Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება „ელიავას“ ნახანძრალზე


"ელიავას ბაზრობა" ხანძრის შემდეგ
"ელიავას ბაზრობა" ხანძრის შემდეგ

2 ივლისს ე.წ. „ელიავას ბაზრობაზე“ გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა სავაჭრო ობიექტის ოთხიდან ორ სექტორში მდებარე ავტონაწილების, საბურავებისა და საღებავების მაღაზიები. ცეცხლი 2 ათას 500 კვადრატულ მეტრზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მძვინვარებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი. სამინისტროსავე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რა ხდება „ელიავას“ ნახანძრალზე
please wait

No media source currently available

0:00 0:05:18 0:00
გადმოწერა

3 ივლისს „ელიავას ბაზრობის“ ის ნაწილი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისა და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ იყო შემოსაზღვრული. გამომძიებლებმა დაკითხეს ბაზრობის დირექტორი გოჩა ხეცურიანი:

„მე დავიკითხე, როგორც დირექტორი, და ეს დაკითხვა ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა: ვის ეკუთვნოდა, რამდენი კვადრატია, რომელ საათზე იღება და იკეტება და ა.შ. კონკრეტული შეკითხვა გაუმართაობასთან დაკავშირებით არ დაუსვამთ. დენი ითიშება, რაც დაცვის სამსახურთან შეთანმხებით ხდება ხოლმე. იყო თუ არა იმ დღეს გამორთული, არ ვიცი, ამ საკითხზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები იყვნენ შესაბამის ორგანოებში მისული და ჩვენებაც მისცეს, როგორც მოწმეებმა“.

რა ხდება „ელიავას“ ნახანძრალზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:07 0:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დროს ითხოვენ, მანამდე კი ბაზრობაზე მისული დაზარალებულები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ. მათი ნაწილი მეხანძრეებს უმოქმედობის გამო აკრიტიკებდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაზარალებულთა ერთ ნაწილს სავაჭრო საქონელი დაზღვეული ჰქონია. ნახანძრალთან მისულმა სადაზღვეო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენელმა, დიმიტრი ძირტკბილაშვილმა, განაცხადა, რომ კომპენსაციას ყველა დაზღვეული დაზარალებული მიიღებს:

„აღნიშნული შენობა, როგორც კონსტრუქცია, ასევე შიდა მოპირკეთება დაზღვეულია ჩვენთან. ასევე დაზღვეულნი არიან ბიზნესსუბიექტებიც, რომლებსაც დაზღვევა აქვთ გაკეთებული როგორც მარაგებზე, ასევე ბიზნესსაქმიანობის შეფერხებაზე. იმ ადამიანებს, ვისაც დაზღვევა აქვს გაკეთებული, აუნაზღაურდებათ ზარალი იმ პირობების შესაბამისად, რაც ჩვენ მათთვის გვაქვს მიცემული. ამ დროისათვის ჩვენ აღრიცხვას ვაწარმოებთ. ამ დროის მონაცემებით, ათ ობიექტამდეა დაზღვეული, სადაც რამდენიმე ინდმეწარმეა”.

დაზარალებულებს დახმარებას ჰპირდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულ მეწარმეებს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ და, შესაბამისად, ამ ფასეულობებთან დაკავშირებით არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები. ფინანსთა სამინისტროსგან განსხვავებით, თბილისის მერიას უჭირს იმის თქმა, თუ რა სახის დახმარებას აღმოუჩენს დაზარალებულებს. ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის, კომენტარი:

„ჯერ უნდა გავიგოთ, რა ვითარებაა შიგნით. გასაგებია, რომ ბევრი მაღაზიაა ხნძრის ზონაში, მაგრამ ბევრი მათგანი გადარჩა დაწვას, იქ შენახული საქონელი არ განადგურებულა, მაგრამ ვისაც დაეწვა საქონელი, მათთან ვაპირებთ შეხვედრას და მათთან ერთად დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს“.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კი, საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო კვლავ გაექცევა პასუხისმგებლობას და დაზარალებულებს ინდივიდუალურად მოუწევთ ზარალთან გამკლავება. არადა, როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე, ამბობს, სავაჭრო ებიექტებში გაჩენილი ხანძრების სიმრავლე სწორედაც რომ სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

„ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, როგორია სახელმწიფოს სახანძრო უსაფრთხოების პოლიტიკა ისეთ ობიექტებზე, როგორიც არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მით უფრო, როცა არსებობს სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც ადგენს იმას, რომ სახელმწიფო, შსს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს სახით, არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ გააკონტროლოს და სახანძრო ზედამხედველობა განახორციელოს სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე. ბუნებრივია, ისეთი ობიექტები, როგორიც არის „ელიავას ბაზრობა“, წარმოადგენს ამგვარ ობიექტს, რომელზეც სახელმწიფო მუდმივად უნდა იყოს პასუხისმგებელი სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების არგუმენტებით, რომ ამგვარ ობიექტებზე არ მოხდეს ასეთი შემთხვევა და მისი მთავარი როლი არის პრევენცია“, უთხრა ლინა ღვინიანიძემ რადიო თავისუფლებას.

რა გაკეთდა პრევენციისთვის? შემოწმდა თუ არა თავის დროზე „ელიავას ბაზრობა“? რამდენად აკმაყოფილებდა ბაზრობაზე განთავსებული ობიექტები სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას მუხლით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG