Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰპირდებიან ზუგდიდელებს მერობის კანდიდატები?


ზუგდიდი
ზუგდიდი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთება მერობის შვიდ კანდიდატს შორის მოუწევთ.

გადმოწერა

სწორედ ამდენი პრეტენდენტია რეგისტრირებული ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. მათგან საარჩევნო პროგრამის გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მხოლოდ რამდენიმე აწარმოებს. მათ შორის არის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ლელა ქებურია. არჩევის შემთხვევაში ის სოციალური ფონისა და სოფლის მეურნეობის სფეროს გაუმჯობესების პირობას დებს:

„მთავარი გამოწვევაა სოციალური პრობლემები, მთავარი გამოწვევაა ის მავნებელი, რომელიც ახლა აზიური ფაროსანას სახით შემოესია ზუგდიდს. არც ერთი ამ პრობლემის მოგვარება ხელისუფლებას არ შეუძლია. „ევროპული საქართველო" არის ის გუნდი, რომელსაც აქვს გამოცდილებაც და კომპეტენციაც".

ამ მხრივ, წლის ბოლოს ანაკლიაში დაიწყება ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სადაც ათასობით ადგილობრივი ზუგდიდელი დასაქმდება...
ლაშა გოგია

მერობის კანდიდატი საინიციატივო ჯგუფიდან დომენტი (ზვიად) სიჭინავა ასევე აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ის ირწმუნება, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ჩამოაყალიბებს სოციალურ ფონდს, სადაც თანხების ჩარიცხვის მსურველი რამდენიმე ინვესტორი უკვე მოძიებული ჰყავს:

„ჩემი პროგრამის აქცენტია უფრო მეტი სამუშაო ადგილი და ბრძოლა ამდენ პრემიებთან, დანამატებთან და გაბერილ შტატებთან. უფრო მეტი სარგებელი ხალხს".

მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში აქვს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატს, ლაშა გოგიას. მისი მტკიცებით, მერად არჩევის შემთხვევაში სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაიზრდება. ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა ასევე დასაქმება:

„ამ მხრივ, წლის ბოლოს ანაკლიაში დაიწყება ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სადაც ათასობით ადგილობრივი ზუგდიდელი დასაქმდება".

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლევან კონჯარია ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში წლების წინ დაწყებულ და მმართველი პარტიის მიერ შეჩერებულ აღმშენებლობის პროცესს გააგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებისთვის კანდიდატის საარჩევნო შეხვედრების შესახებ არავის უცნობებია, კონჯარია ირწმუნება, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში აქვს:

„ჩვენ მოვსპობთ ნეპოტიზმს, ჩვენ მოვსპობთ კორუფციას და დავიწყებთ მშენებლობას ძალიან ჩქარი ტემპით".

აქტიურ საარჩევნო კამპანიას მწირი ფინანსური რესურსების გამო ვერ აწარმოებს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი, გოგიტა ბიგვავა. მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კახა სარიამ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ახერხებენ სოფლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს, მთავარი მიზანი კი, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში პროფესიონალების დასაქმებაა:

უმუშევრობის დაძლევაზე ასეთი გეგმა გვაქვს - ძირითადად ინვესტიციების მოზიდვა, რადგან, ბუნებრივია, თვითმმართველობა ვერ დაასაქმებს მოქალაქეებს, ძირითადად ბიზნესზე ვაკეთებ აქცენტს...
ზურაბ ჯინჯოლავა

„ჩვენთან დღემდე არის საკადრო პოლიტიკა პრობლემა, რაც არის მთავარი წინაპირობა იმისა, რომ მომავალში გატარებული რეფორმები იყოს ეფექტური. უნდა დასრულდეს ეს ნეპოტიზმი".

ასევე მწირ ფინანსებს უკავშირებს თავის ნაკლებად აქტიურ საარჩევნო კამპანიას ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" კანდიდატი, ზურაბ ჯინჯოლავა. მისი განცხადებით, ბლოკი ამომრჩევლისთვის კანდიდატების წარდგენას 7 ოქტომბერს აპირებს. ზურაბ ჯინჯოლავა ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთავარი ამოცანა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელურად უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევა იქნება:

„უმუშევრობის დაძლევაზე ასეთი გეგმა გვაქვს - ძირითადად ინვესტიციების მოზიდვა, რადგან, ბუნებრივია, თვითმმართველობა ვერ დაასაქმებს მოქალაქეებს, ძირითადად ბიზნესზე ვაკეთებ აქცენტს".

სახელისა და გვარის გარდა არავინ იცის, თუ ვინ არის და რას ჰპირდება ზუგდიდელებს საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატი, გიზო სტურუა. მისი საკონტაქტო ნომრის მოწოდებაზე რადიო თავისუფლებას უარი უთხრა ბლოკის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, თამარა ჯინჭარაძემ.

მისი სიტყვებით, ის „ყველა კანდიდატს არ აკეთებინებს კომენტარს" და ურჩევნია თავად მიაწოდოს მედიას საარჩევნო პროგრამა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG