერვე დასახელებული პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს.

კახეთის მუნიციპალიტეტებში გამწვანების კუთხით არსებული პრობლემები თითქმის ყველგან იდენტურია. თვითმმართველობების მიერ ერთჯერადი სახით მოწყობილი აქციების დროს დარგული ნერგები უწყლობისგან ნადგურდება. პრობლემა კიდევ უფრო შეასამჩნევია სოფლებში, სადაცქუჩებში ახალი ნერგები არ ირგვება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG