Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სათათბიროს ჰიმნი მითქმა-მოთქმისა და ქილიკის საგანი გახდა


რუსეთის სათათბირო
რუსეთის სათათბირო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ თავისი ახალი ჰიმნი წარუდგინა საზოგადოებას. ჰიმნი მყისიერად გახდა რუსი ბლოგერების ქილიკისა და დაცინვის საგანი.

ჰიმნის ტექსტი არქაულია, მელოდია კი ძველ გერმანულ ჰიმნს ჩამოჰგავს. მთლიანობაში, საქმე გვაქვს უცნაურ, სასაცილო და აბსურდულ მუსიკალურ ნაწარმოებთან.

ეს და კიდევ უფრო კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა ინტერნეტში მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიმდინარე თვეში გადაწყვიტა ძველი ცარისტული ჰიმნი აღედგინა საკუთარი თავის პატივისცემის ნიშნად.

ჰიმნი 11 ივნისს დაუკრეს სათათბიროს სხდომაზე, დეპუტატების ოვაციების თანხლებით. სიმღერა იოსიფ კობზონმა შეასრულა - ვეტერანმა მომღერალმა, საბჭოთა კულტურის ვარსკვლავმა, რომლის ირგვლივ ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის შესახებ დადიოდა ხმები და რომელიც ახლა მმართველი პარტიის - „ერთიანი რუსეთის“ - წარმომადგენელი დეპუტატია.
როგორც სათათბიროს სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, ჰიმნის მიზანი იმ ისტორიული კავშირის ხაზგასმაა, რომელიც არსებობს პირველ, ცარიზმის პერიოდის, პარლამენტსა, რომელიც 1906 წელს იქნა მოწვეული, და დღევანდელ სათათბიროს შორის:

“მუსიკა დაწერილია ეროვნული კლასიკური სკოლის საუკეთესო ტრადიციით. ამაღლებული ტექსტი კი შეგვახსენებს ჩვენს ურყევ კავშირს ჩვენივე წარსულთან, ისევე როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს, ეროვნული საპარლამენტო ტრადიციების მემკვიდრეობითობას და, ცხადია, ჩვენი ქვეყნის სიდიადეს - ქვეყნის, რომლის სახელიც, რუსეთი, მას საბოლოოდ 1990 წელს დაუბრუნდა“.

კობზონის წარდგენისას ნარიშკინმა თქვა, ჰიმნი წარმოადგენს „მორიგ ეტაპს მის ნათელ შემოქმედებით ბიოგრაფიაშიო“, და დასძინა, ეს ქვეყნის პარლამენტარიზმის ისტორიაში შეტანილი უნიკალური წვლილიაო.
თუმცა რუსეთის ონლაინ წრეებში ჰიმნი სულ სხვა განწყობით მიიღეს.

ჰიმნის ტექსტს, რომელიც იწყება ფრაზით - „თქვენ, ხალხის რჩეულნო, რუსეთი ქედს გიხრით“, ერთ-ერთი ბლოგერი, ონლაინ სახელით „ივანპოდედა“, ასე გამოეხმაურა: „რა საშინელებაა! აბა, სხვა რა უნდა ვუწოდო ამას. მე პირადად არავინ ამირჩევია და არც არავის ვუხრი ქედს. და ვიცი რომ კიდევ ბევრია ჩემნაირი. ძალიან უცნაური, სასაცილო და აბსურდული ჰიმნია“.
იუთუბზე, სადაც ჰიმნის კობზონისეული ვერსია ატვირთეს, კომენტატორებმა ტექსტის უწმაწურად გადაკეთებული ფრაზები დაწერეს.

მუსიკოსმა და ბლოგერმა მიხეილ დენისოვმა კი დაწერა, მელოდია საეჭვოდ ჰგავს გერმანიის ეროვნულ ჰიმნსო. „სახელმწიფო დუმის ჰიმნი პლაგიატია - ის „დოიჩლანდ იუბერ ალესს“ ჰგავს“, - განაცხადა დენისოვმა. მას, ცხადია, მხედველობაში ჰქონდა გერმანიის ჰიმნის ის სტროფი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტექსტიდან ამოიღეს.

დენისოვის მიერ გამოთქმული ბრალდების პასუხად კობზონმა განაცხადა, „ის ხალხი, ვინც ინტერნეტშია და ბლოგებს კითხულობს, იდიოტები არიანო“.
ჰიმნის მელოდიის ავტორი, სინამდვილეში, ალექსანდრ გლაზუნოვია - მე-19 საუკუნის ბოლოს და ადრეულ მეოცე საუკუნეში მცხოვრები კომპოზიტორი, რომელიც დმიტრი შოსტაკოვიჩის მასწავლებელი იყო. ტექსტი პოეტ ნიკოლაი სოკოლოვს ეკუთვნის და პირველად 1906 წლის 27 აპრილს გამოქვეყნდა - ცარისტული პერიოდის სათათბიროს პირველი სხდომის ჩატარების დღეს.
XS
SM
MD
LG