Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან გაერთიანების იდეას ცხინვალში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ


ლეონიდ თიბილოვი
ლეონიდ თიბილოვი
ცხინვალის მედიაცენტრში ადგილობრივი პოლიტოლოგები შეიკრიბნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკური განვითარების პერსპექტივაზე მსჯელობდნენ. მთავარი სასაუბრო თემა, რაზეც ცხინვალში დიდი ხანია დისკუსია არ წყდება, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხია. ანალიტიკოსებმა ამ საკითხის განხილვას დიდი დრო დაუთმეს. უკვე გამოიკვეთა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ამ თემასთან დაკავშირებითაც საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი რუსეთთან გაერთიანების პერსპექტივას უკვე საარჩევნო პროგრამებში დებს, ამ საკითხზე აქცენტი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმაც რამდენჯერმე გააკეთა. ცხინვალში კი არის ექსპერტთა ნაწილი, რომელიც ამ პოზიციას კატეგორიულად არ იზიარებს.

მედიაცენტრ „ირის“ ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა რუსეთთან გაერთიანების იდეას გარედან თავსმოხვეულად მიიჩნევს. მისი აზრით, ამას ოსეთის არამეგობრები აცხადებენ და საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფენ.

პოლიტიკური მიმომხილველი იური ვაზაგოვი მიიჩნევს, რომ შესაძლოა სირიის კრიზისის შემთხვევაში დღის წესრიგში კავკასიის გადაფორმატების საკითხი დადგეს და, სიტუაციური მოსაზრებებით, რუსეთმა სამხრეთ ოსეთი მიიერთოს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის იდეის მომხრემ იური ძიცოითიმ პარალელი აფხაზეთთან გაავლო. მისი აზრით, იქ დამოუკიდებლობის იდეას უფრო მეტი ადამიანი ემხრობა, ვიდრე სამხრეთ ოსეთში, ამიტომაც რუსეთი მასთან ურთიერთობას, როგორც შემდგარ სახელმწიფოსთან, ისე აწყობს. ამის დასტურად ის ვლადიმირ პუტინის აფხაზეთში ვიზიტს ასახელებს, მაშინ როცა სამხრეთ ოსეთში აღიარების მე-5 წლისთავის აღსანიშნავად მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია და ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი თეიმურაზ მამსუროვი ჩავიდნენ. მისი აზრით, რუსეთთან გაერთიანების იდეას სამხრეთ ოსეთს ხელოვნურად ახვევენ თავს.

შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ ამ - რუსეთთან გაერთიანების - იდეასთან მოსკოვს კავშირი არა აქვს და ეს ყველაფერი სამხრეთ ოსეთიდან აქტიურდება. ანალიტიკოს სარმატ გაბარაევის აზრით, სამოქალაქო საზოგადოებას დამოუკიდებლობის შესახებ მყარი პოზიცია რომ ჰქონდეს, რუსეთთან მიერთების იდეის შეთავაზებას ვერავინ გაუბედავდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ელიტაში ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების იდეა პოპულარულია, თუმცა უკვე გამოჩნდნენ ანალიტიკოსები, რომლებიც ამ იდეას ხმამაღლა აკრიტიკებენ და მიიჩევენ, რომ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება სამხრეთ ოსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG