Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად გამოადგებათ საქართველოს გამოცდილება არაბულ ქვეყნებს?


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
თავისუფლება და დემოკრატია, როგორც ექსტრემიზმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი იარაღი, რევოლუცია, როგორც თავისუფლებისკენ სწრაფვის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება და პოსტრევოლუციური საქართველოს განვითარების გზა, რომელიც იმედისმომცემია არაბული სამყაროსთვის, – ასეთია ის ძირითადი აქცენტები, საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში „კონკორდიას სამიტის“ პირველ შეხვედრაზე გამოსვლისას რომ გააკეთა. ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული პირველი შეხვედრა ექსტრემიზმთან ბრძოლის საქმეში მთავრობებისა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის პრიორიტეტს მიეძღვნა.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილით ნაკარნახევი რევოლუცია „მხოლოდ ქუჩაში ხალხის შეკრებას არ ნიშნავს“ და რომ „ის რეფორმების გრძელ და რთულ პროცესს მოიცავს, რომელიც რევოლუციურ ტალღას მოყვება“ და რომ „ეს უმთავრესი გამოწვევაა“, რომლის წინაშეც ამჟამად, მაგალითად, ტუნისი, ეგვიპტე და ლიბია დგას.
უპირველესი ამოცანა ასეთ სახელმწიფოებში არის კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო აპარატის მოდერნიზაცია, რეორგანიზაცია და მისი გარდაქმნა მობილურ და ეფექტურ აპარატად...

რადიკალური ცვლილებების გზა, რომელსაც საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ დაადგა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, წარმატებული აღმოჩნდა არაერთი მიმართულებით და ამას ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც ადასტურებს – იქნება ეს კორუფციის დამარცხება, კრიმინალის აღმოფხვრა თუ „ინვესტორებისთვის ძალზე ხელსაყრელი კლიმატის შევქმენა“.

„კონკორდიას სამიტის“ პირველ შეხვედრის მონაწილეებს, რომელთა შორის ამერიკის 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც იყო, საქართველოს პრეზიდენტმა აცნობა, რომ „EBRD-ის 2011 წლის კვლევის მიხედვით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, ინსტიტუტების შენების თვალსაზრისით, საქართველო გამოირჩევა, როგორც ჩვენი რეგიონის ყველაზე წარმატებული ქვეყანა“.

პოსტრევოლუციური საქართველოს გამოცდილება, პრეზიდენტ სააკაშვილის აზრით, შესაძლოა არ გამოდგეს როგორც მზა და სრულყოფილი მოდელი არაბულ სამყაროში რევოლუციური გზით ახლადგათავისუფლებული ქვეყნების განვითარებისთვის, თუმცა, მისი აზრით, საქართველოს გამოცდილება „ყველასთვის იმედისმიმცემია“ და რომ გამოცდილება „გარდამავალი დემოკრატიის საკითხებში“ აუცილებლად უნდა იქნეს გაზიარებული. მითუმეტეს, რომ პრეზიდენტის ინფორმაციით, „ახლახან თბილისში ტუნისიდან და ეგვიპტიდან ჩამოვიდნენ ჩვენი გარდაქმნის შესასწავლად. მათ კვლევა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების გარდაქმნით – ჩვენი პირველი ამომწურავი რეფორმიდან დაიწყეს“.

გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ფხალაძე, გამოთქვამს იმედს, რომ ბევრ ქვეყანას და, მათ შორის არაბულ ქვეყნებს, პოსტრევოლუციურ ფაზაში, აუცილებლად გამოადგებათ გამოცდილება, რომელიც საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ გასულ რვა წელიწადში დააგროვა. სახელდება მთავარი მიმართულებებიც:
ლიდერები დიდ დროს ხარჯავენ იმის მცდელობაში, რომ კარგი გადაწყვეტილებები მიიღონ და რეფორმები განახორციელონ, მაგრამ ხშირად ისინი არად დაგიდევენ, ესმის თუ არა ხალხს ამ რეფორმების არსი...

„უპირველესი ამოცანა ასეთ სახელმწიფოებში არის კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო აპარატის მოდერნიზაცია, რეორგანიზაცია და მისი გარდაქმნა მობილურ და ეფექტურ აპარატად. ამ მიმართულებებით საქართველო საკმაოდ წარმატებულია“.

კითხვაზე – მართლაც გამოსადეგი იქნება თუ არა საქართველოს გამოცდილება არაბული ქვეყნებისთვის? – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე მარკ მალენს ზოგადად დადებითი პასუხი აქვს. უფრო კონკრეტულად კი, გასაზიარებელ გამოცდილებად ის, უპირველეს ყოვლისა, საჯარო რეესტრის, სამოქალაქო რეესტრისა და პოლიციის რეფორმებს მიიჩნევს, რომელთა წყალობითაც საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორუფციასთან ბრძოლის გზაზე. თუმცა, გამოცდილების გაზიარების კუთხით, გაცილებით არასასურველად გამოიყურება მმართველობის სტილი, რომლის დროსაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი იღებს. მალენის აზრით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში რეალურად ვერ მონაწილეობს ამ ქვეყნის მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი:

„ლიდერები დიდ დროს ხარჯავენ იმის მცდელობაში, რომ კარგი გადაწყვეტილებები მიიღონ და რეფორმები განახორციელონ, მაგრამ ხშირად ისინი არად დაგიდევენ, ესმის თუ არა ხალხს ამ რეფორმების არსი – რატომ არის ეს კარგი იდეა და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. არ არის დაძებნილი გზები იმისათვის, რომ ხალხმა მიიღოს მონაწილეობა ამ რეფორმების განხორციელებაში. რეფორმები ხელისუფლებას ეკუთვნის და არა ხალხს... და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი“.
საქართველოში ბიზნესის დიდ ნაწილს კვლავ ოფიციალური პირები და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ადამიანები ფლობენ, თუმცა ახლა ბევრად უფრო დაფარულად, ვიდრე უწინ...

მარკ მალენი დიდ პრობლემად თვლის, რომ საქართველოს ქალაქებს არ ჰყავთ პირდაპირი გზით არჩეული მერები, რომ შეზღუდულია დიალოგი ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესებულ მხარეებს შორის და ამის ნათელ დასტურს წარმოადგენს ბოლოდროინდელი ფაქტი, რომ „მმართველმა პარტიამ სრულ იზოლაციაში გადაწერა „საარჩევნო კოდექსი“.

ხელისუფლებაში მშვიდობიანი რევოლუციით მოსული საქართველოს მმართველი ელიტა „კვლავაც, დიდწილად, რევოლუციურ რეჟიმში აზროვნებს“, - ვკითხულობთ კავკასიის საკითხების ცნობილი ექსპერტის, ტომას დე ვაალის, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში სახელწოდებით – „საქართველოს არჩევანი: ცვალებად პირობებში გამოკვეთილი სამომავლო სურათი“. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მმართველი ელიტა არ გამოირჩევა „ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივის შესახებ დისკუსიით“.

რაც შეეხება კორუფციას, დე ვაალის აზრით, „ყოველდღიური კორუფციის ფაქტობრივი აღმოფხვრა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის შთამბეჭდავი მიღწევაა“, თუმცა ანგარიშის ავტორი იქვე ახსენებს „ელიტურ კორუფციად“ წოდებულ პრობლემასაც: „საქართველოში ბიზნესის დიდ ნაწილს კვლავ ოფიციალური პირები და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ადამიანები ფლობენ, თუმცა ახლა ბევრად უფრო დაფარულად, ვიდრე უწინ“, - ვკითხულობთ ტომ დე ვაალის ანგარიშში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG