Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „ტელეგრამის“ დაბლოკვას ცდილობს


რუსეთის სახელმწიფო მედიარეგულაციის სამსახურმა სასამართლოს მიმართა შეტყობინებების აპის, „ტელეგრამის“, დასაბლოკად მას შემდეგ, რაც ამ კომპანიამ უარი განუცხადა უშიშროების ფედერალურ სამსახურს თავისი მომხმარებლების პირადი მიმოწერის გადაცემაზე. „როსკომნადზორის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ 6 აპრილს მიმართეს მოსკოვის რაგანკის სასამართლოს, რათა შეიზღუდოს „ტელეგრამის“ ფუნქციონირება რუსეთის ტერიტორიაზე.

20 მარტს „როსკომნადზორმა“ „ტელეგრამს“ მოსთხოვა, უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის გადაეცა კოდირების გასაღები, რათა მათ 15 დღის განმავლობაში მომხმარებლების შეტყობინებები წაეკითხათ.

„ტელეგრამის“ ადვოკატის, რამილ ახმეტგალიევის, განცხადებით, კომპანია არ აპირებს „ეფესბეს“ მოთხოვნის შესრულებას, რადგან ის „არაკონსტიტუციურია“ და „არ არის კანონზე დაფუძნებული“. მან თქვა: „’ტელეგრამის’ პოზიცია უცვლელი რჩება - მოთხოვნის ასრულება შეუძლებელია როგორც ტექნიკურად, ისე კანონიერად და, შესაბამისად, პროგრამის ბლოკირება უსაფუძვლოა“.

ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრემლი „ტელეგრამს“ მიიჩნევს ჟურნალისტებთან კომუნიკაციის მოსახერხებელ საშუალებად და რომ „გულდასაწყვეტი იქნება, თუ კონსენსუსი ვერ მიიღწევა“.

20 მარტს „როსკომნადზორმა“„ტელეგრამს“ მოსთხოვა, უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის გადაეცა კოდირების გასაღები, რათა მათ 15 დღის განმავლობაში მომხმარებლების შეტყობინებები წაეკითხათ. მანამდე რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო „ტელეგრამის“ აპელაცია, რომლითაც ის მოთხოვნის წინააღმდეგ გამოვიდა.

„ტელეგრამის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პაველ დუროვი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, აცხადებს, რომ „ტელეგრამი“ განაგრძობს თავისუფლებისა და პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვას.

„ტელეგრამი“ 2013 წელს დააარსეს ძმებმა დუროვებმა. დღეს მას მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ამ პროგრამას იყენებენ კრემლის კრიტიკოსები ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაგეგმავად და ინფორმაციის გასავრცელებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG