Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღია კარი“ რელიგიური კონფესიების დასაფინანსებლად


27 იანვრის მთავრობის სხდომა
27 იანვრის მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ბიუჯეტიდან კიდევ ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსებას აპირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმანური და იუდაისტური რელიგიური გაერთიანებებისთვის თანხებს ბიუჯეტი პროპორციულად გაანაწილებს. საქართველოს მთავრობა თავის ამ გადაწყვეტილებას მიიჩნევს უპრეცედენტო გადაწყვეტილებად, რითაც ის სხვადასხვა აღმსარებლობისადმი თანაბარ პატივისცემას გამოხატავს. ასე არ ფიქრობენ იმ კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსების პოტენციურად მიმღებთა ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ.

საქართველოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც სახელმწიფოდან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, რაოდენობრივად უმცირესობაში იმყოფებიან. საქართველოს პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენელი ლელა ხონელიძე, მაგალითად, მედიასთან შემდეგ პროპორციაზე ამახვილებს ყურადღებას:

“კი ბატონო, შეიძლება ჩაითვალოს დადებით და პოზიტიურ ნაბიჯად, თუმცა, ფაქტობრივად, ოცდახუთს რომ ოთხი გამოვაკლოთ, 21 რელიგიისთვის ეს გახდა დისკრიმინაციული ხასიათის მიდგომა“.

დისკრიმინაციაზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ, რეკომენდაციის თანახმად, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე შეთანხმება მთელ საზოგადოებასა და რელიგიურ ჯგუფებთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო:

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი
“მისასალმებელია, რომ მთავრობა ითვალისწინებს ამ რეკომენდაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, თუ ვინ უნდა მიიღოს, და ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ არავინ უნდა დარჩეს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში“.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ საუბარია „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესზე“. ანუ, მისი განმარტებით, მთვრობის დადგენილებით, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები კონფესიების შერჩევის პრინციპი გახდა არა თავად კონფესიების სიდიდე, არამედ რამდენად დააზარალა ისინი საბჭოთა რეჟიმმა:

“ამ ფორმულირებით ხდება უკვე მრავალი წელია სახელმწიფოს მხრიდან მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერა, რაც კარგია და სწორია. ამ მიმართულებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სადაც არსებობდა სისტემური დევნა რელიგიური გაერთიანებების მიმართ, ამ ეტაპზე სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე ვალდებულება, ასევე განახორციელოს ზარალის ანაზღაურება, ხოლო უკვე სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ საჭირო იქნება შესწავლა სიტუაციის და შესაბამისად მიიღოს შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილება. კარები დახურული არ არის, თემა დახურული არ არის და ამაზე შეიძლება მომავალში მსჯელობა“.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო საქართველოში მცხოვრები მორწმუნეების უკვე თითქმის 90 პროცენტს მოიცავს. ცნობილია ისიც, რომ სახელმწიფო დაფინანსება 4,5 მილიონი ლარით განისაზღვრება და ოთხივე გაერთიანებაზე პროპორციულად გადანაწილდება, თუმცა რასთან პროპორციულად, კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა.
რესტიტუცია უნდა შეეხოს ასევე იმ რელიგიურ ჯგუფებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაზარალდნენ და მათ შორის არის, რა თქმა უნდა, პროტესტანტული ეკლესიების მთელი სპექტრი, ასევე ყველა ის რელიგიური გაერთიანება, რომელიც საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდა, ვინაიდან ყველას შეეხო საბჭოთა ტოტალიტარიზმის მარწუხები ამ თვალსაზრისით...
ბექა მინდიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, პერსონალურად, სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი რელიგიური კონფესიის დაფინანსებას ეწინააღმდეგება, შექმნილ ვითარებაში მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით სხვა სარწმუნოების ეკლესიების დაფინანსების ფაქტს მიესალმება. იგი აქვე ამბობს, რომ, თუნდაც საბჭოთა ტოტალიტარიზმის მიერ მიყენებული ზიანის ნიშნით, რელიგიურმა კონფესიებმა თავი დისკრიმინირებულად არ უნდა იგრძნონ:

“საფუძველი ამ გადაწყვეტილებისა, როგორც გაცხადდა, არის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალი. თუკი ამ კუთხით ვისაუბრებთ და რესტიტუციაზეა საუბარი, მაშინ რესტიტუცია უნდა შეეხოს ასევე იმ რელიგიურ ჯგუფებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაზარალდნენ და მათ შორის არის, რა თქმა უნდა, პროტესტანტული ეკლესიების მთელი სპექტრი, ასევე ყველა ის რელიგიური გაერთიანება, რომელიც საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდა, ვინაიდან ყველას შეეხო საბჭოთა ტოტალიტარიზმის მარწუხები ამ თვალსაზრისით“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ კიდევ 4 რელიგიური მიმართულების სახელმწიფო დაფინანსების გადაწყვეტილებას, საბჭოთა ტოტალიტარიზმის შედეგების აღმოფხვრის სამართლებრივ სარჩულთან ერთად, სხვადასხვა რელიგიების მიმართ თანაბარი მიდგომებიც უდევს საფუძვლად:

“ჩვენ თანაბრად ვცემთ პატივს რელიგიებს, სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს საქართველოში და არავითარი შუღლი, არავითარი კონფლიქტი ამ ნიადაგზე არ არსებობს და ეს არის აბსოლუტურად გამოგონილი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არასაკმარისად მიიჩნევს მხოლოდ დაფინანსებას და მხოლოდ სახელმწიფოს კეთილი ნების გამომხატველ განცხადებებს:

ეკა გიგაური
ეკა გიგაური
“ასეთი განცხადებები მთავრობის მხრიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა, ყოველთვის ყველა აღიარებდა, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ეს დაფინანსებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცალსახად არის უკვე კონკრეტული ნაბიჯი ამ მიმართულებით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტულმა უწყებებმა ეფექტური ღონისძიებები განახორციელონ იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანების უფლებები იქნეს დაცული. იგივე, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც."

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური შინაგან საქმეთა სამინისტროს არასაკმარისად ეფექტური საქმიანობიდან გამოყოფს, მაგალითად, სოფელ ჭელას ინციდენტს, როცა მუსლიმანი მოსახლეობის რელიგიური ინტერესები შეილახა. თავად ორგანიზაციამ კი გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელმწიფო უწყებების მიერ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით სპეციალური კვლევა აწარმოვა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსების მხრივ ცალსახა ლიდერია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია, სხვა კონფესიებთან მიმართებით კი სახელმწიფოს დახმარების შესახებ ინფორმაციის მოძიება რთული აღმოჩნდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ 2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონამდე ლარს შეადგენს.

2002 წლიდან სახელმწიფოსთან დადებული საკონსტიტუციო შეთანხმებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სპეციალური სტატუსითა და პრივილეგიებით სარგებლობს. იგი ერთადერთი რელიგიური გაერთიანება იყო ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. მთავრობის 27 იანვრის დადგენილებით კი, ვითარება მიმდინარე წლიდან მართლმადიდებლობასთან ერთად, მთლიანობაში, ხუთი აღმსარებლობის მიმართ შეიცვლება. ამ ცვლილებას მიესალმებიან იმ ოთხი კონფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც ცვლილება შეეხებათ. მთავრობის ინიციატივას დადებით მოვლენად აფასებს საქართველოს საპატრიარქოც, რომლის მიერ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საბჭოთა რეჟიმმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიებიც დააზარალა და მთავრობის ეს ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებაა“. ცვლილებას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდიც. მან, გადაწყვეტილების დეტალურად შესწავლამდე, საქართველოს მთავრობას სხვა კონფესიების დაფინანსების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი მიულოცა, უფრო ვრცელი კომენტარი კი საკითხზე სამომავლოდ გადადო.
XS
SM
MD
LG