Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის სჯის


რუსეთ-საქართველოს საზღვრის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ზემო ლარსი
რუსეთ-საქართველოს საზღვრის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ზემო ლარსი

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას აპირებს. საუბარია 1994 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლის გადახედვითაც მოსკოვი რამდენჯერმე დაემუქრა თბილისს, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გამო. პროექტი შემუშავებულია ეკონომიკის სამინისტროს წიაღში, თუმცა ინიციატორად საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელდება. მთავრობის დადგენილების პროექტად ჩამოყალიბებული ინიციატივა უკვე შეთანხმებულია იუსტიციის სამინისტროსთანაც.

რას მოიტანს რუსეთის გადაწყვეტილება და რას შეცვლის ის მეწარმეებისთვის?

ეს ტრაგედია არ არის - ასე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის სამთავრობო ინიციატივას, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი ხუთშაბათის კომენტარში ამბობს იმასაც, რომ ჯერ საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილა და რომ პროცესი დიალოგით უნდა გაგრძელდეს:

”მე უკვე გუშინ ვესაუბრე ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, და ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთის მხარესთან და მე მიმაჩნია, რომ შეთანხმებას მივაღწევთ”.

კონკრეტულად როგორ აპირებს საქართველო რუსეთის დაყოლიებასა და მასთან საერთო ენის გამონახვას, ეს ჯერჯერობით უცნობია - მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, ბევრის აზრით, არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებაა და ის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებით არის განპირობებული. რუსეთის ხელისუფლებამ, მათ შორის, უმაღლესმა პირებმაც არაერთხელ თქვეს, რომ, ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების კვალდაკვალ, რუსეთი დაიწყებდა ფიქრს თავისი სამომხმარებლო ბაზრის ”დაცვაზე”.

ჩვენ რუსეთთან მომავალში ვივაჭრებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, ანუ ისე, როგორც ვაჭრობს რუსეთთან მსოფლიო სახელმწიფოთა უმრავლესობა...
ზურაბ აბაშიძე

როგორც უშუალო მომლაპარაკებელმა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში - ზურაბ აბაშიძემ უთხრა 31 ივლისს ჟურნალისტებს, საქართველო ამჟამინდელი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებას შეეცდება, მაგრამ თუკი რუსეთი თავისას არ დაიშლის, ორ ქვეყანას შორის ჩვეულებრივი სავაჭრო რეჟიმი ამოქმედდება:

”ჩვენ რუსეთთან მომავალში ვივაჭრებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, ანუ ისე, როგორც ვაჭრობს რუსეთთან მსოფლიო სახელმწიფოთა უმრავლესობა. ამაში ტრაგედია არაფერია. საუბარია იმაზე, რომ, თუკი აქამდე ექსპორტი საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული იყო, ახლა იქნება საბაჟო გადასახადი, რაც, გარკვეულწილად, პროდუქციას, ალბათ, გააძვირებს”.

თუკი რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეჩერდება, ექსპერტების აზრით, პროდუქცია აუცილებლად გაძვირდება - როგორც ექსპორტირებული, ასევე იმპორტირებული - და ასეთ შემთხვევაში თითოეული მეწარმის გადასაწყვეტი იქნება, უღირს თუ არა მას მეზობელი ქვეყნის ბაზარზე შესვლა.

სააგენტო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ურთიერთობას რუსეთის შესაბამის სამსახურებთან. რაც შეეხება ფიტოსანიტარიულ კონტროლს, პროდუქციის უვნებლობის უზრუნველყოფას და ჩვენ მიერ გაცემულ სერტიფიკატებს, ის რუსეთის ფედერაციაში აღიარებულია და ჯერჯერობით პრობლემები ამ მხრივ არ შექმნილა...
გიგა ქურდოვანიძე

მართალია, თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება პროდუქციისთვის ემბარგოს დაწესებას არ ნიშნავს, მაგრამ პრობლემა ბევრისთვის საკმაოდ მუქად გამოიყურება ამჟამინდელ ფონზე: მინერალური წყლებისა თუ ღვინის შემდეგ, რუსეთის ბაზარზე ხელახალი დამკვიდრების პროცესს ხომ სულ ახლახან შეუდგა ქართული ხილი და ბოსტნეული, რაც შემოსავლის ერთადერთი წყაროა სოფლად მცხოვრები ბევრი ფერმერისთვის... სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ბაზარზე გასულია 1800 ტონაზე მეტი პროდუქცია, მათ შორის: 725 ტონა ატამი, 944 ტონა ვაშლატამა, 36 ტონა ბალი, 26 ტონა მოცვი, 18,5 ტონა პომიდორი და 61 ტონა საადრეო კარტოფილი.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიგა ქურდოვანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე ხილისა და ბოსტნეულის რუსეთის ბაზარზე გატანა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესი არ შეფერხებულა:

”სააგენტო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ურთიერთობას რუსეთის შესაბამის სამსახურებთან. რაც შეეხება ფიტოსანიტარიულ კონტროლს, პროდუქციის უვნებლობის უზრუნველყოფას და ჩვენ მიერ გაცემულ სერტიფიკატებს, ის რუსეთის ფედერაციაში აღიარებულია და ჯერჯერობით პრობლემები ამ მხრივ არ შექმნილა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს პროდუქციაში არ აღმოჩნდეს რუსეთისთვის საკარანტინო მავნებლები და დაავადებები და სწორედ ამ კუთხით არ გამოიწვიოს ექსპორტის პრობლემები”.

მოსკოვიდან წამოსული არაერთი მუქარის მიუხედავად, რუსეთის სამთავრობო გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ექსპერტისთვის ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიასთვის, რომელიც თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოზე მეტად რუსეთს დააზარალებს:

”რუსული საქონელი 4-ჯერ მეტი შემოდის აქეთ, ვიდრე ჩვენი საქონელი შედის რუსეთში. შესაბამისად, უფრო დაზარალდებიან რუსული კომპანიები, ვიდრე ჩვენი კომპანიები. მეგონა, რომ რუსები დათვლიდნენ, ელემენტარულად, და ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდნენ. კი, რუსეთი ჩვენზე ბევრად დიდია, მაგრამ საკმაოდ სენსიტიურია და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია დღეს. მას ჩვენი ბაზარი სჭირდება დღეს და არ მგონია, რომ ეს თემა მისთვის უმნიშვნელო იყოს მაშინ, როცა მას ბოიკოტს უცხადებენ ევროპიდან და ამერიკიდან”.

ემზარ ჯგერენაია არ მოელის, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას ემბარგოც მოჰყვება, ხოლო ირაკლი ლექვინაძეს არ გაუკვირდება, თუკი ეს სწორედ ასე მოხდება. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ფიქრობს, რომ ქართველ მეწარმეებს და, საერთოდ, საქართველოს ეკონომიკას გააზრებული აქვთ რუსეთის ბაზრის არასტაბილურობა და არასანდოობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG