Accessibility links

მოსკოვსა და თბილისს შორის ეპისტოლარული ჟანრის კონტაქტი გრძელდება. პრემიერ-მინისტრის 9 მარტის განცხადებას რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტმა 12 მარტს უპასუხა, რასაც 13 მარტს საქართველოს საგარეო უწყების ასევე წერილობითი განცხადება მოჰყვა. რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნისკენ გიორგი კვირიკაშვილის მოწოდება ბოლო ხანებში საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, რუსეთ-საქართველოს მიმოწერაში სახიფათო აქცენტებს ხედავენ ანალიტიკოსებიც, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ ყველაფერს უსაფრთხოებაზე ორიენტირებული პრაგმატული პოლიტიკით ხსნის.

please wait

No media source currently available

0:00 0:06:11 0:00
Direct link

საგარეო უწყების ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც რუსეთმა 12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 9 მარტის განცხადებას უპასუხა, საქართველოში ძალიან ბევრმა აღიქვა პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელ ცინიზმად, თუმცა ასე არ ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“ და მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე იმედგაცრუებულია რუსეთის არაკონსტრუქციული მიდგომებით, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მაინც ამართლებს პრაგმატული პოლიტიკა:

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ცინიზმს, როგორც ასეთს, ამას მე ვერ დავუძახებდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უფრო კონსტრუქციული მიდგომა. ეს განცხადება არ არის კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება. ჩვენ გვაქვს პრაგმატული მიდგომა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბებულია 2012 წლიდან. ზუსტად ამ პრაგმატული მიდგომის შედეგია, რომ საქართველოში თვისებრივად ამაღლდა უსაფრთხოების ხარისხი ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ რუსეთი ასევე პრაგმატულად უპასუხებს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას“.

განცხადებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის საპასუხოდ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე 12 მარტს, გვიან საღამოს, გამოქვეყნდა, კმაყოფილებაა გამოხატული ორმხრივი ნორმალიზების პროცესის გაღრმავების ინიციატივის გამო. ხაზგასმულია ასევე რუსეთის მზაობა, რომ „წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ამისთვის მზად არის თბილისი“. ტექსტში ასევე ნათქვამია:

შეუძლებელია არ მიესალმო დეკლარირებულ სწრაფვასაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ. სწორედ ეს არის ერთადერთი რეალური გზა მოსაგვარებლად იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს აღელვებს და გადის ორმხრივი რუსულ-ქართული დღის წესრიგიდან....
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

„კვირიკაშვილის მიერ ჟენევის დისკუსიებზე პროგრესისკენ სწრაფვის მოხსენიება იძლევა ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს მარტის ბოლოს შემდეგი რაუნდის მიმდინარეობისას. დარწმუნებულნი ვართ, ასეთ მიდგომას მხარს დაუჭერენ მოლაპარაკების სხვა მონაწილეები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას. შეუძლებელია არ მიესალმო დეკლარირებულ სწრაფვასაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ. სწორედ ეს არის ერთადერთი რეალური გზა მოსაგვარებლად იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს აღელვებს და გადის ორმხრივი რუსულ-ქართული დღის წესრიგიდან. კერძოდ, ეს შეეხება წუხილის გამომწვევ ამასწინანდელ ინციდენტსაც საქართველოს მოქალაქესთან, ა. ტატუნაშვილთან, დაკავშირებით“.

ამ განცხადებას ასევე ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის სახელით დაწერილი განცხადებით უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ტექსტში, რომელიც პრემიერ-მინისტრის განცხადების პათოსს იზიარებს, ვკითხულობთ, რომ „ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად“ და რომ იმედია, ჟენევის მომავალ რაუნდზე შესაძლებელი იქნება „მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“. აქვეა კიდევ ერთი მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ „გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად“.

პრემიერის წერილი პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო, რადგან ძალიან იოლი სავარაუდო იყო, რომ რუსეთი მას საკუთარი ინტერესების ჭრილში უპასუხებდა, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, საბოლოოდ, რუსეთისგან მივიღეთ პასუხი, რომელიც ფორმით შეურაცხმყოფელია კვირიკაშვილისთვის, ხოლო შინაარსით პრობლემატურია საქართველოსთვის:

პრემიერის განცხადებამ ბუნდოვანი გზავნილი მიაწოდა საზოგადოებას, თითქოს კიდევ არის რეალური შანსი, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ აგრესიულ ზრახვებზე უარი თქვას,ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს და „დაგვრთოს ნება“ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები...
„ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის"

„პირველ პირს არათუ პირველმა პირმა არ უპასუხა, არამედ არც მინისტრმა უპასუხა. მეტსაც გეტყვით, პასუხი არც სამინისტროს სახელით გამოქვეყნებულა. ამ პასუხს ხელს აწერს, გაუპიროვნებლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტი. თან, თითქოს, ტექსტი სიყვარულის ახსნას ჰგავს: ეს რა ტკბილი და მურაბა პრემიერ-მინისტრი ჰყოლია საქართველოსო, ახლა აღმოვაჩინეთო... ნებისმიერ ფორუმზე, სადაც ჩვენ დავიწყებთ რუსეთის ოპონირებასა და პოლემიკას ჩვენს პრობლემებთან დაკავშირებით, მათ ყოველთვის შეუძლიათ, რომ პრემიერის წერილი აგვაფარონ. ამ წერილის მიხედვით, ჩვენ, ფაქტობრივად, უარს ვამბობთ საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე და კონცეფციაზე, რომლითაც ჩვენ რუსეთს განვიხილავთ ოკუპანტად და პასუხისმგებლად ამ პროცესებზე“.

„პრემიერის განცხადებამ ბუნდოვანი გზავნილი მიაწოდა საზოგადოებას, თითქოს კიდევ არის რეალური შანსი, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ აგრესიულ ზრახვებზე უარი თქვას,ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს და „დაგვრთოს ნება“ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 13 მარტს გამოაქვეყნა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებულმა კოალიციამ „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთის კონსტრუქციული ნაბიჯების მოლოდინის გარდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებით კიდევ ბევრი რამ არის გაუგებარი:

გიორგი ონიანი
გიორგი ონიანი

„იმ პირობებში, როდესაც ასეთი გაუგონარი და არაჰუმანური ნაბიჯები იდგმება რუსეთის მხრიდან და სრულად რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ჩვენთვის გაუგებარია, რა კონსტრუქციულ მიდგომებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი, რისი იმედი შეიძლება მას ჰქონდეს და რატომ შეიძლება ჰქონდეს ეს იმედი. ანუ მთავარი პრობლემა არის სწორედ ის, რომ სტრატეგია არის გაუგებარი. გაუგებარია, რა გეგმები და მიზნები აქვს ამ მთავრობას და როგორ აპირებს ამ მიზნების მიღწევას“.

კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიაწოდოს საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებსა და კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით. აქვეა მოწოდება პოლიტიკური ძალებისადმი, რომ გააერთიანონ ძალისხმევა იმგვარი რეზოლუციის მისაღებად, რომელიც ადეკვატურად შეაფასებ სრუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების ქმედებებს და ასევე შექმნის ინსტრუმენტებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG