Accessibility links

საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში: „რუსთავი 2“ ბრძოლას განაგრძობს


"რუსთავი 2"

საქართველოში დიდი ინტერესით ელოდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2 მარტის განაჩენის აღსრულების ბედი უნდა განსაზღვროს. თუმცა მოლოდინის პროცესი მშვიდი არ არის და ის მწვავე დისკუსიებისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სტრასბურგში გაიგზავნა მედიასაშუალებების, მესამე სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო მიმართვები. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაექსპერტების წარმომადგენელთა ერთ ნაწილს 6 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა, სტრასბურგის სასამართლოს 3 მარტის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა და მედიაომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის დაარსების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ადრესატები ამ ინიციატივას არ განიხილავენ შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავლის გზად. დისკუსიის თემად იქცა ასევე ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში, რომლის ერთი ნაწილი ასევე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ ეჭვებსა და შეშფოთებას ეთმობა.

პრემიერ-მინისტრის 6 მარტის გამოსვლის შინაარსის მიხედვით, იოლი მისახვედრია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას თავის ქმედებების სისწორეში ეჭვი არ ეპარება და თვლის, რომ დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა „ქართული ოცნების“ ძირითად მონაპოვარს წარმოადგენს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 3 მარტის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე, მაგრამ მას ასევე მიაჩნია, რომ აღქმები რეალობისგან განსხვავდება და რომ „მიზანმიმართულად მოხდა“ ზღვრის წაშლა „მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის“. პრემიერმა იმავე შეხვედრაზე გაახმაურა ახალი ინიციატივაც:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის ევროპელ მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2"-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული“.

„პრემიერ-მინისტრი გრძნობს, რომ სიტუაცია ჩიხშია და გამოსავალს ეძებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 6 მარტის შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ჟურნალისტი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომლის შთაბეჭდილებითაც, პრემიერის ინიციატივა სპონტანური და ჯერჯერობით დაუმუშავებელია. გარდა ამისა, ექსპერტს მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა არ მიაჩნია გამოსავლის გზად შექმნილ რთულ ვითარებაში:

„ეს ვერ განმუხტავს სიტუაციას... რა თქმა უნდა, ეს არ უშველის... ვნახოთ, რას იტყვის ევროპის სასამართლო: დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოში „რუსთავი 2“-ისთვის. ეს არის ძირითადი განსახილველი თემა სტრასბურგში და თუ ეს დადგინდა, მაშინ ჩვენ კიდევ სხვა პრობლემას ვაწყდებით - ჩვენ ვაწყდებით სამართლიანი სასამართლოს პრობლემას საქართველოში და ამ შემთხვევაში მედიაომბუდსმენი ვეღარ გვიშველის. ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ კრიზისული ვითარების რაღაც კასკადი მივიღეთ...“

ზვიად ქორიძის აზრით, „მედიის დამოუკიდებლობას საფრთხეს სწორედ ხელისუფლების პოლიტიკა უქმნის... და ამიტომ ახლა არ არის იმის დრო, რომ ხელისუფლებამ შექმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი მედიის დასაცავად ხელისუფლებისგან“.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის იმედები 8 მარტს უკავშირდება, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოაცხადოს, ძალაში დარჩება თუ არა უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2-ის“ მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დასახელდა. წამმზომი 3 მარტს, მას შემდეგ ჩაირთო, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლემ დროებით შეაჩერა „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

ბოლო დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიასაშუალებებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა სტრასბურგის სასამართლოსთვის გამიზნული სპეციალური მიმართვები შეიმუშავეს და ხელმოწერებიც დაურთეს. მიმართვათა შინაარსის საერთო ხაზის მიხედვით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სამართლებრივი დავის პროცესში თავიდანვე ვლინდებოდა პოლიტიკური ზეგავლენის ღია ნიშნები, პროცესში იკვეთებოდა ხელისუფლების გარკვეული ინტერესები და ეს უზენაესი სასამართლოს ნაჩქარევმა განაჩენმაც დაადასტურა. მიმართვათა ხელმომწერები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანად მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალაში დატოვოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება სტრასბურგში საქმის არსებით განხილვამდე და იმედოვნებენ, რომ ეს ასეც იქნება.

არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებული მიმართვის ხელმომწერთა შორისაა „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. როგორც ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ დიმიტრი ხაჩიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელმოწერა მტკიცე პოზიციას ეყრდნობა:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკისა და დამოუკიდებლობის შეცვლა და ეს არ არის მესაკუთრეთა შორის დავა - ამ დავის მთავარი არსი არ არის ქონება... მეც შეიძლება ბევრ რამეში არ მომწონდეს „რუსთავი 2“-ის მიერ გაშვებული ინფორმაცია, ბევრჯერ მიმინიშნებია, რომ სუბიექტურია და, ვთქვათ, ტყუილიც გაუვრცელებია, მაგრამ ტელეკომპანიამ რა უნდა გაავრცელოს და რა არ უნდა გაავრცელოს, ეს არ არის ჩემი, თქვენი და ვიღაცის გადასაწყვეტი - ეს არის ტელეკომპანიის გადასაწყვეტი“.

მედიის დამოუკიდებლობას საფრთხეს სწორედ ხელისუფლების პოლიტიკა უქმნის... და ამიტომ ახლა არ არის იმის დრო, რომ ხელისუფლებამ შექმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი მედიის დასაცავად ხელისუფლებისგან...

საპროტესტო მიმართვების გარდა, „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა გადაწყვიტეს, რომ სტრასბურგში გაეგზავნათ ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებას ისახავს მიზნად და საქართველოს შემთხვევაში, სხვა მწვავე საკითხებთან ერთად „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ ეჭვებსა და შეშფოთებებზე აკეთებს აქცენტს. ტექსტში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, მეთვალყურეთა ჯგუფები და მედიასაშუალებები გამოხატავდნენ შეშფოთებას ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეარხის, „რუსთავი 2“-ის, სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვასა და დამოუკიდებლობის ხელყოფასთან დაკავშირებით. „მთავრობის მტკიცების მიუხედავად, რომ საქმე კერძო მხარეებს შორის კანონიერ დავას წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლოს ქმედებები ფართოდ იქნა აღქმული, როგორც მცდელობა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისა, რომელიც ხშირად მთავრობის მიმართ კრიტიკულ შეხედულებებს გამოხატავდა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ამავე ტექსტის თანახმად, მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ექსპრემიერი კვლავაც მძლავრ გავლენას ინარჩუნებს მთავრობასა და სასამართლოზე და ეს ზეგავლენა შეინიშნებოდა „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვისას სასამართლოში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე ლაპარაკისას ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ანგარიშში ასახული შეფასებები მხოლოდ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და რომ ეს არ წარმოადგენს შეერთებული შტატების პოზიციას, თუმცა ასეთი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია როგორც ოპოზიციური ძალებისთვის, ასევე მესამე სექტორისთვის. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უსაფუძვლო აქცენტები არასოდეს ჩნდება და რომ ხელისუფლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების - შეფასებებს.

იმის გამო, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესში მოპასუხე მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს, სტრასბურგთან კომუნიკაცია მასაც უწევს. „ჩვენ ამ საქმეს პროცედურის დაცვით მივყვებით ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში“, - განაცხადა 3 მარტს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG