Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილობის მე-15 დღე და სახელმწიფოს დუმილი


მე-15 დღეს რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობას აგრძელებენ რკინიგზის თანამშრომლები და პროფკავშირის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დასრულდება. რკინიგზელთა პროფკავშირმა პრემიერ-მინისტრს წერილითაც მიმართა. ისინი მთავრობის მეთაურს რკინიგზის ადმინისტრაციასა და რკინიგზის კახეთის რეგიონის დეფექტოსკოპიის თანამშრომლებს შორის წარმოშობილ შრომით უთანხმოებაზე რეაგირებასა და მედიატორის როლის შესრულებას სთხოვენ. თუ რა როლი აკისრია ამგვარ ვითარებაზე სახელმწიფოს და რამდენად ეფექტურია მედიაციის მექანიზმი?

შიმშილობის მე-15 დღე და სახელმწიფოს დუმილი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:06 0:00
გადმოწერა

უჩა ღვთისიაშვილი, საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგოს დეფექტოსკოპიის ოპერატორის თანაშემწე, მე-15 დღეა რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ შიმშილობს, სხვა 12 ადამიანთან ერთად. შიმშილობის მიზეზი მისთვის მიუღებელი შრომითი პირობებია. ის 13 წლის განმავლობაში რკინიგზაში მუშაობს, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი გურჯაანში იყო, თუმცა პირველ აგვისტოს შეატყობინეს, რომ გურჯაანიდან მარნეულში უნდა გადასულიყო სამუშაოდ. წერილობითი ხელშეკრულება, რომ საცხოვრებლითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფდნენ, რკინიგზის დეპარტამენტისგან მან ვერ მიიღო.

„შიმშილობის მე-15 დღეა, კომუნიკაცია რკინიგზის მხოლოდ ერთხელ იყო და უშედეგოდ, ამის მერე არც რკინიგზა გამოგვხმაურებია და არც სახელმწიფო. შიმშილობის მესამე დღეს შემოგვთავაზეს მანქანა მარნეულში ტრანსპორტირებისთვის, მაგრამ ხელშეკრულების დადება რომ ვთხოვე, მაგაზე უარი განაცხადეს“.

რკინიგზის დეპარტამენტის პოზიცია შიმშილობის მე-15 დღეს რადიოს „თავისუფლებამ“ ვერ მოისმინა. მცდელობის მიუხედავად, კომუნიკაცია რკინიგზის დეპარტამენტთან ვერ მოხერხდა, თუმცა 25 აგვისტოს რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ უთხრა, რომ უჩა ღვთისიაშვილის პროტესტს რეალური საფუძველი არ აქვს. მისივე მტკიცებით, პროტესტი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის მიერაა მართული. დაჩი ცაგურიას თქმითვე, მისთვის ასევე გაუგებარია მოშიმშილეების მხრიდან კადრების შემცირებაზე საუბარი:

„ჩვენ რომ მათი შემცირების სურვილი გვქონოდა, ჩვენ მათ აღარ შევთავაზებდით მეორე სამსახურს, ვინაიდან კახეთში, იქ, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ, აღარ დადის ისეთი ინტენსივობით მატარებლები, რომ საჭირო იყოს ყოველდღიური შემოწმება, ამიტომ ჩვენ ისინი სახლში კი არ გავუშვით, პირიქით, რომ გვჭირდება ეს ადამიანები, მათ შევთავაზეთ გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს სამსახური. შევუნარჩუნეთ მათ ხელფასი და ასევე დამატებით უზრუნველყოფა გავუკეთეთ მათ საცხოვრებლით და ტრანსპორტით. ისინი არიან უზრუნველყოფილნი. სხვა ყველა თანამშრომელმა ეს ირწმუნა და დადიან იქ და უჩა ღვთისიაშვილის თქმით, რატომ არ იქნება ეს პირობები, ჩემთვის გაუგებარია“.

როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე ამბობს, მოშიმშილეთა მოთხოვნები უცვლელია: დააბრუნონ ძველ სამუშაო ადგილზე რკინიგზელი უჩა ღვთისიაშვილი, გადადგეს რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია და რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვასილ ხორავა. ამასთან, ვიტალი გიორგაძის თქმით, ამ დრომდე მოშიმშილეებს არც ერთი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი არ გამოხმაურებია.

პროფკავშირმა განცხადებაც გაავრცელა პრემიერ- მინისტრის სახელზე, სადაც ნათქვამია, რომ „რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, ისევე როგორც ყოველთვის, ეხლაც მზად არის, შრომით-სამართლებრივი საკითხების ირგვლივ წარმოშობილი კოლექტიური შრომითი დავის დარეგულირების მიზნით, პროფკავშირის წევრთა ლეგიტიმური წარმომადგენლის სტატუსით, ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში, რომლის ფორმატიც აუცილებლად უნდა შეიქმნას სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურის მიერ და მოლაპარაკებები, აუცილებლად, უნდა წარიმართოს სახელმწიფოს უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებები არაეფექტური და არაფრის მომცემი იქნება“. ვიტალი გიორგაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრს, თავისი ინიციატივითაც შეუძლია შექმნას მედიაციის ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი არაეფექტურია.

„პასუხისმგებლობა რკინიგზის დირექტორთა საბჭოს და სამეთვალყურეო საბჭოს ეკისრება და ასევე სახელმწიფოს, გამომდინარე იქიდან, რომ 15 დღის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა. მედიაცია 2015-2016 წლებშიც ვაწარმოეთ, სამწუხაროდ, იმდენად სუსტი მექანიზმია მედიაცია, რომ, ორივე შემთხვევაში, წარმოჩინდა მედიაცია, როგორც რკინიგზის მხარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ არ მივიჩნიეთ მედიატორის ჩართვა, მაგრამ სამინისტროს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, აქვს უფლებამოსილება, მხარეების დაუკითხავად ჩართოს საქმეში მედიატორი“.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტისგან, მცდელობის მიუხედავად, დღის ბოლომდე პასუხი ვერ მივიღეთ, აპირებს თუ არა სამინისტრო არსებულ ვითარებაში ჩართვას და ვითარების გარკვევას.

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე მიიჩნევს, შექმნილ მდგომარეობაში გამოსავალი სწორედ მინისტრის ჩართულობა იქნებოდა:

„მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ასე გაჭიანურდა და პროცესები ძალიან დაგვიანდა, მინისტრს ახლაც შეუძლია გამოიყენოს ეს უფლებამოსილება და მან, თავისი ინიციატივით, თავად დანიშნოს მედიატორი და ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს მედიაციის პროცესი მხარეებს შორის“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG