Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 27 მარტი, 2012


რუსეთში გამომავალი გაზეთების ფურცლებზე კვლავაც არ ცხრება მსჯელობა მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობათა პერსპექტივის შესახებ და ამ მხრივ პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 26 მარტს სეულში მომხდარმა ამბავმა. საუბარია ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევის საუბრის იმ ფრაგმენტის გავრცელებაზე, რომელიც სინამდვილეში პრესისთვის არ იყო განკუთვნილი. ორშაბათს, როცა რუსეთის წარმავალი პრეზიდენტი და აშშ-ის პრეზიდენტი ერთმანეთს სამხრეთ კორეის დედაქალაქში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, 3-წლიანი ”გადატვირთვის პოლიტიკის” შედეგები შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენციის გასამართად ემზადებოდნენ, მიკროფონები დროზე ადრე ჩაირთო და მედიის წარმომადგენლებმაც სწორედ ამ დროს მოისმინეს მათი პირადი საუბრის ფრაგმენტი. ”ვედომოსტი” წერს, რომ ბარაკ ობამა დმიტრი მედვედევს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსების გეგმის მიმართ ”მოქნილ” მიდგომას დაჰპირდა და აგრძნობინა წარმავალ კოლეგას, რომ ამ მუდმივად სადავო პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია.

ბუნებრივია, ”ვედომოსტის”, ისევე როგორც რუსეთის პრესის სხვა გამოცემებს, არც ამერიკელი რესპუბლიკელების რეაქცია გამოჰპარვიათ. კერძოდ, ხაზი ესმება აშშ-ის პრეზიდენტობისთვის მებრძოლი რესპუბლიკელი კანდიდატის, მიტ რომნის რეაქციას, რომელმაც სიენენ-თან ინტერვიუში რუსეთს ”ამერიკის ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერი” უწოდა. ამგვარი შეფასების საფუძველზე, მიტ რომნი შემაშფოთებლად მიიჩნევს ობამას დაპირებას ”მოქნილ” ქმედებებთან დაკავშირებით. ”ვედომოსტის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მიტ რომნი იმ წრეების წარმომადგენელია, რომლებიც ცდილობენ ”თავს მოახვიონ მსოფლიოს ამერიკის ჰეგემონია”, ხოლო თავად პრეზიდენტობის კანდიდატს ამგვარი განცხადებები შესაძლოა წაგების ფასად დაუჯდეს, ისევე როგორც ეს სენატორ მაკკეინის შემთხვევაში მოხდა 4 წლის წინ. ”ამერიკამ უარი თქვა მასზე, როგორც ბუშის საქმის პირდაპირ გამგრძელებელზე და აირჩია ობამა”, - დასძენს პუშკოვი.

უკვე ნახსენები აქცენტების გარდა, გამოცემა ”კომერსანტი” პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის შეფასებებიდან ყურადღებას ამახვილებს მოსკოვის ანტიამერიკულ პოლიტიკაზე, რაც გამოიხატება კავშირის დამყარებით ”ყველაზე უარეს მოთამაშეებთან მსოფლიო სარბიელზე” - სირიასთან და ირანთან. აქვეა მიტ რომნის კიდევ ერთი შეფასება, რომ რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის” პოლიტიკამ, რაც თავის დროზე ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ წამოიწყო, უბრალოდ, არ იმუშავა.

”გადატვირთვის” პოლიტიკის სამომავლო ბედზე მიმდინარე კვირაში რუსეთის პრესაში არაერთი სტატია დაიბეჭდა. მათ რიგს მიეკუთვნება, მაგალითად, გამოცემა ”არგუმენტი ი ფაქტის” მიერ 21 მარტს დაბეჭდილი სტატია, სათაურით - ”გადატვირთვის დასასრული?”, რომელშიც პროგნოზები რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნების კონტექსტში კეთდება. მასში ყურადღება მახვილდება მითქმა-მოთქმაზე ანალიტიკოსთა წრეებში, რომ ბარაკ ობამამ ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან 5 დღის შემდეგ დაურეკა და თავშეკავებით მიულოცა გამარჯვება. გამოცემა ასევე წერს, რომ ასეთივე ”აუჩქარებელი და ძუნწი” იყო მილოცვა ევროპელი ლიდერების მხრიდანაც; ხოლო ყველაზე გულთბილი და სწრაფი მილოცვა პუტინმა ჩინეთის, ირანის, სირიისა თუ ვენესუელის ლიდერებისგან მიიღო.

”არგუმენტი ი ფაქტი” ბეჭდავს ჟურნალის ”რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში” მთავარი რედაქტორის, ფიოდორ ლუკიანოვის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მართალია, პუტინის დაბრუნება არ გაუხარდა, მაგრამ, უნდა არ უნდა, დასავლეთს სწორედ მასთან მოუწევს საუბარი. ლუკიანოვი თვლის, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგანაც მედვედევი დამოუკიდებლად არაფერს წყვეტდა და რომ ბოლო წლებში აშკარა იყო ”ტანდემის პოლიტიკა”. თუმცა, მისი აზრით, რუსეთის დიალოგი შეერთებულ შტატებთან ”მძიმე და ხანგრძლივი” იქნება, რადგანაც პუტინი უფრო ევროპასთან დაახლოებას შეეცდება.

გეოპოლიტიკური პრობლემების შემსწავლელი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის კონსტანტინ სივკოვის აზრით კი, ”დასავლეთმა პრაქტიკულად ომი გამოუცხადა პუტინს” და პუტინიც შესაბამისად უპასუხებს დასავლეთს. ექსპერტის აზრით, ვიდრე ურთიერთობები, უფრო შორეულ პერსპექტივაში, შედარებით გაუმჯობესდება, მოსალოდნელია ხისტი განცხადებები და მოსკოვის ვექტორის გადახრა აღმოსავლეთისკენ, მაგალითად, ჩინეთისკენ. კონსტანტინ სივკოვი ვარაუდობს, რომ, საბოლოოდ, ჩამოყალიბდება მტკიცე გეოპოლიტიკური ღერძი - ბერლინი-მოსკოვი-პეკინი, რომელსაც ”უკვე ვეღარაფერს დაუპირისპირებს შეერთებული შტატები.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG