Accessibility links

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი „არასასურველ ორგანიზაციათა“ საიტების დაბლოკვის შესახებ

  • ნიკო ნერგაძე

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაიბლოკოს იმ ორგანიზაციების ვებსაიტები, რომლებიც რუსეთში „არასასურველად“ მიიჩნევა.

ამავე სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონში შესწორებები, რომლებიც უცხოურ მედიასაშუალებებს ე. წ. „უცხოეთის აგენტებთან“ აიგივებს.

  • პროკურატურა სასამართლოს გარეშე დაბლოკავს არასასურველ საიტებს
  • რუსეთში მოქმედი უცხოური საიტები „უცხოეთის აგენტებს“ გაუთანაბრეს
  • უცნობია, როგორ აისახება ეს რუსეთში რადიო თავისუფლების საქმიანობაზე
  • ამჟამად რუსეთში „არასასურველად“ მიიჩნევა 11 ორგანიზაციის საქმიანობა

კანონპროექტის ინიციატორების აზრით, ვებრესურსების დაბლოკვის მანამდე არსებული პროცედურა „მეტისმეტად რთული“ იყო - რუსეთის პროკურატურას უნდა შეეგროვებინა ინფორმაცია „არასასურველი“ მასალების შესახებ და სასამართლოს დადგენილება მიეღო.

ახლა, კანონის მიხედვით, რუსეთის გენერალურ პროკურატურას აღარ დასჭირდება სასამართლო პროცედურების გავლა და ვებსაიტების დაბლოკვა „როსკომნადზორისთვის“ მიმართვის შედეგად შეეძლება.

ამჟამად რუსეთში „არასასურველად“ მიიჩნევა 11 ორგანიზაციის საქმიანობა. მათ შორისაა „ღია საზოგადოების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ და დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული მოძრაობა „ღია რუსეთი“. მათთან თანამშრომლობისთვის რუსეთში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

როგორ აისახება უცხოურ მედიაზე „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რადიო თავისუფლებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რადიომ არ იცის, კანონში შესწორება მოახდენს თუ არა გავლენას მის საქმიანობაზე და რომ გამართლებული არ არის კენჭისყრის განხილვა „საპასუხო“ ზომად მოთხოვნებზე, რომელთაც შეერთებულ შტატებში უყენებენ რუსეთის მიერ დაფინანსებულ ზოგ მედიასაშუალებას.

განცხადებაში ნათქვამია: "რაშა ტუდეი" (RT) და „სპუტნიკი“ თავისუფლად მაუწყებლობენ აშშ-ში, მაშინ როცა რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ დაკარგა თავისი პარტნიორი მაუწყებლები ადმინისტრაციული ზეწოლის შედეგად და არ მოეპოვება წვდომა საკაბელო მაუწყებლობაზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტები რუსეთში განიცდიან შევიწროებას, მათ ფიზიკურად უსწორდებიან, მაშინ როცა RT კორესპონდენტები არ დგანან ასეთი საფრთხის წინაშე შეერთებულ შტატებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG