Accessibility links

სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკა


ავტორი: მარიამ სიბაშვილი

ალბათ,ხშირად გაგიგიათ პოლიტიკოსების მიმართვებიდან ტერმინი - სამოქალაქო საზოგადოება. ისიც დაგამახსოვრდებოდათ თუ რაოდენ გულმხურვალედ საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

და მაინც, რა არის სამოქალაქო საზოგადოება? რატომაა მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებელი იყოს მთავრობისგან?როგორ ვითარდებოდა იგი საქართველოში და რა კავშირი აქვს მას პოლიტიკასა და პარტიებთან?

რა არის სამოქალაქო საზოგადოება?

არსებობს უამრავი განმარტება,რომელთა მიხედვითაც სამოქალაქო საზოგადოება არის ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო, რომელიც ნებაყოფლობითია, თვითწარმოქმნადი და თვითგანვითარებადია. სახელმწიფოსგან ავტონომიურია და შკრულია საკანონმდებლო წესრიგით გაზიარებულ წესთა ერთობლიობით.

სხვა განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს შუალედურ ავტონომიურ ორგანიზაციას, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტებს, მეორე მხრივ კი, ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. ის მოიცავს ნებაყოფლობითი ორგანიზაციებისა და მოძრაობების ფართო სპექტრს, რომელთაც სხვადასხვა სოციალური ინტერესები აქვთ და სხვადასხვა ტიპის ქმედებას ახორციელებენ. სამოქალაქო საზოგადოების წიაღში არსებული ჯგუფები,როგორებიცაა: აკადემიური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებათდამცველი და პოლიტიკურ საკითხებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიურ გავლენას ახდენენ უსაფრთხოების სექტორში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

კიდევ ერთი განმარტების მიხედვით,სამოქალაქო საზოგადოება ესაა:
ავტონომიური ასოციაციებისა და ჯგუფების არეალი, რომელსაც აყალიბებენ მოქალაქეები და რომელიც სარგებლობს მთავრობისაგან დამოუკიდებლობით; სამოქალაქო საზოგადოება მოიცავს ბიზნესს, კლუბებს, ოჯახებსა და ა.შ.

როგორც ვხედავთ, სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მახასიათებლებია:თვითწარმოქმნა, მთავრობისგან დამოუკიდებლობა და ქმედითუნარიანობა.

მაგრამ, რატომაა მინშვნელოვანი ,სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებელი იყოს მთავრობისგან?

სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც წესი დემოკრატიის ინდიკატორად იყენებენ, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენად დამოუკიდებელი და ქმედითი ორგანიზმია იგი.

სამოქალაქო საზოგადოება მაშინაა ქმედითი და მაშინ უჩვენებს დემოკრატიის ხარისხზე, როცა თვითწარმოქმნილია (მთავრობის ჩარევის გარეშე) და შეუძლია მთავრობის დღის წესრიგში დააყენოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

ლარი დაიმონდს თუ დავესესხებით, სამოქალაქო საზოგადოების უპირველესი ფუნქციაა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის პირობებში მთავრობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედოს, როგორც მთავრობის ძალაუფლების გავრცელების შემზღუდავმა მექანიზმმა. ხოლო არადემოკრატიულ საზოგადოებებში კი - სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები გადაიქცევიან ხელისუფლების დემოკრატიზების მექანიზმად.

ზემოთ აღნიშნულ მოვალეობებს სამოქალაქო საზოგადოების ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ შეასრულებს,თუ არ იქნება დამოუკიდებელი მთავრობისაგან.

საინტერესოა, თუ როგორ ვითარდებოდა სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარი აქტუალური გახდა საბჭოთა სისტემის რღვევის პერიოდიდან. თუმცა სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ინსტიტუტების ჩამოყალიბების დასაწყისს შეგვიძლია თვალი გავადევნოთ მე- 19 საუკუნიდან (თერგდალეულთა მოღვაწეობის შედეგად გაჩენილი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“)

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში სამოქალაქო აქტივობას გააჩნდა მობილიზაციური ხასიათი და წარმოადგენდა მმართველი რეჟიმისადმი გამოვლენილ მხარდაჭერას.

1988-1989 წლებში წარმოქმნილი ორგანიზაციები ძირითადად პოლიტიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებული,არ არსებობდა ზღვარი პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის.

ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ჩმოყალიბება დაიწყო 1992 წლიდან,როდესაც საქართველომ დასავლური კურსი აიღო. არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების არსებობის ძირითად ფორმად იქცნენ.

2003 წლის შემდეგ გაძლიერებული სახელმწიფო ინსტიტუტების ფონზე სამოქალაქო სექტორი ნაკლები ქმედითუნარიანობით გამოირჩეოდა. ამას გააჩნდა რამოდენიმე მიზეზი: დონორების მხრიდან დაფინანსების სახელმწიფო რეფორმებზე გადატანა და დიდი რაოდენობით კვალიფიციური კადრების გადინება სახელმწიფო სექტორში.

სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. ამის მიზეზი მოქალაქეობრივი კულტურის ნაკლებობა და საზოგადოებაში არსებული მორჩილებითი პოლიტიკური კულტურის ელემენტებია.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რაც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება, არის მისი კავშირი პოლიტიკასა და პოლიტიკურ პარტიებთან.

როგორც უკვე აღვნიშნე, სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენის მოხდენაა. მოქალაქეთა თვითორგანიზებულ ჯგუფს უნდა შეეძლოს , მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები აქტუალური გახადოს და მთავრობის ყურადღბის კონცენტრაცია გარკვეული პრობლემის გარშემო მოახდინოს. ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური პროცესების თანამონაწილედ უნდა მივიჩნიოთ.

პოლიტიკური პარტიების მსგავსად, რომელთა ერთ-ერთი ფუნქცია პოლიტიკური ლიდერების წინ წამოწევა და რეკრუტირებაა, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დემოკრატიის ხელშმწყობი ინსტიტუტის ფუნქციაც დაახლოებით იგივეა. სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი და ა.შ სამოქალაქო აქტივობების განხორციელების პროცესში იძენენ რა გამოცდილებას, უნარ-ჩვევებს და ეჩვევიან პრაქტიკულ მოღვაწეობას, ხშირად პარტიული პოლიტიკის სფეროში გადადიან- სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური ლიდერების „გამოწრთობას“ გულისხმობს.

აღსანიშნავია, სამოქალაქო საზოგადოების როლი სახელმწიფოში ახალი იდეებისა და რეფორმების გატარებისას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურ ფუნქციებზე.

დასკვნის სახით შიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო, რომელიც ნებაყოფლობითია, თვითწარმოქმნადი და თვითგანვითარებადია. სახელმწიფოსგან ავტონომიურია და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით გაზიარებულ წესთა ერთობლიობით.

ცნების ფესვები მომდინარეობს არისტოტელეს ცნებიდან „პოლისი“ და ე.წ ბუნებრივი სამართლის იდეებიდან. აღნიშნულის მიხედვით სამოქალაქო საზოგადოება ნიშნავს არა წინარესახელმწიფოებრივ არამედ „პოლიტიკურ საზოგადოებას“.

მნიშვნელოვანია,რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში და განახორციელოს მთავრობის მონიტორინგი და კონტროლი.

სამოქალაქო საზოგადოება არის დემოკრატიული განვითარების სტაბილურობის ერთ-ერთი წინაპირობა და საქართველოში მსგავსი აქტივობები შეინიშნებოდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან. პროცესი უფრო გააქტიურდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.დღესაც არსებობს გარკვეული ხარვეზები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე, თუმცა ეს პროცესი ნელ-ნელა იხვეწება და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ვითარდება,

რაც ნამდვილად დადებითი მოვლენაა, რადგან სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს უფრო პროფესიონალური პოლიტიკის კეთებას და პოლიტიკური პარტიების პროფესიონალი კადრებით აღჭურვას.

დაწერეთ კომენტარი აქ

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG