Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 28 დეკემბერი


გაზეთი „კომერსანტი“ შავ ზღვაში ჩავარდინილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტუ-154-ის კატასტროფის ახალი დეტალების შესახებ წერს. პუბლიკაციის თანახმად, ე.წ. „შავი ყუთების“ აღმოჩენამდე გამოძიებას გაუჩნდა კატასტროფის პრიორიტეტული ვერსია, რომლის მიხედვითაც, ლაინერი, რომელზეც იმყოფებოდნენ სირიაში მიმავალი არტისტები და ჟურნალისტები, შესაძლოა, მფრინავების მიერ დაშვებული შეცდომის გამო ჩამოვარდა. საუბარია აფრენისას კრიტიკულად მაღალი კუთხის აღებაზე, რის გამოც თვითმფრინავმა დაკარგა სიჩქარე და აფრენის ნაცვლად დაეშვა დაბლა, კუდის ნაწილი გამოსდო წყლის ზედაპირს, რის შედეგადაც დაიმსხვრა და სწრაფად ჩაიძირა.

„კომერსანტის“ თანხმად, ეს ვერსია აგებულია ერთადერთი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით. როგორც ირკვევა, ტრაგედიას შემთხვევით შეესწრო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სანაპირო დაცვის თანამშრომელი, რომელიც კატარღით იყო გასული ღია ზღვაში. სწორედ მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ადლერის აეროპორტიდან აფრენილმა თვითმფრინავმა, იმის ნაცვლად, რომ სიმაღლე აეკრიფა, დაიწყო სწრაფად დაშვება ისე, თითქოს აპირებდა წყლის ზედაპირზე დაჯდომას.

პუბლიკაციის მიხედვით, მოწმე იმასაც შენიშნავს, რომ ტუ-154 მიფრინავდა დაბალი სიჩქარით და არაბუნებრივად მაღლა აწეული ცხვირით. მოწმემ თვითმფრინავის მოძრაობა შეადარა უკანა ბორბალზე აწეულ მოტოციკლს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო პილოტების მცდარი მოქმედებების გამო. სავარაუდოდ, მათ სცადეს სიმაღლის არაბუნებრივად სწრაფად აკრეფა. სპეციალისტები ასევე არ გამორიცხავენ ტექნიკურ ფაქტორებს - მაგალითად: თვითმფრინავის გადატვირთვას, ტვირთის გამო თვითმფრინავის სიმძიმის ცენტრის დარღვევას, ქვეფრთებისა და სტაბილიზატორის არასწორ მუშაობას.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი რუსული კონცერნის, „გაზპრომის“, ახალ ისტორიულ რეკორდზე წერს: 2016 წლის მონაცემების მიხედვით, „გაზპრომის“ წილმა ევროპის ბაზარზე შეადგინა 33,5 პროცენტი - 2,5 პროცენტით მეტი, ვიდრე 2015 წელს.

გაზეთი მკითხველს სთავაზობს კომპანია „ალპარის“ უფროსი ანალიტიკოსის, რომან ტკაჩუკის, კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მოსვლამ, შესაძლოა, შეამციროს რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს „გაზპრომს“ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს თავისი გავლენა საგარეო ბაზრებზე და გაააქტიუროს საერთაშორისო პროექტები. ამასთან, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, შიდა ბაზარზე კონკურენტები განაგრძობენ „გაზპრომის“ შევიწროებას, ხოლო გარე ბაზარზე, შესაძლოა, ირანმა გაზარდოს გაზის მიწოდება ევროპასა და აზიაში, რითაც კონკურენციას გაუწევს რუსეთის გაზს.

თუმცა, როგორც გამოცემა შენიშნავს, საექსპორტო წარმატებების ფონზე, კონცერნის ფინანსური მაჩვენებლები უკეთესის სურვილს ტოვებს, რადგანაც, 2016 წლის მონაცემებით, შესაძლოა, კომპანიის მოგება, წინა წელთან შედარებით, ათი პროცენტით შემცირდეს.

გაზეთ „კომერსანტის“ მიხედვით, 2016 წელს მკვეთრად გაიზარდა რუსეთის ფონდებში უცხოური კომპანიების მიერ ჩადებული ინვესტიციების რაოდენობა, რამაც, ჯამში, 727 მილიონი დოლარი შეადგინა - რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 2010 წლის შემდგომ პერიოდში.

პუბლიკაციის მიხედვით, ნავთობის დაბალი ფასი და სანქციების რეჟიმი მძიმედ აწვებოდა რუსეთის ბაზარს 2014-2015 წლებში, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ და ნავთობის ფასის 50 დოლარამდე აწევამ დადებითი ასახვა პოვა რუსეთის ბაზარზე. რუსი ანალიტოკოსების აზრით, რუსეთში უცხოური ინვესტიციების შედინება 2017 წელსაც გაგრძელდება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ინვესტორების ქცევა დამოკიდებული იქნება იმაზე, დაიწყება თუ არა რეალური დაახლოება ამერიკასა და რუსეთს შორის, წერს გაზეთი „კომერსანტი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG