Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის საპროტესტო აქცია საზეიმო განწყობით


"რუსთავი 2"-ის საპროტესტო აქცია
"რუსთავი 2"-ის საპროტესტო აქცია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ მხარდასაჭერად 11 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მორიგი აქცია გაიმართა. აქციას, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების უვადო შეჩერების გამო, ნაწილობრივ კონცერტის სახე ჰქონდა. აქცია-კონცერტზე ,,რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების მიმართვებს იმ მომღერლების გამოსვლები ცვლიდა, რომლებმაც დიდწილად ტელეკომპანიის კონკურს-შოუებში მონაწილეობის საშუალებით გაითქვეს სახელი. აქციაზე მისული ადამიანები კი, თავის მხრივ, აღნიშნავდნენ, რომ ,,რუსთავი 2”-თან ერთად საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავენ.

გადმოწერა

11 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილ ასობით ადამიანს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის წარმომადგენელთაგან პირველმა სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, მიმართა. მან სტრასბურგის სასამართლოს 3 და 7 მარტის გადაწყვეტილებას ისტორიული გამარჯვება უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გამარჯვება მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას ვეღარავინ შეძლებს:

,,საქართველოს ხელისუფლება იმდენი ხანი არწმუნებდა მოსახლეობას, რომ ,,რუსთავი 2”-ის საქმე 2 კერძო სუბიექტს შორის დავაა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ განმარტა, ვინ არის ეს 2 კერძო სუბიექტი. ეს არის საქართველოს მოსახლეობა, რომელიც თავისუფალი სიტყვისთვის იბრძვის და მეორე სუბიექტი - ეს არის საქართველოს ხელისუფლება. მაჰათმა განდი ამბობდა, მე ვიცი თავისუფლების ფასი და ამიტომ მე არასდროს არ შევზღუდავ სხვის თავისუფლებას. თავისუფლება და ბედნიერება კი ის არის, რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ როდესაც ჰარმონიაშია. ჩვენ მეტს არაფერს არ ვითხოვთ - ჩვენ გვინდა ვაკეთოთ ის, რასაც ვფიქრობთ და რასაც ვამბობთ, ვინაიდან ჩვენი იარაღი სიტყვაა“.

მოგვიანებით კი ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, თავის მიმართვაში ტელეკომპანიის საქმის განმხილველი მოსამართლეების თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

საპროტესტო აქცია საზეიმო განწყობით
please wait

No media source currently available

0:00 0:02:05 0:00

​,,რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობდნენ როგორც ტელეკომპანიის მაყურებლები, ისე სამოქალაქო აქტივისტები, ადამიანის უფლებების დამცველები და პოლიტიკოსები. თავისუფალი სიტყვა, ამ შემთხვევაში კი ,,რუსთავი 2”, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას თანახმად, დასაცავია მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში. ამ გადაწყვეტილებით კი „შემდგომ პროცედურებამდე“ უვადოდაა შეჩერებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ,,რუსთავი 2”-ის საკუთრების მისი ყოფილი მფლობელისთვის, ქიბარ ხალვაშისთვის, დაბრუნების შესახებ. ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ამ დროებითი ტაიმ-აუტის პირობებშიც საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს:

“ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ამ სტრასბურგის გადაწყვეტილების მერეც არ ეტყობა, რომ სწორი დასკვნები გამოიტანეს. ჩვენ ვხედავთ კომენტარებს, რომ სერიოზული არაფერი არ არის; ტყუილებს, თითქოს ეს არის ,,რუსთავი 2” საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს ეს არის ქონებრივი დავა და მეტი არაფერი და, სამწუხაროდ, მუქარაც მოვისმინეთ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლის მხრიდან, რომ ეს სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელდება და ასე შემდეგ. ანუ საშიში და უმწიფარი განცხადებები, რაც გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ეს წითელი ხაზიც გადალახოს ხელისუფლებამ, იმდენად არიან მონდომებულები ,,რუსთავი 2”-ის მიტაცებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოვდუნდეთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალიან მტკიცედ ვიცავთ ,,რუსთავი 2”-ს“.

"რუსთავი 2"-ის საპროტესტო აქცია
"რუსთავი 2"-ის საპროტესტო აქცია

თავის მხრივ, პერსპექტივაში ,,რუსთავი 2”-ის არსებით სარჩელზე, რომელიც ჯერ მხოლოდ მზადების პროცესშია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას, რომელიც ამ ეტაპზე ასევე არ გამორიცხავს საფრთხეებსაც:

,,საფრთხეები, რაც შეიძლება მანამდე არსებობდეს, ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ფინანსური ტიპის შეზღუდვები ,,რუსთავი 2”-ისთვის, რათა ფინანსურად დაზარალდეს და გაუჭირდეს გარკვეული პროექტების განხორციელება და ნორმალური მაუწყებლობა. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ პოზიციას, როდესაც მოვდიოდი აქციაზე, ვთვლი, რომ დღეს მხოლოდ ,,რუსთავი 2”-ის დაცვა არ არის მთავარი. ჩემთვის მოტივაციაა ის ღირებულებები, კონსტიტუციური ღირებულებები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ვინმესთვის, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდეს სარედაქციო პოლიტიკას, ზუსტად ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენ დავიცვათ ასეთ შემთხვევაში ტელეკომპანია“.

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის დაცვის მნიშვნელობას ასევე, ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კონტექსტში განიხილავს ნიკა მაჭუტაძე, თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიისა „სახელმწიფო ხალხისათვის“. იგი ამბობს, რომ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური კოალიცია გაფართოებას გეგმავს:

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავდგეთ ჩვენს განსხვავებებზე, იდეოლოგიურ-პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ამ კონკრეტულ შემთხევაში და სხვა კონკრეტულ შემთხვევებშიც, რამეთუ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ეს არ არის რომელიმე ერთი პარტიის ან რომელიმე კონკრეტული 9 პარტიის საქმე. ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების საქმე, დემოკრატიის საქმე“.

"რუსთავი 2"-ის საპროტესტო აქცია
"რუსთავი 2"-ის საპროტესტო აქცია

პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, აქციაზე მრავლად იყვნენ ,,რუსთავი 2“-ის მაყურებლები, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ,,რუსთავი 2“-ის მხარდაჭერით თავიანთ უფლებებსა და თავისუფლებებს იცავენ.

“პრესის გვერდით დგომა ყოველთვის აუცილებელია, აუცილებელია ჟურნალისტების გვერდით დგომა. ასეა მთელ მსოფლიოში. მერე ხალხმა იცის, მართალი რომელია და მტყუანი რომელია. როგორ შეიძლება მე კარგად ვცხოვრობ თუ ცუდად ვცხოვრობ, მასწავლოს რომელიღაცა პარტიის ლიდერმა ან მეორემ. რა თქმა უნდა, დგომა უნდა გვერდში“, გვითხრა როინ გამყრელიძემ.

სტუდენტი გიორგი ფირცხალავა ასევე ფიქრობს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება იზღუდება:

“მე, პირველ რიგში, მოვედი აქ იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება დავიცვა, დავიცვა ტელევიზია ისე, რომ არანაირი წუხილი ტელევიზიის მხრიდან აღარ იყოს, აღარ იყოს გამოსვლები, როგორც დღეს არის, აღარ იყოს ეს აჟიოტაჟი, რაც არის ქვეყანაში ატეხილი და ყველაფერი დაწყნარდეს, დამშვიდდეს, ნორმალური სიტუაცია შეექმნას ხალხს“.

,,რუსთავი 2“-ის აქციაზე მისვლით თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა ჩვენმა შემდგომმა რესპონდენტმა, ნარგიზ დიდებულიძემ:

,,ვაფიქსირებ ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას, მივესალმები თავისუფალ სიტყვას, საუკეთესო სურვილებით და პატივს ვცემ მას. ,,რუსთავი 2“-ის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია, საერთოდ“.

მედიის დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს, თავის მხრივ, ,,რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე მყოფი მედიაექსპერტი, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ნინო რობაქიძე:

“პროცესები, რომლებიც მედიაში დაიწყო და გამწვავდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისევ გრძელდება. ჩვენ ვხედავთ იგივე დინამიკას საზოგადოებრივ მაუწყებელზეც. შესაბამისად, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი პოზიცია მედიის თავისუფლების დასაცავად, რათა მომავალშიც თუ იქნება რაიმე მცდელობა მედიის გაკონტროლების, მედიის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევის, ყველა პოლიტიკურმა გუნდმა იცოდეს, თუ რა პოლიტიკურ ფასად დაუჯდება მას ეს“.

,,რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შეობის წინ 2 საათს გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG