Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 3 აგვისტო


გამოცემა „იზვესტია“ პოლიტოლოგ ოგელ მატვეიჩევის ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს ოლიმპიადების ისტორიაზე. „ოლიმპიადის საფარქვეშ“ - ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატიის სახით, ავტორი მთლიანად პროპაგანდისტული შინაარსის ტექსტს გვთავაზობს იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებს აშშ ოლიმპიადას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ოლიმპიადა ისტორიულად მშვიდობის სიმბოლო იყო და ოლიმპიადის მიმდინარეობისას ყველა ომი და კონფლიქტი წყდებოდა. სპორტი აპოლიტიკური მოვლენაა, ამიტომ ყველაზე დიდი სკანდალი თანამედროვე ოლიმპიადის ისტორიაში ამერიკის შეერთებული შტატების ბოიკოტი იყო, რომელიც 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადას გამოუცხადეს - შტატები ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანას აპროტესტებდა. საბჭოთა კავშირმა კი ლოს-ანჯელესში 1984 წელს გამართულ ოლიმპიადას გამოუცხადა ბოიკოტი. მთელი ისტორიის განმავლობაში სულ ორი შემთხვევა იყო, როცა ოლიმპიადა მონაწილეთა არასრული შემადგენლობით ჩატარდა.

ამის შემდეგ პოლიტიკოსები ოლიმპიადას სულ უფრო ხშირად იყენებენ პოლიტიკური მიზნით, წერს „იზვესტიის“ ავტორი. ოლიმპიადა, რომელსაც ორი კვირის განმავლობაში მსოფლიო მედიის თვალი აქვს მიპყრობილი, კარგი საშუალებაა ინფორმაციის გასავრცელებლად. ამიტომაც ოლიმპიადის ჩატარების ადგილისთვის ყოველთვის სერიოზული ბრძოლა იმართება. „იზვესტიის“ ავტორის აზრით, შეერთებული შტატები ძალისხმევას არ იშურებს, რომ ოლიმპიადა თავისი ინტერესის მიხედვით გამოიყენოს. ასე იყო 2008 წლის 8 აგვისტოსაც, როცა პეკინში ოლიმპიადის გახსნისას ცხინვალში ომი დაიწყო. მსოფლიო მასმედიაში ომის დაწყების ამბავმა ოლიმპიადა დაჩრდილა. „ახლაც, რიოს ოლიმპიადის კვალდაკვალ, შეერთებული შტატები ცდილობს გაახუნოს ოლიმპიადის მიმართ მოლოდინი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ბრაზილია აშშ-ის მიმართ არცთუ კეთილგანწყობილ ქვეყნად მიიჩნევა, თუმცა კეთილგანწყობილია რუსეთისა და ჩინეთის მიმართ. ამიტომაც ბრაზილია რუსეთთან ერთად დარტყმის ქვეშაა. რუსეთის მიმართ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სანქციები მოქმედებს ყირიმის მიერთების გამო. და სოჭის ოლიმპიადის გახუნებაც სურდათ სიუჟეტებით, რომლებიც ცუდ ორგანიზებასა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას შეეხებოდა“, წერს „იზვესტიის“ ავტორი, წელს კი, მისი თქმით, ოლიმპიადის წინ შეერთებულმა შტატებმა დოპინგსკანდალი გამოიყენა და რუსეთის სპორტსმენების ნაწილს ფულის სანაცვლოდ მოუწია ეღიარებინა, რომ ისინი დოპინგს მოიხმარენ. სტატიის დასკვნით ნაწილში ავტორი წერს, რომ შეერთებული შტატები ძალისხმევას არ იშურებს ყველა ოლიმპიადა გააფუჭოს, რომელიც ამერიკაში არ ჩატარდება.

გამოცემა „კომერსანტი“ ინტერვიუს აქვეყნებს რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფის ყოფილ ხელმძღვანელ ვლადიმირ ლუცენკოსთან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებული ვიდეოს თაობაზე. გამოცემა წერს, რომ ვიდეომიმართვაში საუბარია რუსეთის ხელისუფლებასა და მოქალაქეებზე თავდასხმის შესახებ. „კომერსანტის“ რესპონდენტი კითხვაზე, რამდენად სერიოზულად შეიძლება ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომიმართვის მუქარად აღქმა, პასუხობს, რომ „რუსეთი სამიზნიდან არავის ჩამოუხსნია“, თუმცა, მისივე სიტყვებით, რუსეთში ტერორიზმთან ბრძოლის ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს. ამასთან, ტერორისტული ბუდეები ქვეყნის შიგნით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უცხოეთიდან მომდინარე რისკია. ვლადიმირ ლუცენკოს სიტყვებით, რუსეთში ჯერ კიდევ შემორჩენილია ბასაევის დაჯგუფების ფრაგმენტები, თუმცა არსებობს კიდევ ერთი დაჯგუფება, სახელწოდებით „კავკასიის ვილაიეთი“, „რომელიც კვლავ აქტიურია. ორგანიზაციას უცხოური დონაციის გარეშე ფასი არ ექნებოდა და კარგა ხნის განადგურებულიც გვეყოლებოდა, მაგრამ მას წყარო აქვს. თავის დროზე ქართული წყაროებიდან საზრდოობდა, საქართველოს გავლით, ახლა რაღაც სხვა გზებს დაეძებს, მაგრამ მთავარი ფინანსური ბაზა არის „ისლამურ სახელმწიფოში“, მათ უკან კი ყატარი და სხვა ფონდებია. და ჩვენი მეგობარი ამერიკელები კი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურად იქცევიან“, ეუბნება “კომერსანტს“ რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფის ყოფილი ხელმძღვანელი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG