Accessibility links

"მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების წარმოდგენილი ფორმით მიღება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯაროობისა და გამჭვირვალობის იდეას და დააზარალებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტს”,- მიიჩნევენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში. ორგანიზაციაში 10 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გასული წლის 19 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს იმგვარი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებას ამცირებს. ცვლილებები შეეხება რეკლამის განთავსებასაც, დაგეგმილია სოციალური რეკლამის რაოდენობის შემცირება, კომერციული რეკლამისა და სასპონსორო შესაძლებლობების გაზრდა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო რობაქიძემ განმარტა 10 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან მიმართებით პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. ამ საკითხზე პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა 21 იანვარს გამართა, თუმცა სამუშაო ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში არ იყვნენ ჩართული სპეციალისტები და სამოქალაქო სექტორი. 30 იანვარს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ჯგუფში ჩართვის თხოვნით მიმართა კომიტეტს. სამუშაო ჯგუფის შექმნიდან 6 თვის შემდეგ, 17 ივნისს, პარლამენტში დაინიშნა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სამუშაო ჯგუფს წარედგინა კანონპროექტი. არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 21 ივნისსვე გაუგზავნა კრიტიკული მოსაზრებები აღნიშნული ცვლილებების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.

ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომ მათ შეუძლიათ სარეკლამო ბაზარზე ძალიან ცუდი როლი ითამაშონ. მათ ისედაც გარანტირებული საბიუჯეტო დაფინანსება აქვთ, იმაზე ბევრად მეტი, მათი ყოველწლიური შემოსავლები აღემატება ერთიანად აღებული ყველა არხის ნახევარს...
ნინო ჯანგირაშვილი

„ცვლილებებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, სფეროს ექსპერტების მონაწილეობის გარეშე მუშაობის პროცესი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კანონპროექტის შემუშავება მოხდა დახურულად და გაუმჭვირვალედ”, - განაცხადა ნინო რობაქიძემ. მისი სიტყვებით, მთავარი შენიშვნები შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შემცირებას და მენეჯმენტის ფუნქციების გაზრდას, ასევე - სარეკლამო ნაწილში ინიცირებულ ცვლილებებს, როგორიცაა სოციალური რეკლამის რაოდენობის შემცირება, კომერციული რეკლამისა და სასპონსორო შესაძლებლობების გაზრდა.

„სარეკლამო და სასპონსორო ნაწილთან მიმართებით საუბარია იმაზე, რომ იზრდება კომერციული რეკლამის და სასპონსორო შემოთავაზებების საშუალებები მაუწყებლისთვის და აქ არის ორი კითხვა: 1. იქნება თუ არა ამ ცვლილებების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი კომერციული გავლენისგან და ის, რომ ასეთი უნდა იყოს, ეს ახალი კონსტიტუციის პროექტშიც წერია და კანონი არის ამის გარანტი. და მეორე კითხვა არის ის, თუ რამდენად სამართლიანი იქნება კონკურენტული გარემო იმ კერძო მაუწყებლებთან მიმართებაში, რომლებიც არანაირ საბიუჯეტო დაფინანსებას არ იღებენ და ისედაც მცირე სარეკლამო ბაზარზე ინაწილებენ ამ შემოსავლებს, მაშინ როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც იცით, აქვს ყოველწლიური დაფინანსება ბიუჯეტიდან“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან მიმართებით თავისი პოზიცია 6 ივლისს ერთობლივ განცხადებაში გამოხატეს კერძო მაუწყებლებმა. მათ პარლამენტსაც მიმართეს. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ტელეკომპანიები (”რუსთავი 2”, ”კომედი არხი”, ”მარაო”, ”TV პირველი”, ”TV პალიტრანიუსი”, ”კავკასია”, ”სტარვიზია”, ”მედია-კავშირი ობიექტივი”, ”გურია TV”, ”ოდიში TV”, ”მეცხრე ტალღა”, ”კოლხეთი 89”, ”ჯიხა”, ”რიონი TV”, ”TV ზარი”, ”იმერვიზია”, ”არგო TV”, ”დია”, ”მეცხრე არხი”, ”ბორჯომი ტვ”, ”ATV12”, ”ფარვანა”, ”ქვემო ქართლი TV”, ”მარნეული TV”, ”ბოლნელი TV”, ”TV თანამგზავრი გურჯაანი”, ”TV ეგრისი” და ”TV 25”), აღნიშნულია, რომ ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სრულიად იხსნება შეზღუდვა სპონსორობაზე და ამ ნაწილში მისი რეგულაცია უთანაბრდება კომერციული არხების რეგულაციას, კომერციული რეკლამის ნაწილში კი არათუ დღემდე არსებული ლიმიტები იზრდება, არამედ მაუწყებელს უჩნდება ახალი შესაძლებლობები და დამატებითი დრო კომერციული რეკლამის განსათავსებლად.

როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტით გარანტირებული წლიური დაფინანსება მუდმივად აღემატება მთლიანი ტელესარეკლამო ბაზრის მოცულობის 50 %-ს. შეზღუდული სარეკლამო ბაზრის პირობებში, ცვლილება უარყოფით გავლენას იქონიებს კერძო მაუწყებლების მდგრადობაზე. გარდა ამისა, ყველა ქართული ტელევიზიის ჯამური წლიური შემოსავლისა და მაუწყებლის წლიური ბიუჯეტის შედარება ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრობლემა არ გახლავთ ბიუჯეტის სიმცირე და პრობლემების მიზეზები სხვაგან უნდა ვეძებოთ:

„ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომ მათ შეუძლიათ სარეკლამო ბაზარზე ძალიან ცუდი როლი ითამაშონ. მათ ისედაც გარანტირებული საბიუჯეტო დაფინანსება აქვთ, იმაზე ბევრად მეტი, მათი ყოველწლიური შემოსავლები აღემატება ერთიანად აღებული ყველა არხის ნახევარს და ეს ბალიში მათ საშუალებას აძლევს, რომ ბაზარზე დემპინგური ფასებით ითამაშონ და მავნებლობა ჩაიდინონ, თუ იქნება ამის სურვილი და პოლიტიკური ნება. აი, ეს არის პრობლემა. და მოდით, ერთად დავთვალოთ რისკები. მოდით, არგუმენტებით ვიმსჯელოთ ამაზე და არა ისე, რომ დახურულ კაბინეტში გადაწყვიტოს ორმა კაცმა. აი, ეს არის ჩვენი სურვილი“.

თინათინ ბერძენიშვილი
თინათინ ბერძენიშვილი

თავის მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიტიკა უსაფუძვლოდ მიაჩნიათ. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირების დროს მათ ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეკომენდაციები მიიღეს მხედველობაში:

„2015 წლიდან ვეწინააღმდეგებოდი იმ ცვლილებას, რომელიც პარლამენტმა მიიღო და როდესაც შეიცვალა კანონი და საზოგადოებრივ მაუწყებელს მოკვეთეს რეკლამა და სპონსორობა ისე, რომ არც ერთი დასავლური და ევროპული გამოცდილება არ იყო გაზიარებული. და მაშინაც ევროპის მაუწყებელთა კავშირმა საკმაოდ კრიტიკული წერილი გამოგზავნა, რომ არ შეიძლებოდა ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღება და მთლიანად მოწყვეტა სარეკლამო ბაზრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპის ქვეყნებში 20 %-ია საერთო სარეკლამო ბაზრის წილი, რაც შეიძლება მაუწყებელს ეკავოს რეკლამის და სპონსორობის კუთხით. მაგალითად, ევროპის მაუწყებელთა კავშირის 50 ქვეყანა გვეუბნება, რომ ყველას აქვს დაშვებული გარკვეული პროცენტით რეკლამა. ჩვენი შემთხვევა არის გამონაკლისი, როცა საერთოდ არ გვაქვს დაშვებული არც რეკლამა და არც სპონსორობა და გვაქვს საქართველოსთვის ძალიან ხმამაღალი ციფრი, მაგრამ რეალობაში არც იმდენი ბიუჯეტი, რომელიც ტელევიზიის ორ რადიოს, სამ არხს და კიდევ ცალკე ვებპლატფორმას უნდა ეყოს და ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს, ყველა ამ იდეას იცავს, მით უფრო, რომ ორგანიზაცია, რომელშიც 74 ქვეყანაა გაწევრიანებული, გვეუბნება, რომ ეს სწორი გზაა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თავისი რეკომენდაციებით და შენიშვნებით პარლამენტს უკვე მიმართა და ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ კანონპროექტზე მუშაობის დროს სამოქალაქო სექტორის შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG