Accessibility links

რიონისპირა სახლები განახლების მოლოდინში


რიონისპირა სახლი

ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე, დაახლოებით 500- მეტრიან მონაკვეთში მდებარეობს მეცხრამეტე საუკუნეში აგებული 10-მდე ორ, სამ და ოთხსართულიანი სახლი. ქვით ნაშენი, ხის აივნიანი და შუშაბანდიანი სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. რამდენიმე სახლი იმდენად ავარიულია, რომ იქ, ბოლო წლებია, აღარავინ ცხოვრობს.

რიონისპირა სახლი
რიონისპირა სახლი

განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ხის აივნები და შუშაბანდები, რომლებსაც საყრდენი გამოცლილი აქვთ მდინარე რიონის არაერთხელ ადიდების შედეგად. ჯაჭვისა და წითელ ხიდებს შორის მოქცეული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცული ზონაა, სახლები კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებადაა აღიარებული. იქ მცხოვრები 35-მდე ოჯახი, რამდენიმე ათეული წელია, სახლების რეკონსტრუქციას ელოდება. გიორგი გვასალია გვეუბნება, რომ მისი სახლის აივნის მორყეული და ნახევრად დანგრეული მოაჯირები სიცოცხლისთვის სახიფათოა. გიორგი გვასალიას ინფორმაციით, შარშან მესამე სართულის აივნიდან ადამიანი გადმოვარდა.

რიონის პირას მდებარე სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე ცხოვრობს გოგიჩაძეების ოჯახი. წლების განმავლობაში მდინარის წყალმა სახლს საძირკველი ისე გამოურეცხა, რომ გოგიჩაძეების სამზარეულოსა და შუშაბანდის კედლები სხვა ოთახებს დიდი ნაპრალით დაშორდა, იატაკი კი 40 სანტიმეტრითაა დახრილი. როგორც ნარგიზა გოგიჩაძე ამბობს, ძლიერი ქარის დროს სახლში დარჩენის ეშინიათ და ნათესავებთან მიდიან, რადგან სიძველისგან მორყეული ხის შუშაბანდის ფანჯრები და ტკეჩის კედლები, შესაძლოა, ქარმა მთლიანად მოგლიჯოს.

რიონისპირა სახლები
რიონისპირა სახლები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ერთ-ერთი ოთხსართულიანი სახლის მცხოვრები გულნაზ სანდოპულო ამბობს, რომ აუცილებელია რიონის ჯებირების განახლებაც, რადგან უხვი ნალექის დროს მდინარის წყალი ეზოებსა და სახლების პირველ სართულებს ხშირად ტბორავს. გულნაზ სანდოპულო იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ ზამთარში მოსულმა თოვლმა დაანგრია ეზოდან მეოთხე სართულზე ასასვლელი უძველესი მოხვეული ხის კიბე.

რიონის პირას მდებარე სახლებში მცხოვრებთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებისადმი, რომლის თანახმად, იგეგმება სახლების რეკონსტრუქცია და ქალაქის უძველესი განაშენიანების კულტურული და ტურისტული დანიშნულებით აღდგენა.

რიონისპირა სახლის კედელი
რიონისპირა სახლის კედელი

რიონისპირა სახლების აღდგენას „საუკუნის პროექტს“ უწოდებს მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩხიკვაძე. მისი განცხადებით, რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციის პროექტი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იან წლებში შეიქმნა და სპეციალისტებმა შეისწავლეს სახლების მდგომარეობა, რაც მომდევნო სამი ათეული წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდა. ზაზა ჩხიკვაძის ინფორმაციით, იმის გამო, რომ 2006 წლიდან ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცულ ზონაშია და სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ, რეკონსტრუქციის პროექტი დეტალურად უნდა შემუშავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.

რიონისპირა სახლი
რიონისპირა სახლი

ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ჩხიკვაძისავე განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, საარქივო პროექტებში განხორციელდება ცვლილებები და მოხდება მათი ადაპტირება, თანამედროვე საჭიროებების მიხედვით.

ქუთაისის მერიის პირველადი შეფასებით, მდინარე რიონის სანაპიროზე, ჯაჭვის და წითელ ხიდებს შორის მდებარე მეცხრამეტე საუკუნის 10–მდე სახლის რეკონსტრუქციისთვის 15 მილიონი ლარი იქნება საჭირო და თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG