Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: შევცვლით უკრაინას, ბოლოს მოვუღებთ პუტინს და ვიხსნით კავკასიას


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ „გაზპრომის“ უმსხვილესმა აქციონერმა ივანიშვილმა „დაშალა ქართული არმია და ქართული კონტრდაზვერვა“ და არჩევნების გაყალბებით ხელთ იგდო ძალაუფლება. ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ოპოზიციაში უდგას უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, დარწმუნებულია, რომ ის და მისი თანამოაზრეები შეცვლიან უკრაინას, ბოლოს მოუღებენ პუტინს და იხსნიან მთელ კავკასიას. გაგაცნობთ რამდენიმე მოსაზრებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოეთ კავკასიურ სამსახურს გაუზიარა ექსკლუზიურ ინტერვიუში.

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომში რამდენიმე ასეული პროფესიონალი ქართველი სამხედრო იბრძვის. მათგან 12-13 ქართველი ოფიცერი უკვე დაიღუპა. „ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი, ამიტომ ეს ჩემი პირადი ტრაგედია და ტრავმაა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 7 ივნისს ვენაში, რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიურ სამსახურთან ინტერვიუში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეეხო ჩეჩნების როლსაც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებაში და განაცხადა, რომ ჩეჩნების მონაწილეობა ძალიან ფასეული აღმოჩნდა აღმოსავლეთ უკრაინაში. „პუტინმა უკრაინაში შეაგზავნა კადიროვის მომხრე დაქირავებული მებრძოლები და ის, რომ უკრაინას ჩეჩნები იცავენ, ეს კარგად წარმოაჩენს თავად ჩეჩნებს. რუსეთის იმპერიის ბედი წყდება უკრაინაში, მათ შორის წყდება ჩეჩენი ხალხის და საქართველოს ბედი და ჩეჩენი მამაკაცები და ქალები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ომობენ, ისინი ჩეჩნეთის თავისუფლებისთვისაც იბრძვიან. ეს ჩემში არავითარ ეჭვს არ იწვევს. ჩვენ შევცვლით უკრაინას, ბოლოს მოვუღებთ პუტინს და ვიხსნით მთელ კავკასიას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის პრეზიდენტმა 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქის წოდება მიანიჭა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და მალევე შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი ძალების რუხი“, რომელიც სასტიკად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ პოროშენკოს ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და კლანური მმართველობის გამო.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოფიციალურად კვლავ ითვლება ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად საქართველოში, ინტერვიუში ვრცლად ილაპარაკა საქართველოს დღევანდელობაზე. საქართველოს ყოფილი ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოში კვლავ გამართულად მუშაობენ ძირითადად ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა რეფორმირება მისი მმართველობის დროს მოხდა - საგადასახადო და მართლწესრიგის სიტემები და ის სამსახურები, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან. სააკაშვილის თქმით, საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა კორუფცია და კარგ მდგომარეობაშია მისი გუნდის მიერ დატოვებული და შექმნილი ინფრასტრუქტურა. თუმცა სააკაშვილი წუხს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ უფრო ფართოვდება ნაპრალი, რაც ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია.

„რადგან რეალურად ერთმა ოლიგარქმა ყველაფრის პრივატიზება მოახდინა. ეს არის „გაზპრომის“ უმსხვილესი აქციონერი ივანიშვილი. მან, პირველ რიგში, დაშალა ქართული არმია და ქართული კონტრდაზვერვა, ანუ ის ინსტიტუტები, რომელთა არსებობაც რუსეთს აღელვებდა. და მან დაიწყო რუსეთთან ისეთი საკითხების გარშემო თანამშრომლობა, რაზეც არ უნდა მიდიოდეს დამოუკიდებელი და თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი. და უკვე პირველმა ბზარმა იჩინა თავი კორუფციის სახით. და მეორე, რაც მე მაღელვებს, არის ის, რომ იგი რეალურად აყალბებს არჩევნებს და, როგორც ნამდვილი ოლიგარქი, განაგრძობს ძალაუფლების მითვისებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ხალხი ამას დიდხანს არ მოითმენს, რადგან საქართველოს ხალხმა ერთხელ უკვე სცადა შეეცვალა ცხოვრება“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის ეს განცხადება დაემთხვა ქართული არმიისა და სახელმწიფოს სხვა შეფასებას, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსანდრ პოლტარაკს ეკუთვნის. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც 7 ივნისს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოცდილებას, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაუგროვდა, და მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უკრაინისათვის აღმოჩენილი დახმარებისათვის.

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში პოლიტიკური გაერთიანება „ახალი ძალების რუხის“ ლიდერია, მკაცრად ილაშქრებს თავის საჯარო გამოსვლებსა და საავტორო სატელევიზიო გადაცემა „სხვა უკრაინაში“ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი აპირებს ჩამოართვას მას უკრაინის მოქალაქეობა, რაც არაკონსტიტუციურია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2013 წლის ბოლოს, დატოვა სამშობლო, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არის ბრალდებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG