Accessibility links

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, კომენტარი, რომელიც მან მიუნხენში უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის მსვლელობისას ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ისა და რუსული მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან გააკეთა, საქართველოში განსჯისა და განხილვის საგნად იქცა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ქართულ მხარეს სერგეი ლავროვის განცხადებებზე არაადეკვატური რეაქცია აქვს.

please wait

No media source currently available

0:00 0:06:00 0:00
Direct link

19 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, ამიერკავკასიასა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები ხშირად იყენებენ თავიანთ მარშრუტებშიო. მსგავსი განცხადება მან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გააკეთა. მაშინ თქვა, რომ ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის, დასვენებისა და მომარაგებისთვის იყენებენ, 19 თებერვალს კი ქართველ და რუს ჟურნალისტებთან საუბრისას სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოდან მომდინარე საფრთხეების გამო, რუსეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხი რთული გადასაწყვეტია:

„როდესაც ჩვენ დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუსულ და ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, როდესაც ყველა ეს რისკი ორივე მხრიდან მაქსიმალურად იქნება აღკვეთილი, მაშინ, ალბათ, შესაძლებელი იქნება ვილაპარაკოთ სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე. ასეთი თანამშრომლობის დალაგება რთულია დიპლომატიური ურთიერთობების არაარსებობის პირობებში“.

სერგეი ლავროვის განცხადებას 19 თებერვლიდან მოყოლებული, 21 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მთავრობა ოფიციალურად არ გამოხმაურებია, 21 თებერვალს კი პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად კომენტარი გააკეთა ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. მისი თქმით, პირადად ის არ არის მომხრე, რომ მსგავს განცხადებებზე გაუაზრებელი და მოუფიქრებელი პასუხი გაიცეს. გარდა ამისა, მისივე თქმით, სერგეი ლავროვის განცხადება ამიერკავკასიიდან წამოსული საფრთხეების შესახებ ეწინააღმდეგება იმ რეალობას, რომელიც ასახავს საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის მაჩვენებელს:

„შარშან ჩვენ გვქონდა რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა - დაახლოებით, 1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან. ეს ციფრი და ის, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. ამაზე მეტყველებს მრავალი კვლევა და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ამიტომ ბატონი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების“, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული, ამას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის, დაახლოებით, 2 000 მოქალაქე. ამგვარად, რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მათ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მოვახვევთ თავს. თუ გადაიდგმება ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გამარტივდეს სავიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენ ამას მივესალმებით, თუ გააუქმებენ, ამასაც მივესალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა“.

ვიცით, რომ რუსეთი ცალსახად ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში და ეს ახალი არ არის, მაგრამ შემაშფოთებელია ის, რომ ეს განცხადება დღეს უპასუხოდ რჩება. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთის საგარეო უწყება ცდილობს, რომ ქართული მხარე ჩაითრიოს თანამშრომლობის იმ ფორმატებში, რომელიც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის...
სალომე სამადაშვილი

კიდევ ერთი განცხადება, რომელიც სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას 19 თებერვალს მიუნხენში გააკეთა, ეხება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს, რომელმაც მიიღო ნებართვა 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებათა გამოძიების დაწყებისა. სერგეი ლავროვი სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას „ცალმხრივი პოზიციის გამო“ ადანაშაულებს და ასეთ ვითარებაში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაში თანამშრომლობას არ აპირებს. მისი სიტყვებით, პროკურორმა სრული იგნორირება გაუკეთა ყოვლისმომცველ მასალებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის მიერ იყო წარდგენილი. სერგეი ლავროვის სიტყვებით, ეს დოკუმენტები აბსოლუტურად უპირობოდ ადასტურებდნენ, რომ კონფლიქტი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დაიწყო. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2016 წლის 16 ნოემბერს, ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე, რუსეთი საბოლოოდ გაემიჯნა რომის სტატუტს, ანუ უკან გაიწვია 2000 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული თავისი ხელმოწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებაზე (რომის სტატუტზე) და ამით საბოლოოდ უარყო ჰააგის ტრიბუნალის სამართალი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაადეკვატური დამოკიდებულება და რეაქცია აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებზე:

„ვიცით, რომ რუსეთი ცალსახად ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში და ეს ახალი არ არის, მაგრამ შემაშფოთებელია ის, რომ ეს განცხადება დღეს უპასუხოდ რჩება. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთის საგარეო უწყება ცდილობს, რომ ქართული მხარე ჩაითრიოს თანამშრომლობის იმ ფორმატებში, რომელიც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის და რეალურად დაეხმარება რუსეთს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებაში“.

გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სერგეი ლავროვის განცხადებები მიუნხენში საქართველოსთვის უცხო არ არის, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს განცხადებები საკმაო რისკის შემცველია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის ფედერაცია ღიად აცხადებს თავის სტრატეგიულ დოკუმენტებში, რომ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ძალას გამოიყენებს. გიორგი გობრონიძის თქმით, ამის მაგალითია სირია, სადაც რუსეთი სწორედ ტერორისტული საფრთხის ეგიდით შევიდა. გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ საქართველოს მსგავს განცხადებებზე მუდმივად უნდა ჰქონდეს მზად პასუხი:

„რუსეთის ფედერაციის ნაბიჯებზე ჩვენი რეაგირება, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის ზედმეტად მოზომილი, „არ გავაღიზიანოთ“ პრინციპით ვმოქმედებთ თითქოს და ამ დროს იქიდან საერთოდ არ ფიქრობენ იმას, ჩვენ გავღიზიანდებით თუ არა. შესაბამისად, მე მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები, მაგრამ ისეც არ უნდა მოვიქცეთ, რომ ყველაფერზე, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილაპარაკებს, ჩვენ თავის მართლების რეჟიმში ჩავდგეთ. ანუ ჩვენმა დიპლომატიამ საერთაშორისო არენაზე უნდა შექმნას იმის რეალური განცდა, რომ საქართველოს ასეთი ოდიოზური ფიგურების ოდიოზურ განცხადებებზე თავის გასამართლებელი არაფერი სჭირს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG