Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ემუქრება მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში?


მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია თბილისში
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია თბილისში

დემირელის სახელობის კოლეჯის მმართველის, ამჟამად წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახი შველას ითხოვს და, ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს. ჩაბუქის ოჯახის ადვოკატი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიჩნევს ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, დაკავებულს უარი ეთქვას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, და სახიფათოდ მიიჩნევს მის ექსტრადირებას თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მას ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ადვოკატი ამბობს, რომ თუკი პროცესში არ ჩაერევა საერთაშორისო თანამეგობრობა, მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელის. ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება სახიფათო და დაუშვებელია არასამთავრობო სექტორის აზრითაც.

ლტოლვილთა სამინისტროს 7 ივლისის გადაწყვეტილებას, მუსტაფა ემრე ჩაბუქს უარი ეთქვას თავშესაფრის მიცემაზე, „უკანონობად“ მიიჩნევს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი და კატეგორიულად არ იზიარებს უწყების მიერ დასახელებულ განმარტებებს, თითქოს დაკავებულს თურქეთში არ ემუქრებოდეს პოლიტიკური დევნა და იქაურ ციხეებში დაცული იყოს ადამიანის უფლებები. 10 ივლისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე სოსო ბარათაშვილმა ახსენა „ამნესტი ინტერნეშნლის“, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის, „ჰიუმან რაიტს უოჩისა“ თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავედ კრიტიკული ანგარიშები თურქეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით; მან ასევე ხაზი გაუსვა ჩაბუქის ოჯახის მისამართით წამოსულ მუქარას და დარწმუნებით განაცხადა, რომ, თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამიზნე გახდება. ადვოკატი შიშობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უჭირს უარის თქმა თურქეთის მოთხოვნაზე და რომ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს საერთაშორისო თანამეგობრობა:

„ამიტომ უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი: ურჩევნია შეინარჩუნოს ღირსება, თუ ურჩევნია, რომ იყოს ღირსებააყრილი. როგორც ჩანს, ჩვენი სახელმწიფო, სამწუხაროდ, არ არის ჯერ იმ მასშტაბით გაძლიერებული, რომ სათანადოდ დასაბუთებული, სამართლებრივი პასუხი გასცეს ამგვარ უკანონო მოთხოვნებს. ამიტომ არის აუცილებელი ამ საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, სხვა სახელმწიფოების დახმარება, სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის მკაფიო გამოხატვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღმოვჩნდებით სრულიად კატასტროფულ ვითარებაში“.

დემირელის კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც ბოლო 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე 24 მაისს დააკავეს. ანკარა მას ბრალად სდებს ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის, „ტერორისტული ორგანიზაციის“ საქმიანობის მხარდაჭერას. 2016 წლის ზაფხულში ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში სწორედ ფეტულა გიულენის თანამოაზრეობის ბრალდებით დააკავეს ათასობით ადამიანი.

7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, როდესაც ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის არმინიჭების საფუძველს განმარტავდა, ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ სამინისტრომ, სხვათა შორის, მხედველობაში მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქართული მხარისათვის წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიებიც კონკრეტულად ჩაბუქთან დაკავშირებით და რომ ეს გარანტიები მტკიცეა:

„საელჩო წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც სახელმწიფო იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, ეს, უკაცრავად, მაგრამ არ არის თამაში. ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ეს გარანტიები და ამის მონიტორინგი ჩვენ, ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და საკონსულოს შეუძლია მუდმივ რეჟიმში, თუკი განხორციელდება ექსტრადიცია, მაგრამ ეს სხვა პროცესია“.

სამართლებრივად სხვადასხვა პროცედურაა, მაგრამ თუნდაც ის განმარტება, რომ სახელმწიფომ მიიღო გარკვეული დიპლომატიური გარანტიები ჩაბუქთან დაკავშირებით, ეს მსჯელობა შეიძლება ჩავთვალოთ იმის წინაპირობად, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს, იმიტომ რომ ჩაბუქის გადაცემას აპირებს...
თეო ზაქარაშვილი

თურქეთში მიმდინარე რეპრესიული პროცესების გათვალისწინებით, გარანტიებზე ლაპარაკი არადამაჯერებლად ეჩვენება მესამე სექტორს, რომლის წარმომადგენლებმაც მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გამოაქვეყნეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი თეო ზაქარაშვილი ჩვენთან საუბრისას იხსენებს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციებს და ასევე ევროპარლამენტის მიერ 6 ივლისს დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელშიც თურქეთში (მათ შორის - საპატიმროებში) არსებული მდგომარეობა ძალიან მუქ ფერებშია დახატული, და ვარაუდობს, რომ, თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, დიდი ალბათობით, გახდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამიზნე. მართალია, ლტოლვილის სტატუსის არმინიჭება და ექსტრადირება ერთმანეთისგან განსხვავებული პროცედურებია, მაგრამ სიტყვა გარანტიის ხსენება გარკვეულ ეჭვებს იწვევს:

„სამართლებრივად სხვადასხვა პროცედურაა, მაგრამ თუნდაც ის განმარტება, რომ სახელმწიფომ მიიღო გარკვეული დიპლომატიური გარანტიები ჩაბუქთან დაკავშირებით, ეს მსჯელობა შეიძლება ჩავთვალოთ იმის წინაპირობად, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს, იმიტომ რომ ჩაბუქის გადაცემას აპირებს... თუმცა იმედი გვაქვს, რომ წინ კიდევ სხვა სტრუქტურული ერთეულებია, იგივე სამინისტრო, სასამართლო, წინ სხვა პროცედურებია და იმედი გვაქვს, რომ ეს ერთეულები, ეს სტრუქტურები იმუშავებენ იმგვარად, რომ არ მოხდეს ჩაბუქის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და საქართველოს გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყოს ადამიანის ძირითად უფლებებთან და იმ სტანდარტებთან, რომლებიც ამ ნაწილში არის“.

ვიდრე იუსტიციის სამინისტრო ექსტრადირებისთვის საკითხის განხილვას შეუდგება, ადვოკატებს აქვთ უფლება ლტოლვილის სტატუსის არმინიჭების გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად მიმართონ ჯერ ადგილობრივ სასამართლოს, ხოლო შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოსაც. ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმება და ის მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, მესამე სექტორსა და საერთაშორისო სტრუქტურებს კონტროლზე აიყვანონ ეს საქმე და აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში სასამართლოს მეგობრის სტატუსით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG