Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როი პლაკნეტმა გორის რაიონში USAID-ისა და NEO-ს პროექტები მოინახულა


როი პლაკნეტი ტირძნისის სილამაზის სალონში
როი პლაკნეტი ტირძნისის სილამაზის სალონში
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ როი პლაკნეტმა თმები ტირძნისის სილამაზის სალონში შეიჭრა. კონფლიქტის ზონის სოფელში ეს სალონი რამდენიმე თვის წინ თეა ბუჟღულაშვილმა გახსნა, მანამდე კი მან პროფესიული ცოდნა, „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების“ (NEO) პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში, კოლეჯ „განთიადში“ აიმაღლა. სალონის სტუმარი ახალი ვარცხნილობით კმაყოფილი დარჩა და სტილისტი დაასაჩუქრა. თეა ბუჟღულაშვილი ამბობს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გადაემზადა, კოლეჯში საჭირო ინვენტარი უფასოდ გადასცეს და სოფლის ცენტრში სალონის გახსნაც შესაძლებელი გახდა.

ტირძნისში ჩასვლამდე როი პლაკნეტი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გორში პროფესიული განათლების კოლეჯ „განთიადს“ ესტუმრა, სადაც 58 კურსდამთავრებულს სერტიფიკატები, სამშენებლო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის კომპლექტები გადაეცათ. „განთიადში“, „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის“(NEO) პროექტის ფარგლებში სამშენებლო ხელობის კურსები გაიარა 44-მა იძულებით გადაადგილებულმა და 14-მა სოციალურად დაუცველმა პირმა. იოსებ შიუკაშვილი შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. კოლეჯში მან მეფილე მომპირკეთებლის პროფესია შეისწავლა და ახლა იმედი აქვს, რომ ამ პროფესიით დასაქმდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე როი პლაკნეტი აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობა USAID-ისა და NEO-ს მეშვეობით საქართველოში ბევრ დევნილსა და სოციალურად დაუცველს ეხმარება.

„ახალი შესაძლებლობების ინიციატივას“ (NEO) USAID-ის მეშვეობით ამერიკის მთავრობა აფინანსებს და პროექტი შემუშავებულია საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და თემების დასახმარებლად. „ნეოს“ პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე საბა სარიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 70 ათას ოჯახს გაეწევა დახმარება, რაც გრანტებისა და მცირე სესხების პროგრამასაც გულისხმობს.

საქართველოს მასშტაბით „ნეომ“ ასევე უზრუნველყო პროფესიული ტრენინგი და ინსტრუმენტების დარიგება 254 ბენეფიციარისთვის. მათ შეისწავლეს მეფუტკრის, სანტექნიკოსის, ელექტრიკოსის, მკერავის, მეფილის და შემდუღებლის სპეციალობები. ამ კურსების დასრულების შემდეგ 168 კურსდამთავრებული უკვე დასაქმდა და გაუჩნდა შემოსავლის წყარო.
XS
SM
MD
LG