Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 21 მაისი


"გეი აღლუმი ინციდენტით დასრულდა თბილისში" - ასეთი სათაურით სტატიას "იზვესტია" აქვეყნებს. მიხაილ ვიგნანსკის სტატიაში აღწერილია 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენები. ავტორი წერს, რომ არეულობების დროს 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, "გეი აღლუმის" მონაწილეები და პოლიციელები. "იზვესტიას" მონაცემებით აღლუმის საპირისპიროდ თბილისში 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც საშუალება არ მისცეს ლგბტ აქტივისტებს აღენიშნათ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ვიგნანსკი ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილესაც ესაუბრა, რომელმაც ჟურნალისტს განუცხადა, რომ არ დაუშვებდა რუსთაველზე ლგბტ დემონსტრაციის ჩატარებას. ვიგნანსკი სტატიის დასასრულს აღნიშნავს, რომ 17 მაისის წინააღმდეგი იყო საქართველოს საპატრიარქო, რომელმაც 16 მაისს ლგბტ აქტივისტების აქციის გაუქმება მოითხოვა, თუმცა აქცია არ გაუქმდა და ხელისუფლებამაც პირობა დადო დაეცვა აქტივისტები.

სტატიაში ვიგნანსკი 17 მაისს თბილისში დაგეგმილ დემონსტრაციას, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, "გეი აღლუმს" უწოდებს. ამ აქციას "გეი აღლუმად" ნათლავს "ნოვაია გაზეტაც", რომელიც ასევე ეხმაურება 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

აქციას ეხმაურება "მოსკოვსკი კომსომოლეციც". "მშვიდობიანი შეკრების და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისთვის. საქართველოს ყველა მოქალაქე სრულად და თანაბრად სარგებლობს ამ უფლებით. ძალადობის, დისკრიმინაციისა და სხვისი უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებები დაუშვებელია და ამგვარი ქმედების ჩამდენ ნებისმიერ დამნაშავეს კანონის შესაბამისად მოექცევიან", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც "მოსკოვსკი კომსომოლეცი" აქვეყნებს.

17 მაისის მოვლენები არაა საქართველოში ერთადერთი აქტუალური თემა, რომელსაც რუსული პრესა ეხმაურება. "კომერსანტი" აქვეყნებს გიორგი დვალის სტატიას, რომელიც ეხება შსს-ს ფარული ჩანაწერების არქივს. გიორგი დვალი, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ წინა ხელისუფლება აწარმოებდა ფარულ ვიდეო და აუდიო თვალთვალს, თვალთვალისთვის გამოიყენებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიებიც. ავტორი იხსენებს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ სამინისტროში აღმოჩენილია უამრავი ფარული ჩანაწერი, რომელზეც ადამიანების ინტიმური ცხოვრებაა აღბეჭდილი. დვალი წერს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სადისკუსიო თემაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ასევე ხაზს უსვამს ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს, რომელშიც მინისტრმა აღნიშნა, რომ მთელი არქივი მალე განადგურდება არასამთვრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით. გიორგი დვალი წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი ასეთ ჩანაწერებს მართლა აკეთებდა შსს, მხოლოდ ოპერატიული დანიშნულებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით. ჟურნალისტი ასევე ესაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, პარლამენტარ დავით დარჩიაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ადრე ეს ჩანაწერები არსებობდა, თუმცა არსად ქვეყნდებოდა, ახლა კი ფარული ჩანაწერები ინტერნეტში გამოჩნდა. დარჩიაშვილი საუბრობს გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში გავრცელების შესახებ. სტატიის დასასრულს ჟურნალისტი დამოუკიდებელი ექსპერტების პოზიციის თაობაზეც საუბრობს და წერს, რომ ექსპერტებს ხელისუფლების შეცვლასთან ერთად ფარული მიყურადების შეწყვეტის არ სჯერათ.
XS
SM
MD
LG