Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მდინარე კაბალი სოფელს წალეკვის საფრთხეს უქმნის


ღვარცოფული მდინარეები კახეთის რეგიონის მოსახლეობას გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყოველ წელს პრობლემებს უქმნის. უხვი ნალექების შედეგად მდინარეები მუდმივად დიდდება და მიმდებარე ტერიტორიებს ტბორავს. ხშირ შემთხვევაში მოსავალი ნადგურდება. წყალდიდობების დროს ხშირად შინაური ფრინველი და ცხოველიც იხოცება. ადგილობრივი ხელისუფლება ხალხის დახმარებისათვის რეალურად ბევრს ვერაფერს აკეთებს. სტიქიით დაზარალებულებს ერთჯერადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მეშვეობით ეხმარებიან, რაც, დაზარალებულების აზრით, მათი პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ არის. მდინარე კაბალზე კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ლაგოდეხის რაიონს, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, სპეციალური ტექნიკა, იაპონური „კამაცუს“ ტიპის მძლავრი ბულდოზერი წლების წინ გადაეცა, თუმცა სოფელში ამბობენ, რომ მდინარე კაბალზე ის მცირე სამუშაოებიც არ ტარდებოდა, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე უნდა განხორციელებულიყო. ადგილობრივების მტკიცებით, „კამაცუს“ ტიპის ტრაქტორს სოფლის ყოფილი რწმუნებული ჯემალ ნიაზოვი პირადი საქმეებისთვის იყენებდა:

„მასშტაბურად არა, მაგრამ ხანდახან წმენდენ, ასუფთავებენ. მიუხედავად ამისა, წყალი მაინც მოდის და ვარდება. სანამ მდინარის სათავე კაპიტალურად არ გაიწმინდება, ამას არაფერი არ ეშველება“.

2009 წელს მოვარდნილმა ნიაღვარმა აგამედოვების სახლი თითქმის მთლიანად დაანგრია. ახლა იქ მხოლოდ 2 კედელია. ნიაღვრის შედეგად 100-მდე მოსახლის ეზოში დაგროვილი ლამისა და ქვა-ღორღის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. მისი გატანა მოსახლეობამ უსახსრობის გამო დღემდე ვერ შეძლო, ქვაღორღიან მიწაზე კი დღეს არც მოსავლის მოყვანაა შესაძლებელი.

„სახლი მოვარდნილი წყლის შედეგად დაიშალა და მის ადგილზე მარტო კედელი დარჩა. ვერავინ და ვერაფერმა ვერ გვიშველა. ნიაღვარმა ჩემი სახლის ეზოში ტალახი და ქვა მოიტანა. ყველაფერი გაფუჭდა. დიდი ზარალია. უკვე მრავალი წელია გასული, ეს პრობლემაა სოფელში და არავინ არაფერს აკეთებს. არადა, წვიმა ხშირად მოდის და უარესობისკენ იცვლება ჩვენი მდგომარეობა“, - განაცხადა კაბალში მცხოვრებმა ნოვრუზ აგამედოვმა.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი მირზა ალიევი, რომელიც საკრებულოში სოფლის წარმომადგენელია, ამბობს, რომ მრავალი წელია მდინარე კაბალზე ეს პრობლემა არსებობს, თუმცა, პრობლემის მიუხედავად, ისეთი ღონისძიებები არ გატარებულა, რომელიც საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანდა:

„მდინარის სათავის გაწმენდა აუცილებელია. უკეთეს შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს გაბიონი, რომელიც ქვით აშენდება და ლითონის ბადე დაიცავს. საფრთხე მუდმივად არის. ამის მიუხედავად, არაფერი გაკეთებულა“.

მდინარე კაბალი სოფელს ორ ნაწილად ყოფს. მას ღვარცოფულის სტატუსი აქვს მინიჭებული. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ პრობლემის შესახებ მათ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართეს. გამგებლის ვალერი ალიბეგაშვილის თქმით, სამინისტრო პრობლემის მონიტორინგს ახორციელებს:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა იმისთვის, რომ მდინარე კაბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდეს. ჩემი ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა ამ ეტაპზე მუშაობს აღნიშნული საკითხის გარშემო და ნაპირსამაგრი სამუშაოები მათი გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყება“.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ მათ გასულ წლებში მდინარე კაბალის გასაწმენდად არც ერთი პროექტი არ განუხორციელებიათ. სამინისტროს ცნობით, მონიტორინგის ჯგუფი ამჟამად ადგილზე მუშაობს. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსის ნოდარ მიქიაშვილის თქმით, სათანადო დასკვნის დადების შემდეგ სამინისტრო გადამჭრელ ზომებს მიიღებს:

„ვფლობთ ინფორმაციას, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაა შექმნილი მდინარე კაბალზე, სოფელ გიორგეთის მონაკვეთთან. ექსპერტები ამ კუთხით მუშაობენ, სწავლობენ და ერკვევიან ვითარებაში. რამდენიმე დღეში დასკვნას მოგვაწვდიან, რომლის საფუძველზეც სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სად რა ღონისძიება იქნება ჩასატარებელი. სამინისტრო იღებს ვალდებულებას, შესაბამისი საქმიანობები მდინარე კაბალის გაწმენდით სამუშაოებთან მიმართებაში აუცილებლად გაატაროს“.

გამოიყოფა თუ არა თანხა და მოგვარდება თუ არა მდინარე კაბალზე არსებული პრობლემა მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის შემდეგ გაირკვევა.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG