Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი პატიმრობა სასწრაფო დახმარების მანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულებს


რუსთავის სასამართლო
რუსთავის სასამართლო

წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა რუსთავის სასამართლოს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა ამირან გამყრელიძეს და არსენ თხელიძეს, რომლებიც პოლიციამ 2 აპრილს რუსთავში დააკავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაზე და მის ეკიპაჟზე თავდასხმის ბრალდებით. დაკავებულებს ასევე ბრალი ედებათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და მათზე ძალადობაში.

ამით სასამართლომ გამწესრიგებელ სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა), რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას, პირობით სასჯელს ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

თავის მხრივ პროცესზე, ბრალდებულებმა სამართალდამცავები ძალადობაში დაადანაშაულეს, პოლიციაში მიყვანამდე და თავად ქვეგანყოფილებაში.

რუსთავის პროკურატურის პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ სასამართლოზე დასძინა, რომ განსასჯელებმა ხულიგნობის დროს, მაიაკოვსკის ქუჩაზე, გარდა იმისა, რომ დააზიანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, მანამდე „სრულიად უმიზეზოდ“ დასხნენ თავს ტაქსის მძღოლს და ჩაუმტვრიეს უკანა საქარე მინა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, შს სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს მეორე ქვეგანყოფილებაში მიყვანის შემდეგ, ბრალდებულები გამოხატავდნენ აგრესიას პოლიციის მიმართ. ერთ-ერთმა, ამირან გამყრელიძემ, კეფაში ფეხი ჩაარტყა ქვეგანყოფილების უფროსს, გიორგი კილასონიას, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო.

პროკურორის სიტყვებით, „აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბრალდებულები რამდენჯერმე არიან ნასამართლევი, არსებობს ბრალდებულთა მიერ ფაქტობრივი მტკიცებულებების განადგურების და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოწმეები არიან რუსთაველები და რამდენიმე მათგანი გახლავთ ბრალდებულთა ნაცნობი.“ ასევე, არსებობს საფრთხე, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმეებმა შეცვალონ ჩვენება. მაღალია ბრალდებულთა მიმალვის რისკიც.

გამყრელიძე პოლიციის წინასწარ დაკავების იზოლატორიდან რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში ჭრილობის დასამუშავებლად.

თავის მხრივ პროცესზე, ბრალდებულებმა სამართალდამცავები ძალადობაში დაადანაშაულეს, პოლიციაში მიყვანამდე და თავად ქვეგანყოფილებაში.

საგულისხმოა, რომ ადვოკატი მხოლოდ ამირან გამყრელიძეს ჰყავდა. არსენ თხელიძემ განაცხადა, რომ საკუთარ თავს თავად დაიცავდა.
ამასთან, ამირან გამყრელიძის ადვოკატმა ლალი გოძიაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავის არეში მიაყენეს ფიზიკური დაზიანება ისე, რომ ჭრილობა გასაკერი გახდა.
„გამყრელიძე პოლიციის წინასწარ დაკავების იზოლატორიდან რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში ჭრილობის დასამუშავებლად", თქვა ადვოკატმა. მან თავისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის ნაცვლად გირაო მოითხოვა 2 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც ბრალდებული ერთი კვირის ვადაში გადაიხდიდა. იმავე ოდენობის გირაო ითხოვა ბრალდებულმა არსენ თხელიძემაც, რომელიც თანხას ერთი თვის ვადაში გადაიხდიდა. ამასთან, ორივე ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და მომხდარი სიმთვრალეს დააბრალა.

საბოლოოდ, მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა სასამართლოს არსებითი განხილვა 23 მაისს დანიშნა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG