Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიოს ოლიმპიადა „ბირთვული ვარიანტის“ გარეშე


რიოს ოლიმპიადის დაწყებამდე ორი დღით ადრე, გრძელდება დავა ოლიმპიურ თამაშებში რუსი ათლეტების მონაწილეობის გარშემო. ერთი მხრივ, აკრიტიკებენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს იმისათვის, რომ დისკვალიფიკაცია არ მისცა რუსეთის მთელ ოლიმპიურ ნაკრებს, მეორე მხრივ, მოითხოვენ საერთაშორისო ანტისადოპინგო სისტემის გარდაქმნას, რადგან მან უფრო ადრე ვერ გამოააშკარავა რუსეთში დოპინგით სარგებლობის მასშტაბური, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სისტემა. ამასობაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებაში ბირთვული იარაღის მეტაფორამაც კი გაიჟღერა...

„ბირთვული ვარიანტი“ - ეს სიტყვები წარმოთქვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ბრაზილიაში, როცა საუბრობდა ოლიმპიადაში რუსი ათლეტების მონაწილეობის გარშემო დავაზე.

გადმოწერა

“რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან მიმართებით სრული აკრძალვა ზოგიერთმა „ბირთვულ ვარიანტად“ მოიხსენია და უდანაშაულო ათლეტები „თანმხლებ დანაკარგად“ ჩაითვლებოდნენ. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ასეთი შედარება უზომოდ გაზვიადებულია, როცა საქმე სპორტს ეხება, მოდით, ცოტა ხანი დავუფიქრდეთ, რა შედეგები მოაქვს ბირთვულ ვარიანტს. შედეგია სიკვდილი და ნგრევა. ეს არ არის ის, რასაც ოლიმპიური მოძრაობა განასახიერებს. ცინიკური მიდგომა - „თანმხლები დანაკარგი“ - არ არის ის, რასაც ოლიმპიური მოძრაობა განასახიერებს“, - განაცხადა ბახმა რიო-დე-ჟანეიროში, სადაც 5 აგვისტოს გაიხსნება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ბახმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მსოფლიოს ანტისადოპინგო უწყება (WADA) იმისთვის, რომ მან ოლიმპიადის დაწყებამდე სულ მცირე ხნით ადრე გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, რომელშიც გამოაშკარავებულია რუსეთში გავრცელებული და სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი სადოპინგო სისტემა. ამასთან, ბახმა „მიუღებელი“ უწოდა ბრალდებას, რომ დოპინგთან ბრძოლა არ ადარდებს, რახან დასაშვებად მიიჩნევს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღოს ქვეყანამ, რომელშიც სახელმწიფო დონეზეა აყვანილი სპორტში დოპინგის გამოყენება და ამის მიჩქმალვა.

„ყველა მხარდამჭერის სახელით გადაჭრით უარვყოფ ამ ინსინუაციას. შესაძლოა, ვერ ვთანხმდებოდეთ იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ მიზანს, მაგრამ ყველა ვმუშაობთ ერთი მიზნის - სუფთა ათლეტების დაცვის - მისაღწევად. აზრთა სხვაობის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ არასოდეს უნდა დავუშვათ ასეთი რამის გამეორება“, - განაცხადა თომას ბახმა. ოლიმპიური კომიტეტის 86 წევრიდან ბევრმა გაიზიარა მისი კრიტიკა ამჟამინდელი ანტისადოპინგო სისტემის მისამართით და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელმა კრეიგ რიდიმ აღიარა, რომ მისი ორგანიზაციის საქმიანობა დახვეწას საჭიროებს.

„ხშირად არ ხდება სპორტში, რომ აღმოჩნდები ისეთი რაღაცის წინაშე, რაც რუსეთიდან შევიტყვეთ ბოლო 9-18 თვეში. იცით, მართლა, მართლა ძალიან ძნელია ასეთ რამესთან გამკლავება. და ეს პრობლემებად აწვება ყველას - პრობლემად აწვება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, პრობლემად აწვება ათლეტებს, პრობლემად აწვება საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს“, - აღნიშნა რიდიმ.

თუმცა, მისი აზრით, სოკის გადაწყვეტილება, 387 რუსი სპორტსმენიდან ოლიმპიადაზე არ დაეშვა 117, საკმარისად მკაცრი სასჯელი არ არის იმ დარღვევებთან შედარებით, რომლებიც ამ ქვეყანაში გამოვლინდა. „სასიცოცხლოდ აუცილებელია, არ დავუშვათ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა მუდმივად უგულებელყოფდეს საყოველთაოდ მიღებულ წესებს“, განაცხადა რიდიმ. 2 აგვისტოს სხდომის მონაწილეებმა 85 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადასტურეს სოკის აღმასრულებელი კომიტეტის 24 ივლისის გადაწყვეტილება, სრული შემადგენლობით არ მიეცათ დისკვალიფიკაცია რუსეთის ოლიმპიური დელეგაციისთვის.

ამ გადაწყვეტილებას კვლავაც მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს - მათ შორის, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი პრეზიდენტი, დიკ პაუნდი: „იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მთლიანად (რუსეთის გუნდს) არ აუკრძალა მონაწილეობა. ოლიმპიურ კომიტეტს შეეძლო გამოეყენებინა ინდივიდების მიმართ სამართლიანობის ფორმულა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სუფთა ათლეტების მონაწილეობას ოლიმპიური დროშით. ასეთ შემთხვევაში იქ რუსეთის დროშა არ იქნებოდა“.

რუსეთის დროშა იქნება რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, დოპინგთან დაკავშირებული, სპორტის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური, სკანდალის მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG