Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამჯერად რა უნდა რუსულ „გაზპრომს“ საქართველოსგან


საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებათა დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ და რუსეთის ზეგავლენის გაძლიერების საფრთხეზე ლაპარაკობენ. შეკითხვები და ეჭვები აქვს ექსპერტთა დიდ ნაწილსაც. ხელისუფლება ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, თუმცა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ახალ მოკლევადიან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, უწინდებურად, კვლავაც ყოველწლიურად გადაიხედება ქართულ მხარესა და რუსულ „გაზპრომს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ამაში გასაოცარი არაფერია, თუმცა ამჯერად მოსკოვს სულ სხვა მოთხოვნა აქვს:​„ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, რომ შეიცვალოს ხელშეკრულებების პირობები – კერძოდ, გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე: გატარებული მოცულობის 10%-ის მაგივრად, რაც მოგვქონდა, ჩვენ გადაგვიხადონ თანხები... ეს მოლაპარაკებები ჩვენ უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს – რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის. როდესაც იქნება გარკვეული შეთანხმება მიღწეული, ეს იქნება ყველასათვის ცნობილი... თან საუბარია ერთწლიან ხელშეკრულებაზე. ამიტომ, რაღაც ტრაგედიებს რომ ხატავენ ე. წ. ექსპერტები, ეს არის მარაზმი და არასწორი“.

კახა კალაძე
კახა კალაძე

11 იანვარს გაკეთებულ კომენტარში კახა კალაძეს არ ულაპარაკია „გაზპრომის“ ხელმძღვანელებთან გამართულ ცალკეულ შეხვედრებზე და ამ შეხვედრათა კონკრეტულ დეტალებზე, რომლებიც ანალიტიკოსებისთვის დიდწილად ბურუსით არის მოცული. ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე ვხვდებით მოკლე ცნობებს კახა კალაძისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის შეხვედრებზე ლუქსემბურგში, მილანსა თუ ბრიუსელში, მაგრამ არაფერია ნათქვამი მისი შეხვედრის თაობაზე "გაზპრომ-ექსპორტის" ხელმძღვანელ ელენა ბურმისტროვასთან, რომელიც, ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, 27 დეკემბერს ციურიხში შედგა. როგორც ექსპერტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ენერგეტიკის მინისტრი და მისი თანმხლები პირები შვეიცარიაში ჩარტერული რეისით გადაფრინდნენ. ჩნდება არაერთი შეკითხვა:

„საინტერესოა, რატომ იყო ასე სასწრაფოდ აუცილებელი გამგზავრება; რა თანხა ჯდება თავისთავად თბილისიდან ციურიხში გადაფრენა ასეთი რეისით და ისიც საინტერესოა, ვის ხარჯზე იქნა დაფარული (ამ მგზავრობის საფასური)“.

იმაზე, რომ რუსეთი საქართველოს სომხეთისკენ გატარებული გაზის 10%ის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას სთავაზობს და, „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში, ეს საკითხიც განიხილება ბოლო თვეების განმავლობაში, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პირველად 11 იანვარს განმარტა. მანამდე კი, როცა ის ალექსეი მილერს ხვდებოდა, განხილულ საკითხებად სახელდებოდა „არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები“ და, აგრეთვე, „ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები“. შესაბამისად, სწორედ „გაზპრომის“ გაზის დამატებითი მოცულობების მიღების პერსპექტივებმა შექმნეს საფრთხის შეგრძნება იმ ყველასათვის გასაგები ჭეშმარიტების გათვალისწინებით, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ბერკეტებს, როგორც წესი, ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეგავლენის გასაძლიერებლად და შემდგომ უკვე დასასჯელად იყენებს. ამავე კონტექსტში ბევრჯერ ითქვა ისიც, რომ ხელისუფლება უსამართლოდ იქცევა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ მიმართ, რომელიც ამჟამად ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელია საქართველოსთვის.

ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებს აქტიურ კამპანიას ანტისამთავრობო პროტესტისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით...
ნუგზარ წიკლაური

ხელისუფლების ოპონენტები და, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური“მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ რუსულ „გაზპრომთან“ ქართველი ხალხის ზურგს უკან მიმდინარე მოლაპარაკებები მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროებას. განცხადება ამის თაობაზე 11 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა გაახმაურა და იქვე ისიც ითქვა, თუ რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში:

„ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებს აქტიურ კამპანიას ანტისამთავრობო პროტესტისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით. ჩვენ გვინდა, რომ ამ აქციებში ჩართული იყოს რაც შეიძლება ფართო წარმომადგენლობა როგორც საზოგადოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, თუკი ასეთი სურვილი იქნება, პოლიტიკური პარტიებისაც“.

რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში საქართველოს მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება რომ მართებს, ეს ცხადია საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტ რეზო არველაძისთვისაც, თუმცა ის უშუალოდ მოლაპარაკებების წარმოების ფაქტში სახიფათოს ვერაფერს ხედავს. როგორც რეზო არველაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთი საქართველოს წინა წლებშიც სთავაზობდა ფულის აღებას სომხეთისკენ გატარებული გაზის 10%-ის სანაცვლოდ, მაგრამ ქართული მხარე ამ წამგებიან წინადადებაზე არ თანხმდებოდა.

„ყოველთვის ჯობია, რომ ტრანზიტის საფასური ნატურით დაიტოვო და შემდეგ შენვე გადაიყვანო ფულში, როგორც ეს შენ გაწყობს, ვიდრე პირდაპირ ფულად აიღო. ხვალ შეიძლება გაზის ღირებულება გაიზარდოს და შენ წაგებული დარჩები“, – აღნიშნავს რეზო არველაძე ჩვენთან საუბრისას. ზოგიერთი სხვა დეტალის გარდა, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ არის ლაპარაკი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG