Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის საკონსულოებმა შეწყვიტეს სავიზო ოპერაციები


რუსეთის და აშშ-ის დროშები მოსკოვში აშშ-ის საელჩოსთან.
რუსეთის და აშშ-ის დროშები მოსკოვში აშშ-ის საელჩოსთან.

აშშ აცხადებს, რომ 23 აგვისტოდან რუსეთის მასშტაბით მისი დიპლომატიური მისია წყვეტს „ყველა სავიზო ოპერაციას, რომლებიც არ უკავშირდება მიგრაციას“. ეს ნაბიჯი პასუხია მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, შეემცირებინა თანამშრომელთა რიცხვი რუსეთში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

გადმოწერა

სავიზო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩო 21 აგვისტოს გამოაცხადა. მისი განცხადების თანახმად, სავიზო ოპერაციები „მნიშვნელოვნად შემცირებული მასშტაბით“ განახლდება 1 სექტემბრიდან და გასაუბრებები, რომლებიც არ უკავშირდება მიგრაციის საკითხებს, ჩატარდება მხოლოდ მოსკოვში. სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგსა და ვლადივოსტოკში მოქმედ აშშ-ის საკონსულოებში სავიზო ოპერაციები „შეწყვეტილ იქნება განუსაზღვრელი ვადით“, ვკითხულობთ განცხადებაში.

მასში ნათქვამია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, შეემცირებინა აშშ-ის დიპლომატიური მისია, ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვის სწრაფვას უკეთესი ურთიერთობებისკენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეში შეატყობინა ვაშინგტონს, რომ 1200-მდე თანამშრომლიდან მან 755 უნდა დაითხოვოს. ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ის კონგრესის მიერ ახალი მკაცრი კანონის მიღებას, რომელმაც გაამკაცრა მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები, უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და იმ ცნობების გამო, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

აშშ-ის გადაწყვეტილებას კრიტიკით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მისი თქმით, სავიზო ოპერაციების შეზღუდვა მიზნად ისახავს რუსეთის მოსახლეობაში საკუთარი მთავრობით უკმაყოფილების გაზრდას.

„ჩვენი პირველი შთაბეჭდილებაა, რომ ამ გადაწყვეტილებების ამერიკელმა ავტორებმა წამოიწყეს მორიგი მცდელობა რუსეთის მოქალაქეებში უკმაყოფილების გამოწვევისა რუსეთის მთავრობის მოქმედებებით. ეს ნაცნობი ლოგიკაა, ეს არის მათი ლოგიკა, ვინც ორგანიზებას უწევს ფერად რევოლუციებს და ეს არის ობამას ადმინისტრაციის ინერცია, სუფთა სახით“ - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს, შესაბამისი უწყებები ახლა დეტალურად შეისწავლიან ამერიკელთა ამ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის მოქალაქეებს სამაგიეროს არ გადავუხდითო, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წელს აშშ-მა რუსეთის მოქალაქეებისთვის 171 ათასამდე ვიზა გასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG