Accessibility links

(“მძევლების” პრემიერის შთაბეჭდილებები)

ვისაც არისტოტელეს “პოეტიკის” პირველი ნაწილი წაუკითხავს (დაკარგული მეორე ნაწილი იხ. უმბერტო ეკოს რომანში “ვარდის სახელი”), მას შესანიშნავად მოეხსენება, რომ ანტიკურ ტრაგედიებს ესთეტიკურის გარდა კათარტული ფუნქცია ჰქონდათ - ათენელი მაყურებელი ერთგვარი კათარსისის (κάθαρσις - განწმენდის) პროცესს გადიოდა “ორესტეის”, “ოიდიპოსის” ან “ანტიგონეს” ყურების დროს.

როლან ბარტი ამგვარად “აზუსტებს” არისტოტელეს განმარტებას: მისი აზრით, მაყურებელი ფიზიკურად განიცდიდა კათარსისის პროცესს, ის სხეულით (და არა ინტელექტით) რეაგირებდა ტრაგედიებზე - ხმამაღლა იცხადებდა, შეუკავებლად ტიროდა და ბრაზიანად გოდებდა, როცა შვილები უნდა მოეკლა მედეას ანდა როცა ოიდიპოსი დედა-ცოლ იოკასტეს გვამთან ითხრიდა თვალებს.

ბარტისთვის არისტოტელესეული კათარსისის ცნება ფიზიკური და ნევროტული მდგომარეობაა, რაც ემოციების შიშვლად გამოხატვაში ვლინდებოდა: მაყურებელი ფიზიკურად ერთვებოდა ტრაგედიაში.

წარმოიდგინეთ ჩვიდმეტი ათასი ათენელი მაყურებელი (ათენის თეატრში სწორედ ჩვიდმეტი ათასი ადამიანი ეტეოდა), რომელიც ხმამაღლა გამოხატავს თავის შიშებს და წუხილს, ხელებს იქნევს და მოურიდებლად ტირის. დავაზუსტოთ: ტირის ჩვიდმეტი ათასი მამაკაცი, რადგან ქალებს თეატრში სიარულის უფლება არ ჰქონდათ. სცენაზე (ისევე, როგორც შექსპირის დროს) კაცები ასრულებდნენ ქალ გმირებს (სახეებზე ნიღბებით), ხოლო მაყურებელი კაცები შინ მისვლის შემდეგ უყვებოდნენ თავიანთ ცოლებს, როგორ წარმოადგინა, ვთქვათ, ვინმე ევრიპიდემ “ელექტრას” მორიგი ვერსია…

თითქოს შორიდან დავიწყე, მაგრამ მგონი ძალიანაც არა, რადგან ბერლინის წლევანდელ ფესტივალზე ყოფნის დროს (მოგეხსენებათ, ყველა ფესტივალი ძველბერძნული დიდი დიონისიების შთამომავალია) კათარზისის პროცესის ბარტისეული ინტერპრეტაციის მოწმე შევიქენი:

ჩვენი ფილმის, “მძევლების” დასასრულისკენ ბერლინის Zoo-Palast-ის ვეებერთელა დარბაზში, სადაც ნემსს ვერ ჩააგდებდი ხალხის სიმრავლის გამო, ჯერ ალაგ-ალაგ, მერე კი მძლავრად, არცთუ შეკავებულად გაისმა ტირილის ხმა.

ცხადია, უმეტესად ქართველები ტიროდნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, მრავლად ცხოვრობენ ბერლინში ან სწორედ ბერლინალეს მიზეზით ჩასულიყვნენ გერმანიის დედაქალაქში (და არა მხოლოდ ბერლინალეს მიზეზით, რადგან ერთ-ერთ საფესტივალო კაფეში ძველ ქართველ ჩინოვნიკს და მარადიულად წარმატებულ ბიზნესმენს შევეფეთე და როცა მისი შეხვედრით დაბნეულმა ვკითხე, ბერლინალეზე ხომ არ ხართ-მეთქი, ჩემი შეკითხვით გაკვირვებულმა მომიგო - არა, მე უწმინდესის ოპერაციაზე ვარო).

პრემიერაზე დარბაზის ერთი მესამედი ტიროდა, ხოლო დანარჩენები ან მდუმარედ, ან კი ინტელექტუალურად გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს - რაღაცნაირი თანაგრძნობით აღსავსე სიცილით, როცა ჩვენი კინო-გმირების ტრაგიკული და უიმედო ინფანტილიზმის მოწმენი ხდებოდნენ: აი, ვთქვათ, როცა დაჭრილი გამტაცებელი დაცხრილული თვითმფრინავიდან მოსალაპარაკებლად გასულ მეგობარ გოგოს ავალებს, თუ რა უნდა მოსთხოვოს საბჭოთა კაგებეს: “უთხარი, ახალი თვითმფრინავი მოგცენ”. კი, თან გადაყვებოდნენ...

ქართველი მაყურებლის უმრავლესობას სიტუაციის ტრაგიკული ირონიულობა არ შეუნიშნავს და, ბუნებრივია, ვერც შენიშნავდა, რადგან ისტორიული კონტექსტის არმცოდნე უცხოელი მაყურებლისგან განსხვავებით, ის წინასწარი განწყობით აღიქვამს “თვითმფრინავის ამბის” ნებისმიერ ახლებურ ინტერპრეტაციას, ეს წინასწარი განწყობა კი ან უაღრესად დრამატულია (რაც ლოგიკურია თემიდან გამომდინარე), ან წინასწარ სკეპტიკური (რაც ასევე ლოგიკურია თემის თითქოსდა მოსაბეზრებელი პოპულარობის გამო), ანდა მითოლოგიზებულ-რომანტიზებული (რაც, უპირველეს ყოვლისა, მხატვრული ლიტერატურის და მედიის დამსახურებაა).

პირველი განწყობა გულისხმობს, რომ, გინდა თუ არ გინდა, ამ თემამ უნდა აგაღელვოს და, სავარაუდოდ, აგატიროს კიდეც, და მართლაც ისე აგატიროს, რომ პრინციპში სულაც არ გინდოდეს ტირილი, და არც ის იცოდე, ზუსტად რა გატირებს: დახვრეტილი და გამქრალი “თვითმფრინავის ბიჭები”, მათი ფსიქოლოგიურად და მორალურად გატანჯული მშობლები, გაუბედურებული და მძევლად აყვანილი მგზავრები, შენი ქვეყნის ბედი თუ უბედობა, თუ ყველაფერი ერთად?!

მეორე განწყობა - სკეფსისი - ზოგადად ამ თემით დაღლილობითაა გამოწვეული (გეგონება ზუსტად ვიცოდეთ, რა და როგორ მოხდა 1983 წლის 18 ნოემბერს, და ან მანამდე ან მერე), ასეთებს “თვითმფრინავის ბიჭების” მხატვრული ინტერპრეტაციების ლირიკული კიტჩურობა და მონაწილეთა ჰეროიზაცია აღიზიანებთ.

ერთმა ასეთმა სკეპტიკოსმა, რომელსაც შესაძლოა ლოკალური სნობის ეპითეტი მოვარგოთ, კინოჩვენების შემდეგ მეტადრე უცნაურად ჩამომიყალიბა თავისი შთაბეჭდილება: “არ მომეწონა, მაგრამ მთელი ფილმი ვტიროდი”. სწორედ აქ გამახსენდა ბარტისეული განმარტება კათარსისის მოდელის ფიზიკური გამოვლინების შესახებ, რადგან ამ მაყურებელმა ტვინით და პრინციპებით (რაციონალურად) ზუსტად იცოდა, რომ რასაც უყურებდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოსწონებოდა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, სხეულმა “უღალატა” და ნერვებით და ემოციით (და არა გონებით) ჩაერთო პროცესში. თუმცა, სავარაუდოდ, მალევე “გამოფხიზლდა” და თავისი სენტიმენტალიზმი ობიექტური კრიტიკული განწყობისთვის შეუფერებელ ეპიზოდად ჩათვალა.

მესამე განწყობა - თემის მითოლოგიზება და რომანტიზება - ამ ამბის ლიტერატურულ-თეატრალური ინტერპრეტაციების და ქართულ ისტორიაში გაბნეული ჭორების შედეგია. არსებობს “თვითმფრინავის ბიჭების” ნამდვილი ამბავი - დაკითხვების არქივით (ასეულობით გვერდი, რომელიც, იმედია, ოდესმე გამოქვეყნდება), ფოტო-მასალით, ცოცხალი მოწმეებით, მონაწილეებით და ა. შ. და აქვე, პარალელურად არსებობს ამ ისტორიის თავისთავად საინტერესო, უაღრესად პოპულარული მითოლოგიურ-მხატვრული ვერსია, სადაც, ვთქვათ, საბჭოთა გამომძიებელსა და “თვითმფრინავის ბიჭების” მეგობარ, საკულტო არტ-მოვლენას შორის ისტორიულად სრულიად არადამაჯერებელი, მაგრამ ქართული ლიტერატურისთვის რეალობად ქცეული დიალოგი იმართება: “ - რომ ვერ გაფრინდეთ? - მაშინ ზღვას გადავცურავ.” ანდა როგორ იბარებს ცეკას N-მდივანი ძმების მამას და ეუბნება, რომ რომელიმე ერთი შვილი აირჩიოს, რადგან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა დახვრიტონ.

ცხადია, პირველი დიალოგიც მხატვრული ფანტაზიის ნაყოფია და არც მეორეს დამადასტურებელი ფაქტი მოიძიება სადმე, მაგრამ ის, ვინც ამ ესთეტიკური არქეტიპებით არის დახუნძლული, აუცილებლად ელის, რომ იქ, სადაც “თვითმფრინავის” ამბავს მოჰყვებიან, იქვე “სისხლიანი ტყვიების” და “ძმების არჩევის” გამოგონილი დილემაც უნდა ახსენონ.

მხატვრულ ინტერპრეტაციებს რომ უზომოდ დიდი გავლენა აქვთ, ამაში ჯერ კიდევ სცენარზე მუშაობის დროს დავრწმუნდი, როცა მე და რეჟისორი მთავარი გმირების პროტოტიპების ინტონაციებს, ლაპარაკის მანერას, ტერმინებს და სხვა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო მახასიათებლებს ვეძებდით. ვინც მათ იცნობდა, თითქმის ყველას ვეკითხებოდით, როგორ მეტყველებდნენ, როგორ იცვამდნენ, როგორ მოძრაობდნენ, როგორ ხუმრობდნენ და აი, ერთ კაცსაც ვკითხეთ, რომელსაც თურმე ჩვენი მთავარი გმირის პროტოტიპთან ერთად ემუშავა ფილმზე შორეულ ოთხმოციანებში. ისინი, თურმე, ერთად ყოფილან ბათუმში და, მისი თქმით, თითქმის ყოველდღე უხდებოდათ ერთმანეთთან შეხვედრა. ჰოდა ჩვენს ტრადიციულ შეკითხვაზე - როგორი იყო, ან რა თვისება დაამახსოვრდა ყველაზე მეტად, ჩვენმა “რესპონდენტმა” ასე გვიპასუხა:

- იცი, რას შვებოდა, ყოველღამე ზღვასთან იჯდა და ცას უყურებდა…

ჰო, რასაკვირველია, იმან, ვინც თვითმფრინავს გაიტაცებს, მანამდე ნებისმიერ შემთხვევაში ცას უნდა უყუროს, რა გამოცნობა ამას უნდოდა?!

მაგრამ აქ არა იმდენად “რესპონდენტის” “მოგონება”, არამედ სწორედ მხატვრული სინამდვილის ეფექტია მნიშვნელოვანი, რადგან ეს ეპიზოდი - თუ როგორ უყურებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ზღვის პირას მჯდომი ერთ-ერთი “თვითმფრინავის ბიჭი” - კონკრეტული ტექსტის მხატვრული სახეა, შესაბამისად, ტექსტმა ჩვენს რესპონდენტს მეხსიერებიდან განუდევნა მისივე ემპირიული მოგონება და რეალობა მხატვრული ვერსიით ჩაუნაცვლა”: ჩვენმა რესპონდენტმა ის კი არ გაიხსენა, როგორი იყო ცოცხალი გ. კ. ბათუმში, არამედ ისეთი, როგორიც ის მხატვრულ ვერსიაშია აღწერილი. ერთი ესღაა საინტერესო, ის, რაც გაიხსენა, მართლაც “თავისი” მოგონება ეგონა, თუ სუბიექტურობის მოერიდა და გამოცდილ სახეხატებას (იმიჯს) ენდო?

ვიდრე სცენარის წერას შევუდგებოდით, ყველაზე დიდი დრო სწორედ მითისა და რეალობის განცალკევებაზე დაგვეხარჯა, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია.

დასაწყისში ტყუილად არ მიხსენებია ძველი ბერძნული ტრაგედია, რადგან თუკი ვინმეს ან რამეს გვანან ეს გმირები, სწორედ ანტიკური დრამის ფსიქოლოგიურად და ბედისწერით მრავალგვაროვან პერსონაჟებს, რადგან თვითმფრინავის გატაცების ტრაგედიის მთავარი მონაწილეებისათვის ზუსტად ისევე რთულია განაჩენის გამოტანა და მათი გმირებად ან ანტი-გმირებად მოხსენიება, როგორც ძველბერძნული ტრაგედიების გმირებისთვის, რომელთა შესახებაც, ცხადია, ვერავინ იტყვის ხელაღებით, რომ რომელიმე ორესტე ან თუნდაც მედეა დამნაშავეა ან უდანაშაულო.

რთულია რაიმენაირი მორალური სქემა მოარგო “თვითმფრინავის” ფატალურ ახალგაზრდებს და შესაძლოა სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომაც გვიზიდავს ეს შვიდი ადამიანი თითქმის ოთხი ათეული წლის გასვლის შემდეგ: ვინ იყვნენ? რა უნდოდათ? რატომ ჩაიდინეს ის, რაც ჩაიდინეს?

არა მგონია, ჩვენი ფილმი პასუხს იძლეოდეს ამ შეკითხვებზე, მაგრამ რა-რა და, ის კი ნამდვილად დაგვიდასტურა კაცობრიობის ისტორიამ, რომ მართებულად დასმულ შეკითხვებს ოდესმე აუცილებლად მოეძებნება პასუხი.

ყოველ შემთხვევაში, ბერლინში ჩვენ ვნახეთ გმირები, რომელთაც რაღაც ისეთი ჩაიდინეს, რისი მნიშვნელობაც და ტრაგიზმიც სწორედ ჩადენის პროცესში იქნა გაცნობიერებული (სწორედ ასე გვითხრა ამ ისტორიის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, რაც შემდეგ პერსონაჟების ქცევის ინტერპრეტაციის გასაღებად იქცა რეჟისორისთვის: “რას ვაკეთებდით, ამას რეალურად იქ მივხვდით - თვითმფრინავში”), რაღაც ისეთი ჩაიდინეს თავიანთი პრაგმატულ-ინფანტილური ბუნების და უცნაური, პერფორმატული თავდაჯერებულობის გამო, რამაც წამებში შეცვალა მათი და კიდევ უამრავი ადამიანის ბედისწერა, და, რაც მთავარია, ამოუხსნელ და მიმზიდველ ენიგმად იქცა უკვე არაერთი თაობისათვის.

მათზე ამბობდნენ: “რა აკლდათ? რა უნდოდათ? ყველაფერი ჰქონდათ!”

სხვაგან არ ვიცი და ჩვენს ფილმში მათ მართლაც ბევრი არაფერი აკლიათ, თუკი არ ჩავთვლით ერთ უმნიშვნელო, მაგრამ საგრძნობ ფენომენს - თავისუფლებას, ამ სიტყვის ყველაზე არაკიტჩური და პოსტმოდერნისტული მნიშვნელობით…

თუმცა ეს უკვე პასუხის გაცემის მცდელობას ჰგავს, პასუხები კი ახლა თავგზას აგვიბნევს, ამიტომ მოდით ამ ეტაპზე მხოლოდ შეკითხვებით და პირველი შთაბეჭდილებებით დავკმაყოფილდეთ. დანარჩენზე - მოგვიანებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG