Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი მსოფლიოს ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მიესალმება


რუსეთის საელჩო ლონდონში
რუსეთის საელჩო ლონდონში

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებიდან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა მასობრივი გაძევება „შემობრუნების წერტილია“, რუსეთმა კი ეს აშშ-ის „კოლოსალური ზეწოლის“ შედეგად მიიჩნია.

რუსების კოორდინირებული გაძევება პასუხია რუსეთის ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა, და მისი ქალიშვილის, იულიას, მოწამვლაზე 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბურიში.

26 მარტს 22 ქვეყნის მთავრობამ 116 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 27 მარტს მათ ირლანდია შეუერთდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ აქამდე ამდენ ქვეყანას ერთად რუსი დიპლომატები თავისი ტერიტორიიდან არ გაუძევებია და დასძინა, რომ „ამ დარტყმას რუსეთის დაზვერვა მრავალი წლის განმავლობაში იგრძნობს“. ბორის ჯონსონის თქმით ეს მოვლენა შეიძლება შემობრუნების წერტილი გახდეს.

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი ვაშინგტონს ბრალი დასდო მათ მოკავშირეებზე განხორციელებულ „კოლოსალურ ზეწოლაში“ და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს რუსეთიც გასცემს პასუხს. „კოლოსალური შანტაჟი ვაშინგტონის მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორისო არენაზე“, - თქვა ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტისას.

მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე პოლ რაიანმა პრაღაში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტაბბინაში სტუმრობის დროს ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაქო დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ. „ჩემი აზრით, ფანტასტიკურია, რომ სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმაც - მათ შორის აქ, ჩეხეთის რესპუბლიკამაც - მიბაძეს ამ მაგალითს“, განაცხადა პოლ რაიანმა.

26 მარტს რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მა, ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ, კანადამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა და უკრაინამ. მანამდე 23 რუსი დიპლომატი გააძევა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, რომელიც მოსკოვს აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტის, სერგეი სკრიპალისა, და მისი ქალიშვილის, იულიას, მოწამვლაზე, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის, გამოყენებით. რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს, 26 მარტს პროტესტი გამოთქვა მსოფლიოს ოცამდე ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გამო და განაცხადა, რომ „არამეგობრულ ნაბიჯს“ ადეკვატური ზომებით უპასუხებს.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG