Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპის წირვა თბილისში


რომის პაპი ფრანცისკე თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
რომის პაპი ფრანცისკე თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

რომის პაპმა ფრანცისკემ თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, წირვა აღასრულა. წირვას კათოლიკე მრევლსა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მიხეილ მესხის სტადიონზე წირვას რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო. კათოლიკე მრევლის გარდა, წირვას სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პაპი ფრანცისკე თავის ქადაგებაში სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის, განსხვავებულობას ეკლესიებს შორის:

„ცუდია, როდესაც ჩაკეტილ საეკლესიო მიკროკლიმატს ვეგუებით. კარგია, როცა ვრცელ და იმედისმომცემ ჰორიზონტებს ვეზიარებით, თავმდაბალი გაბედულებით ვაღებთ კარს და გავდივართ საკუთარი თავიდან“.

სანამ პაპი სტადიონზე მოწყობილი სცენიდან ქადაგებდა, მსმენელებს ყვითელ კოსტუმებში გამოწყობილი 150 მოხალისე ემსახურებოდა, ურიგებდა წყალს და ბუკლეტებს ლოცვებით. ერთ-ერთი მათგანი პავლიკ ხითარიშვილია, კათოლიკე ეკლესიის მრევლი. ის 30 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის ჩამოსვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ცერემონიასაც ესწრებოდა:

„რომის პაპი ღირსეულ დახვედრას იმსახურებს, რადგან მოდის, როგორც მშვიდობიანი სტუმარი და უნდა გვისურვოს მშვიდობა. ასევე, ეს ყველაზე კარგი ხიდია აქ მყოფ კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის“.

რომის პაპთან შესახვედრად საქართველოში ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთიდანაც - დაახლოებით, 300 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი ნუბარ გაზოიანია. ის და მისი მეგობრები წირვიდან მხიარული შეძახილებით გამოვიდნენ.

„მიხარია, რომ დღეს აქ ვართ. დიდი მადლობა რომის პაპს ამ შეხვედრისთვის. კათოლიკური ეკლესია ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. და ეს შეხვედრაც“.

პაპი ფრანცისკეს წირვას ესწრებოდნენ ადამიანებიც, რომლებიც, მართალია, მორწმუნეები არ არიან, მაგრამ მიიჩნევენ, რომ კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლის საქართველოში ჩამოსვლა ქვეყნისთვის არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, სტუდენტი გიორგი ხატიაშვილი წირვას მეგობრებთან ერთად დაესწრო. ცერემონია მოეწონა, თუმცა უფრო მეტად - პაპის განცხადებები:

„საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ვატიკანის მხარდაჭერა. პაპის გუშინდელი განცხადებები ძალიან კარგი იყო, რადგან მან გააკრიტიკა რუსეთი, მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ საჭიროა ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის კურსის შენარჩუნება, გაძლიერება და გაღრმავება“.

ასე არ ფიქრობს რამდენიმე ათეული აქტივისტი - მართლმადიდებელი მღვდლები და მრევლი, რომლებმაც მიხეილ მესხის სტადიონთან რომის პაპის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ისინი საპროტესტო შეძახილებითა და ტრანსპარანტებით დახვდნენ ვატიკანელ სტუმარს 30 სექტემბერს აეროპორტთანაც და წინააღმდეგნი არიან რომის პაპის შესვლისა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, რომელიც რომის პაპმა კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ერთად 1 ოქტომბერს მოინახულა.

პაპი ფრანცისკე საქართველოს 2 ოქტომბერს დილაადრიან დატოვებს და აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ესტუმრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG