უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის კელეტის რკინიგზის სადგური, საიდანაც მატარებლები პრაღისა და ვენის მიმართულებით გადიან, მოხალისეთა მონაცემებით, მარტო ერთ დღეს, 9 სექტემბერს, 3500-ზე მეტმა ლტოლვილმა გაიარა. ძირითადად, ეს არის ხალხი სირიიდან, ავღანეთიდან, იორდანიიდან და სხვა ქვეყნებიდან, სადაც ან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ან ომის შედეგად განადგურებულია ეკონომიკა. ეკონომიკური ფაქტორი მართლაც ასრულებს ისეთივე როლს, როგორც გადარჩენის - საკუთარი თავისა და შვილების გადარჩენის - სურვილი. 15 სექტემბრამდე ბუდაპეშტში მოელიან ლტოლვილთა რიცხვის მნიშვნელოვან მატებას, რადგან ბანაკში ყველა დარწმუნებულია: ამ დღეს უნგრეთი მიგრანტებს ჩაუკეტავს თავის საზღვარს სერბიასთან. ლტოლვილებს ან სერბიაში დარჩენა მოუწევთ, ან დაპატიმრების რისკზე წასვლა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. გთავაზობთ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტის ფოტორეპორტაჟს ბუდაპეშტიდან.
ბუდაპეშტი: ომს გამოქცეულნი
1
ლტოლვილთა ნაკადი უნგრეთში შედის, ძირითადად, მეზობელი სერბიიდან, სადაც მოქმედებს საზღვარზე გადასვლის გამარტივებული რეჟიმი. უკვე ბუდაპეშტიდან ლტოლვილები ავსტრიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ.
2
ლტოლვილებს არ აძლევენ უნგრეთის დედაქალაქში დიდხანს დარჩენის შესაძლებლობას. ისინი სულ რამდენიმე საათი რჩებიან სადგურთან, თუ ავად არ არიან, ან ღამემ არ მოუსწრო.
3
თუ ღამეა, ლტოლვილები თავს აფარებენ იქვე, ან სადგურის მიწისქვეშა გადასასვლელში აღმართულ კარვებს.
4
მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტის გავლით ყოველდღე დიდი რაოდენობით ლტოლვილები მგზავრობენ, იშვიათად ხდება, იქ ერთდროულად რამდენიმე ასეულზე მეტი ადამიანი იმყოფებოდეს.
5
6
7
8
ავღანელი ბიჭი ფეხებს იბანს ქუჩაში დამონტაჟებულ ონკანთან. მას შემდეგ, რაც იქვე თავსაც დაიბანს, მეტროში შედის და კონდიციონერთან შრება.
9
მოედანზე შეკრებილია საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ოჯახების გარეშე ჩავიდა ევროპაში მაღალი შემოსავლის იმედით. ზოგი მათგანი არ ამჟღავნებს სამუშაოს შოვნის განსაკუთრებულ სურვილს. „გერმანიაში არ წავალ, იქ ცივა, - ამბობს ერთ-ერთი, იორდანიიდან ლტოლვილი. - იტალიაში წავალ, იქ უფრო თბილა“.
10
ლტოლვილებს ურიგებენ ტანისამოსსა და ფეხსაცმელს, რომელიც მთელ ევროპაში გროვდება, ურიგებენ საკვებსა და სასმელ წყალს, რის შესახებაც ატყობინებენ მეტროში გამოფენილი არაბულენოვანი განცხადებებით.