Accessibility links

საქართველოს კანონმდებლობით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა - მოკვლა ან დასახიჩრება - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ამ მუხლით თხუთმეტ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, სულ ბოლოს კი მსგავსი დანაშაული ჩადენილი იქნა რუსთავში, 2017 წლის 31 ივლისს, როცა ქალაქის ცენტრში მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა ხის ძელით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დაბმულ ძაღლს. რა კვებავს ადამიანების აგრესიას ცხოველებისადმი და რამდენად ეფექტიანიად იცავს კანომდებლობა ცხოველთა უფლებებს?

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მომხდარ მკვლელობას არაერთი მოწმე ჰყავს. ავტოსადგომის მახლობლად მდებარე კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ძაღლის წამება, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა, მობილური ტელეფონით გადაიღეს. დანაშაულში ეჭვმიტანილ მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც ჯარიმასა და ერთ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოველთა მეგობრების“ წარმომადგენელი ირინა ლიკლიკაძე ამბობს, დანაშაული ჩადენილი იქნა დამამძიმებელ გარემოებაში, არასრულწლოვანთა თვალწინ, რაც 259- ე მუხლის მეორე ნაწილით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება:

„ეს ყველაფერი ხდებოდა, დაახლოებით, საღამოს შვიდის ნახევარზე, როცა ეზო ბავშვებით იყო სავსე. ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი ეზოში მივიდა. ბავშვებმა უთხრეს, რომ დავინახეთო. ბავშვების ვიზაუალიზაცია კი შეგვიძლია, მაგრამ არასრულწლოვნები, 14 წლისები არიან და ვერ დავკითხავთ მშობლების გარეშე. ზუსტად ეს პროცესი გვაქვს ახლა, უნდა მოვიძიოთ და დაველაპარაკოთ ბაშვების მშობლებს“.

პრაქტიკულად ცხოველები, მათ შორის შინაური ცხოველები - ძაღლი, კატა - გაიგივებულია უსულო საგნებთან და ექცევიან ისე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ...

ირინა ლიკლიკაძის თქმით, დამამძიმებელ გარემოებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს მკვლელობის სისასტიკე, რაც ვეტერინარის დასკვნით დასტურდება:

„დასკვნაში ჩანს, რომ ძალიან დიდი სისასტიკით არის მოკლული, არაერთი ჭრილობით. წესით, გამოძიებამ ესეც უნდა გაითვალისწინოს. 259-ე მუხლში ასევე წერია, რომ თუ განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი დანაშაული, მაშინაც ამ მუხლის მეორე ნაწილი მიესადაგება“.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება, - ამბობს თემურ წიქორიძე, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ხელმძღვანელი.

„საქართველოში ცნობიერების დონე ძალიან დაბალია. პრაქტიკულად ცხოველები, მათ შორის შინაური ცხოველები - ძაღლი, კატა - გაიგივებულია უსულო საგნებთან და ექცევიან ისე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ. ელემენტარულად კლავენ იარაღით, ყრიან მდინარეებში, სვამენ ტომრებში... პლატოზე ერთი კორპუსის ეზოში ცეცხლი დაანთეს და ცოცხლად დაწვეს ლეკვები. მონადირეებს, როცა ძაღლი ვეღარ ნადირობს, მიჰყავთ ძაღლები ტყეში და კლავენ“, უთხრა თემურ წიქორიძემ რადიო თავისუფლებას.

მაინც საიდან ჩნდება ასეთი სისასტიკე და მოუთოკავი აგრესია? ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის თქმით, პათოლოგიური აგრესიის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა:

„ტრავმა ინდივიდუალურიც არის და საზოგადოებრივიც. ითვლება, რომ თუ საზოგადოება ძალიან ტრავმირებულია და ვერ უმკლავდება ამ ტრავმას, მაშინ აგრესიის დონე მატულობს. და ვის მიმართ მატულობს აგრესიის დონე? განსხვავებულის მიმართ მატულობს და იმათ მიმართ, ვინც „სუსტად“ აღიქმება საზოგადოებაში: ბავშვების მიმართ, პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალების მიმართ და ცხოველების მიმართ“.

ჯანა ჯავახიშვილის თქმით, მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ამგვარი ქცევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ხდება იზოლირებულ გარემოში, გადამდებია.

„გადამდებია იმიტომ, რომ სოციალური დასწავლის ფენომენი არსებობს. ჩვენ ვსწავლობთ სხვისი ქცევიდან. რასაკვირველია, ამგვარი ძალადობის ტირაჟირება სოციალური დასწავლის თვალსაზრისით შეიცავს რისკებს“, უთხრა ჯანა ჯავახიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ბენტამი წერდა, არ აქვს მნიშვნელობა, შენ ფიქრობ თუ არა, რომ ის {ცხოველი} აზროვნებს ან არ აზროვნებს. შენ თუ ხედავ, რომ ის იტანჯება, შენ უფლება არ გაქვს მას მიაყენო ტანჯვა. ქართველებისათვის ცოტა გაუგებარია ის, თუ რატომ ზრუნავენ ასე ბევრს დასავლურ ცივილიზაციაში ცხოველის უმტკივნეულო სიკვდილზე...

ცხოველთა უფლებების დამცველებისათვის ნებისიმერი ცხოველის - შინაურისა თუ გარეულის - მკვლელობა მიუღებელია, ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია სადისტური მკვლელობა, ისევე როგორც ისეთი ცხოველების მკვლელობა, რომლებიც საკვებად არ არიან გამოყვანილი. ფილოსოფოსი გიგი თევზაძე სტატიაში „ნადირობა გართობის მიზნით“ ციტირებს მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელ მოაზროვნეს, იერემია ბენტამს:

ალბათ, დადგება დღე, როდესაც მივხვდებით, რომ ფეხების რაოდენობა, ბეწვი, ანდა მენჯის ძვლით გამოწვეული შეზღუდვა, ასევე თანაბრად არასაკმარისია იმისათვის, რომ მგრძნობიარე არსება ჯალათის ხელში ჩავაგდოთ. ზრდასრული ცხენი ან ძაღლი შეუდარებლად უფრო რაციონალურია და ბევრად უფრო კომუნიკაციური, ვიდრე ერთი დღის, ერთი კვირის ან, თუნდაც, ერთი თვის ბავშვი. პირიქითაც რომ იყოს, განა ეს რამეს მოგვცემდა? კითხვა ის კი არ არის, „ფიქრობენ თუ არა“ ან „ლაპარაკობენ თუ არა“, არამედ „შეუძლიათ თუ არა მათ იტანჯონ“.

გიგი თევზაძის თქმით, დღევანდელი დასავლური ცივილიზაციის დამოკიდებულება ცხოველების მიმართ მთლიანად ბენტამის ფილოსოფიაზე დგას.

„ბენტამი წერდა, არ აქვს მნიშვნელობა, შენ ფიქრობ თუ არა, რომ ის {ცხოველი} აზროვნებს ან არ აზროვნებს. შენ თუ ხედავ, რომ ის იტანჯება, შენ უფლება არ გაქვს მას მიაყენო ტანჯვა. ქართველებისათვის ცოტა გაუგებარია ის, თუ რატომ ზრუნავენ ასე ბევრს დასავლურ ცივილიზაციაში ცხოველის უმტკივნეულო სიკვდილზე. ეს სწორედ იერემია ბენტამის მოძღვრებაშია, რომ არ უნდა მიაყენო ტანჯვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არის ცნობიერი არსება, თუმცა დღევანდელი ფიზიოლოგია და ბიოლოგია სულ სხვა რაღაცებს ამბობს ცხოველებზე და ჩვენ არა მარტო ის ვიცით, რომ ისინი იტანჯებიან, არამედ ვიცით, რომ ისინი ხვდებიან, რომ მათ მოკვლას აპირებენ“, უთხრა გიგი თევზაძემ რადიო თავისუფლებას.

ცხოველთა უფლებების დამცველების დაკვირვებით კი, საქართველოში ცხოველებს უყურებენ როგორც უსულო საგნებს, რომლებითაც შეიძლება გაერთო ან რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოიშორო განადგურების გზით. საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ხელმძღვანელის, თემურ წიქორიძის, თქმით, ამგვარი დამოკიდებულების ნიმუშია ერთ-ერთი ორგანიზაციის საქმიანობა თბილისში, სადაც სამი წლის განმავლობაში მოკლული იქნა ქუჩის 95 ათასი ძაღლი. თემურ წიქორიძის თქმით, ცხოველებისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად საჭიროა როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის გამკაცრება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG