Accessibility links

საგრძნობლად გაზრდილი თანამდებობრივი სარგოები რუსთავის საკრებულოში


რუსთავი

გასულ კვირაში გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილებით, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ახალ ნორმებს ემყარება, 2018 წლის პირველი იანვრიდან რუსთავის თვითმმართველობის თანამშრომელთა ანაზღაურება 65-70 პროცენტით გაიზარდა. მაგალითად, თუ 2017 წელს რუსთავის მერის ხელფასი 2750 ლარი იყო, მიმდინარე წლიდან ის 4500 ლარი გახდა, 1750 ლარით გაიზარდა მერის პირველი მოადგილის ხელფასიც - ახლა ის 4000 ლარია. 250 ლარით ნაკლები აქვს მერის მეორე მოადგილეს, ხოლო სამსახურებისა და განყოფილებების უფროსთა ხელფასი, რომელიც ასევე 65-70 პროცენტით გაიზარდა, 2600 ლარიდან 1600 ლარამდე მერყეობს.

იმავე პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა ხელფასები რუსთავის საკრებულოშიც, თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 4500 ლარია, მოადგილის - 3750 ათასი, კომისიის თავმჯდომარის - 2600, ამდენივე - ფრაქციის თავმჯდომარის, მისი მოადგილის კი - 1600 ლარი.

საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარის, გიგა ვეფხვაძის თქმით, თვითმმართველობაში მინიმალური ხელფასი 550 ლარიდან ათას ლარამდე იმისთვის გაიზარდა, რომ გამოცდილი კადრები მოიზიდონ...

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნინო ქავთარაძის თქმით, სახელფასო ფონდი არ იცვლება, უბრალოდ, პრემია-დანამატები აღარ იქნება.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ სამწევრიანმა დეპუტაციამ ხელფასების გაზრდის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი გააპროტესტა და სხდომა დემონსტრაციულად დატოვა.

ფრაქციის წევრი გურამ ლაცაბიძე ამბობს, რომ საერთო სიდუხჭირის ფონზე ჩინოვნიკები ხელფასებს იზრდიან, რაც გაუმართლებელია.
საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციური დეპუტატი კი, დავით კაპანაძე, ვარაუდობს, რომ ხელფასების გამო უმრავლესობა დამატებით ფრაქციებს შექმნის.

საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარის, გიგა ვეფხვაძის თქმით, თვითმმართველობაში მინიმალური ხელფასი 550 ლარიდან ათას ლარამდე იმისთვის გაიზარდა, რომ გამოცდილი კადრები მოიზიდონ.

გიგა ვეფხვაძე დასძენს, რომ თანამდებობრივი სარგოების გაზრდა ადგილობრივ ბიუჯეტზე უარყოფითად არ აისახება, რადგან სახელფასო ფონდი პრაქტიკულად წინა წლების ანალოგიურია.

გასულ წლებში რუსთავის თვითმმართველობაში მომეტებით გაცემული პრემია-დანამატები ხშირად ხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში და ოპოზიციასაც კრიტიკის საფუძველს აძლევდა.

მაგალითად, 2016 წელში რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ შეროზიამ, მერიის სამსახურების უფროსებმა ლაშა ჩოფლიანმა და ალექსი ნავროზაშვილმა პრემია და დანამატი 14-ჯერ მიიღეს. მიღებულმა თანხამ თანამდებობრივ სარგოს 2-ჯერ და მეტად გადააჭარბა. იმავე წელს 11-ჯერ მიიღო პრემია-დანამატი მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა ლევან ონიანმა, რომელიც ახლა საკრებულოს თავმჯდომარეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG