Accessibility links

ახალციხის ციხეს მესამედ უჩივიან


ახალციხის ციხე, "რაბათის ციხე"

ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი, ნანა მერაბიშვილი, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, დაკავებულ პოზიციაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს.

ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის. ნანა მერაბიშვილი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, დაკავებულ პოზიციაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც, დაახლოებით, 9 000 ლარს შეადგენს. ახალციხის ციხის იურისტი მარინე გოგოლაძე აცხადებს, რომ ნანა მერაბიშვილის გათავისუფლების შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა.

ნანა მერაბიშვილი, რომელსაც კომპლექსში მოლარის პოზიცია ეკავა, ახალციხის ციხიდან 2015 წლის პირველ იანვარს გაათავისუფლეს. ადმინისტრაცია ამის მიზეზად სუბსიდიის შემცირებას ასახელებს და განმარტავს, რომ, მერაბიშვილის გარდა, სამსახურის დატოვება კიდევ რამდენიმე პირს მოუწია. გათავისუფლებულის ადვოკატი ეკა აბაშიძე აცხადებს, რომ ნანა მერაბიშვილს ხელშეკრულება დაუსაბუთებლად შეუწყვიტეს.

ეს მესამე შემთხვევაა, როცა ახალციხის ციხეს თანამშრომელი იმავე მიზეზითა და მოთხოვნით უჩივის. ეკატერინე დგებუაძისა და ჯუნა ნათენაძის სარჩელი მათ სასარგებლოდ დასრულდა. გასულ წელს ახალციხის ციხის 16 თანამშრომელი ახალ წელს უმუშევარი შეხვდა. მაშინდელმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ გიდების, მეთვალყურეებისა და მარეგულირებლებისთვის ხელშეკრულება, რომელიც დეკემბერში დაუსრულდათ, აღარ გაეგრძელებინა. ციხის ხელმძღვანელობის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება განახევრებული სუბსიდიისა და შემცირებული შემოსავლების გამო მიიღეს. ციხის ყოფილი მეთვალყურე, ჯუნა ნათენაძე, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საკუთარი უფლება სასამართლოს გზით დაიცვა.

მოიგებს თუ არა ნანა მერაბიშვილი ახალციხის ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ პროცესს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მოსამზადებელი სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2 მარტს უკვე გაიმართა. სამოქალაქო სარჩელს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG