Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი გადადგა ოდესის გუბერნატორობიდან


მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ბრიფინგზე
მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ბრიფინგზე

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. 7 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინა კორუფციისგან გაათავისუფლოს. სად, რისთვის და ვისთან ერთად აგრძელებს ბრძოლას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ახლა უკვე ყოფილი გუბერნატორი?

გადმოწერა

„როდესაც აქ ჩამოვედი, მსურდა განვითარების ისეთი ტემპი ყოფილიყო ოდესაშიც, როგორც ბათუმში იყო. მაგრამ მე კარგად მახსოვს, რომ ბათუმში ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც თბილისი კორუფციისგან გავათავისუფლეთ. ოდესაც მხოლოდ მას შემდეგ განვითარდება, თუ კიევი გათავისუფლდება მათგან, ვინც ბანდიტებს და განუკითხაობას მფარველობს“, - ასე დაიწყო ოდესის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, თავისი მიმართვა, რომლითაც მან 7 ნოემბერს საზოგადოებას აუწყა, რომ თანამდებობას ტოვებს:

„ამ სიტუაციაში მე გადავწყვიტე გადავდგე და ბრძოლის ახალი ეტაპი დავიწყო. მე არ ჩამოვუშვებ ხელებს და არ დავიღლები, არც იოცნებონ, რომ თავიდან მომიშორებენ! მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელიც მანამ მიდის წინ, სანამ შეუძლია, მიდის იქამდე, რამდენიც საჭიროა სრულ გამარჯვებამდე, რომ უკრაინა გათავისუფლდეს ამ კორუფციული ჭუჭყისგან, რომელმაც უღალატა უკრაინის რევოლუციის იდეას და რომლის ერთადერთი მიზანი საკუთარი ჯიბეების გასქელება და საკუთარი კლანის გაძლიერება და უკრაინის საბოლოოდ გაძარცვაა. ვერ მოესწრებით!“.

მიხეილ სააკაშვილმა დატოვა ოდესის ოლქის ხელმძღვანელის პოსტი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კლანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ოდესის ოლქში პრეზიდენტი ორ კლანს პირადად უჭერს მხარს. მისი თქმით, ეს არის „ტრუხანოვის ბანდიტური, კრიმინალური, 90-იანი წლების მკვლელების კლანი და ურბანსკის კორუფციული კლანი“.

მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში საკმარისზე მეტი ენერგიული და უმწიკვლო ახალგაზრდა ძალა არსებობს, ვინც არანაირ კავშირში არ არის სისტემასთან, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

„ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით და აუცილებლად დავასრულებთ ამ ბრძოლას უკრაინის გამარჯვებით. როგორც ოდესელების, ისე უკრაინის დანარჩენი მოსახლეობისათვის. ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ თანამდებობას ტოვებს ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე. ოდესის პოლიციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა მისი მიმართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ საკუთარი ინიციატივით მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, რადგან ფიქრობს, რომ ოდესის პოლიციას „ახალი სისხლი“ სჭირდება. საქართველოში ლორთქიფანიძე რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის - იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

სააკაშვილის პოსტიდან წასვლას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გამოეხმაურნენ. დავით დარჩიაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის სახით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოვა. მისივე შეფასებით, სააკაშვილის გადაწყვეტილება უკრაინაში არსებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა სისტემამ განაპირობა.

როდესაც სააკაშვილის გადადგომას ვაფასებთ, შიდა უკრაინული კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ, უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ. მისი თქმით, სააკაშვილმა ვერ გაამართლა უკრაინელების მოლოდინი:

„მიუხედავად უკრაინელების მოლოდინისა, რომ სააკაშვილს ჰქონდა რაღაც ჯადოსნური ფორმულა, თუ როგორ აეყვავებინა ოდესა და უკრაინა და დაეძლია კორუფცია, გამოჩნდა, რომ ასეთი ფორმულა არც სააკაშვილმა იცის და მალევე ისიც დავინახეთ, რომ ამის მიღწევა ერთი ადამიანის მიერ - თან იმ ძალთა ბალანსის პირობებში, რაც უკრაინაში არსებობს - შეუძლებელი იყო. საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისაც „ქართული რეფორმების“იმედი ჰქონდა, ეს მალევე დაინახა და ერთგვარი გულაცრუება დაეწყო“.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ფაქტია, რომ უკრაინაში, გარკვეულ წრეებში, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი დაეცა. ამას ისიც დაემატა, რომ სააკაშვილმა ერთდროულად ორ სკამზე მოინდომა დაჯდომა. პოლიტოლოგის აზრით, ის ცდილობდა არც საქართველოში დაეკარგა გავლენა - ეს გამოჩნდა გასულ არჩევნებზე - და, ამავე დროს, აქტიურად ყოფილიყო ჩართული შიდა უკრაინულ პოლიტიკურ პროცესებში. სავარაუდოდ, ფიქრობს კორნელი კაკაჩია, სწორედ ამიტომ არჩია სააკაშვილმა ისევ უკრაინაში გააქტიურებისა და ახალი ბრძოლის გზა. იმის გათვალისწინებით, თუ რა შედეგები ჰქონდა საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და, ასევე, დღეს პარტიაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ნაკლებად სარწმუნოა, რომ სააკაშვილის უახლოესი გეგმები საქართველოს უკავშირდებოდეს, ასე აფასებს კორნელი კაკაჩია ოდესის უკვე ყოფილი გუბერნატორის გადაწყვეტილებას.

ჩემი აზრით, მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი მისი პარტიის მარცხი იყო საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან სააკაშვილს მაინც იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში დაბრუნების შანსი მიეცემოდა. ახლა კი მას უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაგრძელებაღა რჩება...
ვლადიმირ ფესენკო

„სააკაშვილის პოსტიდან წასვლა გარდაუვალი იყო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმირ ფესენკომ.

„ჩემი აზრით, მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი მისი პარტიის მარცხი იყო საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან სააკაშვილს მაინც იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში დაბრუნების შანსი მიეცემოდა. ახლა კი მას უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაგრძელებაღა რჩება. ამისათვის კი მას მეტი თავისუფლება სჭირდება. როგორც პრაქტიკამაც აჩვენა, სააკაშვილის რეიტინგი მატულობს, როცა ის ვიღაცას აკრიტიკებს ხელისუფლებაში და, როგორც ჩანს, ახლა მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი პრეზიდენტი პოროშენკო იქნება“.

ფესენკოს თქმით, უკრაინაში იქმნება ახალი პოლიტიკური პარტია, რომელშიც სხვებთან ერთად დავით საყვარელიძეც არის, თუმცა რადგან ჯერჯერობით ამ პარტიას არა აქვს რეიტინგი, მათ ძალიან სჭირდებათ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად. შესაძლოა, სააკაშვილის გადადგომა სწორედ ამ პარტიის ლიდერად მოვლინებას უკავშირდებოდეს. ახლა ის თავის კარიერას ოპოზიციონერი ლიდერის რანგში იწყებს, ამბობს ფესენკო. პოლიტოლოგის თქმით, უკრაინაში საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი შედგა როგორც შესამჩნევი უკრაინელი პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ კრახი განიცადა როგორც გუბერნატორმა. თუმცა, ისევ ფესენკოს შეფასებით, სააკაშვილს, უკრაინის სხვა გუბერნატორებთან შედარებით, მართვის მეტი ბერკეტი და შესაძლებლობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ამბობს ფესენკო, ერთია იყო პრეზიდენტი შეუზღუდავი ძალაუფლებით და მეორე - იყო გუბერნატორი და ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ წყვეტდე.

ბოლოს ისიც გავიხსენოთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 30 მაისს დანიშნა ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მანამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG