Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საახალწლო განათების შუქ-ჩრდილები


თბილისის საახალწლო განათება
თბილისის საახალწლო განათება

თბილისის მერია ახალ წელს ახლებურად მორთული ქუჩებითა და ილუმინაციის განახლებული აქსესუარებით ხევდება. ვეღარსად ნახავთ წინა ხელისუფლების დროს შეძენილ ჭაღებს, რომლებსაც ძირითადად რუსთაველის გამზირზე კიდებდნენ ხოლმე. ოფიციალური მონაცემებით, საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების განახლებაზე თბილისის მერიამ 750 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა, როგორც ბევრი თბილისელი შენიშნავს, ნაკლები ყურადღება დაეთმო პერიფერიულ ქუჩებს, სადაც ნაკლებად შეიგრძნობა წინასაახალწლო საზეიმო განწყობა.

19 წლის მარიამ ხელაშვილს კარგად ახსოვს წინა ახალი წლის სამზადისი, თუ როგორ იყო მორთული და განათებული თბილისის ქუჩები. შესაბამისად, არ უჭირს შედარება მერიის წლევანდელ ძალისხმევასთან:

„არის, რა, არა უშავს! შარშანდელს სჯობია! იმ ჭაღებს ნამდვილად სჯობია, მაგრამ დიდად ესეც არ მომწონს!“

შესაძლებელი იყო გარეუბნების - მუხიანში, თემქაზე, ვარკეთილში, ვაზისუბანში - ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით გამოყენებული ყოფილიყო ეს ძველი განათებები და იქაც ადამიანებს ეგრძნოთ ის სადღესასწაულო განწყობა, რაც შეიძლება გეუფლებოდეს, როცა რუსთაველზე ან მელიქიშვილზე გაივლი...
ირაკლი აბესაძე

არადა, თბილისის მერიამ ქალაქში საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების შესყიდვაზე 748 000 ლარის ტენდერი გამოაცხადა. როგორც „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელი თორნიკე კიზირია ამბობს, ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “ნუკო პლუსმა“, რომელმაც მორთო თბილისის ცენტრალური ნაწილი:

„წელს გაკეთდა ისე, რომ რუსთაველი, ჭავჭავაძე, კოსტავა, მელიქიშვილი მთლიანად განახლდა, ანუ ახალი ილუმინაციები დამონტაჟდა, ხოლოდ სხვა ადგილებში რაც იყო ძველი, იმას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და გადანაწილდა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩებზე. რაც შეეხება ჭაღებს, ისინი საერთოდ აღარ დავკიდეთ, იმიტომ რომ აღდგენას აღარ ექვემდებარებოდნენ“.

ცხადია, თბილისის მერიისა და „სინათლის ქალაქის“ მესვეურთა ეს ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თბილისელებს, რომელთა ნაწილი კმაყოფილებას ვერ მალავს, თუმცა ბევრია ისეთი, რომელიც მერიას პერიფერიული უბნების იგნორირების გამო საყვედურობს.

თუმცა თბილისელთა ამ საყვედურის პასუხად, „სინათლის ქალაქში“ აცხადებენ, რომ ილუმინაციებს, რომელიც საახალწლოდ გასულ წლებში გამოიყენებოდა, წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დამონტაჟდა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, პეკინის ქუჩაზე, ფილარმონიისა და ტელევიზიის მიმდებარედ კოსტავას გამზირზე, ვახუშტის ხიდზე, გლდანულის შესასვლელში, მუხიანში დუმბაძის ქუჩაზე, ნაძალადევში - გადასასვლელი ხიდიდან კინო "საქართველომდე", თუმცა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო პერიფერიულ ქუჩებს და, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით უარი თქვა წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი ჭაღების გამოყენებაზე.

„როგორც ჩანს, ისევ პოლიტიკური მოტივაციით, რომ ვიღაცაში შეიძლება წინა ხელისუფლების ასოციაციას იწვევდეს, რაც ნამდვილად ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა, ფაქტობრივად, არ გამოიყენეს ძველი განათებები, როდესაც შესაძლებელი იყო გარეუბნების - მუხიანში, თემქაზე, ვარკეთილში, ვაზისუბანში - ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით გამოყენებული ყოფილიყო ეს ძველი განათებები და იქაც ადამიანებს ეგრძნოთ ის სადღესასწაულო განწყობა, რაც შეიძლება გეუფლებოდეს, როცა რუსთაველზე ან მელიქიშვილზე გაივლი“, უთხრა ირაკლი აბესაძემ რადიო თავისუფლებას.

თბილისის საახალწლო განათება
თბილისის საახალწლო განათება

თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა ასევე საახალწლო ნაძვის ხის შეძენასა და მონტაჟზე, რომლის ღირებულება 175 ათასი ლარია. 22 მეტრი სიმაღლის მწვანე ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 19 დეკემბერს განთავსდა. ასევე ახალი განათებით მოირთო წმინდა გიორგის მონუმენტი, რაზეც 34 ათასი ლარი დაიხარჯა. როგორც „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელი თორნიკე კიზირია ამბობს, დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი ლარი დაჯდა თბილისის ანძის განათების შეცვლა:

„მოძველდა და გამოვიდა მწყობრიდან თითქმის 80 პროცენტი, ამიტომ გაკეთდა მისი დემონტაჟი. იტალიურმა კომპანიამ გაიმარჯვა კონკურსში და მისი სანათები დაყენდა. ფაქტიურად, მოვრჩით მონტაჟს და ამ დღეებში მისი გახსნაც იქნება“.

თბილისის ანძის განათების მოწყობის შემთხვევაშიც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ამბობენ, რომ ძველი განათების განახლება (და არა სრულად შეცვლა) მერიას თითქმის ორჯერ ნაკლები დაუჯდებოდა, თუმცა, როგორც ირაკლი აბესაძე ამბობს, წინა მოწვევის საკრებულოს ხელმძღვანელობამ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.

საახალწლოდ თბილისში დაიდგა ასევე ყინულის მოედანი, რომლის მონტაჟის, ექსპლუატაციისა და დემონტაჟის ღირებულება 100 ათასი ლარია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG