Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერობის კანდიდატები რუსთავში - ვინ რას ჰპირდება ამომრჩეველს?


რუსთავი
რუსთავი

რუსთავის თვითმმართველობის არჩევნებში მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს დებატებისთვის სხვადასხვა პლატფორმას სთავაზობენ, იქნება ეს ადგილობრივი ტელევიზია, სოციალური მედია თუ, უბრალოდ, თავისუფალი სივრცე.

გადმოწერა

12 ოქტომბერს ერთი ასეთი წინასაარჩევნო ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა.დებატებში, რომელიც მერობისთვის მებრძოლთა შორის გაიმართა, 8 კანდიდატი მონაწილეობდა.

პირველი საკითხი, წინასაარჩევნო პროგრამების მოკლე მიმოხილვას დაეთმო. მაგალითად, ელგუჯა ქოჩიაშვილის მთავარი საზრუნავი, გამარჯვების შემთხვევაში, ომის ვეტერანებისა და პენსიონერთა დასაქმება იქნება. ქოჩიაშვილი კანდიდატია გაერთიანებისა „ზვიადის გზა უფლის სახელით“. მისი წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, ომის ვეტერანებსა და პენსიონერებს ქალაქის განაპირას, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთები უნდა დაურიგდეთ, მათთვის უნდა აშენდეს სათბურები და მომცრო ინდივიდუალური სახლები. ამით დასაქმების პრობლემა ნაწილობრივ გადაწყდება. ელგუჯა ქოჩიაშვილის თქმით, თითო ოჯახზე 40 ათასამდე ლარი დაიხარჯება. საგულისხმოა, რომ რუსთავში დაახლოებით 19 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

სოციალურ პროგრამებზე აკეთებს აქცენტს „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილიც. მისი განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისა და ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის შემთხვევაში, შესაძლებელია რუსთაველი პენსიონერებისთვის 30-ლარიანი დანამატის დაწესება, სოციალურად დაუცველებისა და შშმ პირთათვის კი შემწეობის 70 ლარამდე გაზრდა.

იმედაშვილმა ისაუბრა ეკონომიკურ პროექტებზეც, რომლებიც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და 10 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მისი წინასაარჩევნო პროგრამა ადგილობრივი გადასახადების 10 პროცენტით შემცირებასაც ითვალისწინებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი გელა ნაკაშიძე კი, პირველ რიგში, კულტურისა და სპორტული ცენტრების შექმნისკენ იხრება. მისი აზრით, კულტურა და სპორტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და, საერთოდ, როგორც წესი, კულტურული ქალაქი ეკონომიურადაც მდიდარია.

დებატებში მონაწილეობდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ტაბაღუაც, რომელიც უემოციოდ ლაპარაკობდა და თავის ხედვებს მოკლედ წარმოადგენდა.

ტაბაღუამ წინასაარჩევნო პროგრამა ორ პუნქტთად ჩამოაყალიბა - ეს არის ეკონომიკური ზრდა და სოციალური პროგრამების ახლებურად დაგეგმვა.

მისი აზრით, ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია ბიზნესისა და სამრეწველო ზონების შექმნა, მათი, ასე ვთქვათ, სეგმენტაცია და განლაგება ქალაქის სამრეწველო ნაწილში და ახალ ტერიტორიებზე.
რაც შეეხება სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესს, ის რადიკალურად გადასახედია.

ირაკლი ტაბაღუამ, ამავე დროს, ეჭვი გამოთქვა ოპოზიციური კანდიდატების პროგრამების მიმართ, რამდენადაც, მისი აზრით, ეს დაპირებები მოწყვეტილია რეალობას და, ცოტა არ იყოს, დილეტანტურიცაა.

გოჩა ომაიძეს, კი, რომელიც საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” მერობის კანდიდატია, მიაჩნია, რომ რუსთავის თვითმმართველობის ზოგადი მისიაა ისეთი პოლიტიკის წარმართვა, რომელიც არა მხოლოდ გაზრდის სამუშაო ადგილებს და გადამხდელთა რაოდენობას, არამედ ხელს შეუწყობს საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. გოჩა ომაიძის თქმით, ამის მისაღწევად, პირველ რიგში, აუცილებელია თვითმმართველობის მიერ ეფექტური ეკონომიკური პროექტების შემუშავება.

დებატებს ესწრებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც, მაგალითად, თამაზ ხმელიძე, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო მოსული.
მისი განცხადებით, პოლიტიკოსებისგან მსგავსი განცხადებები ხშირად მოუსმენია, თუმცა მოსახლეობა როგორი ღარიბიც იყო აქამდე,ისეთივე ღარიბია დღესაც.

საერთოდ, დებატები ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოქმედი თვითმმართველობის კრიტიკის ფონზე წარიმართა - ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ თვითმმართველობა ბიუჯეტს არაეფექტიანად ხარჯავს, რაც ხელს არ უწყობს სამუშაო ადგილების ზრდას და სოციალური პროგრამების ეფექტიანად განხორციელებას.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG