Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შენელებული სიკვდილისთვის განწირულები“ – რუსი ანალიტიკოსები მავთულხლართებთან


ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები კონფლიქტის ზონაში
ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები კონფლიქტის ზონაში
სოფელ ხურვალეთში მავთულხლართებს მიღმა დარჩენილმა ერთმა ქართულმა ოჯახმა რუს გოგონას მათთან დარჩენა შესთავაზა. ეს მათ შორის პრობლემებზე გულწრფელი საუბრის შემდეგ მოხდა. ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები დღეს კონფლიქტის ზონაში ჩავიდნენ და ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებული მავთულხლართები მოინახულეს, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ პრობლემებს გაეცნენ. ხურვალეთელი დავით ვანიშვილის ისტორიის მოსმენისას რუსი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები თავს სინანულით აქეთ-იქით აქნევდნენ.

საქართველოს მოქალაქე დავით ვანიშვილი რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართებს მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს, მას შემდეგ მოხუცს ყოველდღე აწუხებენ და ეუბნებიან, რომ იმ სოფელში არ გადავიდეს, სადაც მთელი ცხოვრება გააატარა.
ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები კონფლიქტის ზონაში
ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები კონფლიქტის ზონაში

„შენელებული სიკვდილისთვის განწირულები“, – ასე დაახასიათა მავთულხლართებთან არსებული ვითარება „ნოვაია გაზეტას“ მოსკოველმა კორესპონდენტმა ირინა გორდიენკომ. მისი აზრით, პოლიტიკამ ეს ადამიანები მსხვერპლად აქცია.

რუსულ-ქართულ დიალოგში მონაწილე ჟურნალისტები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არსებული ვითარება მალე არ შეიცვლება, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებს ამის შესახებ ჯერ საუბარიც კი არ დაუწყიათ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების დონეზე ურთიერთობის და ინფორმირებულობის ხარისხი მაღალი უნდა იყოს. ეკონომიკური ექსპერტი ჩრდილო კავკასიის საკითხებში დენის სოკოლოვი პრობლემას ეკონომიკური თვალსაზრისით აფასებს. მისი აზრით, სახელმწიფოებს შორის სახელმწიფო საზღვრებიც კი იხსნება ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, ის კი, რაც აქ ხდება, ყოველგვარ პრაგმატიზმს მოკლებულია. მისი თქმით, მომავალში პოლიტიკური საკითხები შესაძლოა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით მოგვარდეს.

„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი აცხადებს, რომ ამ პროექტის მთავარი მიზანია საქართველოშიც და რუსეთშიც ადამიანებმა მეტი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, სწორად შეფასდეს პრობლემები და გაკეთდეს შესაბამისი ანალიზი.
ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები კონფლიქტის ზონაში
ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები კონფლიქტის ზონაში

ქართულ-რუსული დიალოგი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. დიალოგში ორივე მხრიდან მონაწილეობას იღებენ ჟურნლისტები, ანალიტიკოსები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. რუსულ დელეგაციაში ჩრდილო კავკასიის სპეციალისტებიც შედიან. „კავკასიური სახლი“ უკვე მეორე წელია ამ პროექტს ახორციელებს და ამ დრომდე უკვე 9 შეხვედრა ჩატარდა. დიალოგის მონაწილეები შეხვედრებს მართავენ ქართველ პოლიტოლოგებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათგან იღებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, მთავარი აქცენტი კი კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე კეთდება. დიალოგის ორგანიზატორია კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“, მისი პარტნიორი კი მოსკოვის კარნეგის ცენტრია. დიალოგის მონაწილეები კვირის ბოლოს ერთად შეაჯამებენ ჩატარებულ სამუშაოს. წლის ბოლომდე ამ ფორმატში კიდევ 4 შეხვედრის გამართვა იგეგმება.
XS
SM
MD
LG