Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები დასრულდა - დარღვევებზე მსჯელობა გრძელდება


სააპელაციო სასამართლო არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების სარჩელს განიხილავს, რომლითაც ისინი 63 საარჩევნო ოლქში ცესკოს შემაჯამებელი ოქმების გაუქმებასა და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ. ოპოზიციური პარტიების ეს მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამასობაში „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ იუსტიციის სამინისტროში მოქმედ უწყებათაშორის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა 47 საქმე, რომელიც არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებს შეეხება და რომლის თაობაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

გადმოწერა

9 საარჩევნო სუბიექტს არჩევნების დღეს 2 ათასამდე საჩივარი აქვს დაწერილი, ამბობს „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე. მისი თქმით, სწორედ ეს საჩივრები გახდა საფუძველი მათი სარჩელისა, რომელიც საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასარჩელო მოთხოვნაში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 65 საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმების გაბათილებასა და ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვენ:

მხოლოდ „დემოკრატიულ მოძრაობა - თავისუფალ საქართველოს“ 740 საჩივარი აქვს წარდგენილი. აღარ ვსაუბრობ დანარჩენ 9 სუბიექტზე, რომელთაც, ჯამში, 2 000 საჩივარი წარმოადგინეს...
დიმიტრი ლორთქიფანიძე

„ვასაჩივრებთ იმას, რისი გასაჩივრების მცდელობაც გვქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოში - ერთი მხრივ, თბილისის შემაჯამებელ ოქმს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, და მოვითხოვთ მის უკანონოდ ცნობას; მეორე მხრივ, იმ უბნების გადათვლას მოვითხოვთ, სადაც საჩივრები გვაქვს დაწერილი. მხოლოდ „დემოკრატიულ მოძრაობა - თავისუფალ საქართველოს“ 740 საჩივარი აქვს წარდგენილი. აღარ ვსაუბრობ დანარჩენ 9 სუბიექტზე, რომელთაც, ჯამში, 2 000 საჩივარი წარმოადგინეს“.

მოსარჩელეების განცხადებით, საქართველოში სასამართლო ინსტანციებისთვის მიმართვას, შეიძლება ითქვას, ფორმალური ხასიათი აქვს და ის არის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის წარსადგენად, ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა

„სააპელაციო სასამართლოში რაიმე განსაკუთრებული იმედები არ გვაქვს, მაგრამ ამ სასამართლო ინსტანციების ამოწურვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთადერთი მიზნით, რომ ევროპული სასამართლოსთვის მომზადდეს საქმე“.

კახა კუკავა
კახა კუკავა

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დარად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ არ გამორიცხავს სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში დამარცხებული ლელა ქიტესაშვილი, რომლის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა არჩევნების შედეგი. ლელა ქიტესაშვილი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასა და თიანეთში მერის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა. ლელა ქიტესაშვილი, მას შემდეგ, რაც სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილს გაეცნობა, არ გამორიცხავს სარჩელით სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

არჩევნების დღეს თიანეთში წარმართული პროცესი იყო ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დასვეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, სადაც პროკურატურამ არჩევნების დღეს მომხდარი 47 ფაქტის თაობაზე დაწყებული გამოძიების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. პროკურატურის განცხადებით, 47 საქმიდან ძიება 9 საქმეზე მალევე შეწყდა. შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია საპარლამენტო ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი. უმრავლესობის წარმომადგენელ ანრი ოხანაშვილი სიტყვებით კი, მან შეხვედრაზე ილაპარაკა არჩევნების დღეს მარნეულში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. მისი განმარტებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა სხვა პირზე გაცემული ამოსაცნობი ნიშნით.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორ ლელა ტალიურის აზრით, მნიშვნელოვანია, უწყებათშორისი კომისიის მიერ გაიცეს რეკომენდაცია, რომ არჩევნებზე მესამე პირებს არ ჰქონდეთ სამაგიდო სიებზე წვდომა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილი ეს დარღვევა ამომრჩევლის ნების კონტროლს ემსახურება.

ლელა ტალიური
ლელა ტალიური

„47 საქმეზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, 9 საქმეზე გამოძიება შეწყდა და არის მიმდინარე საქმეებიც და დასახელდა ციფრები, თუ რამდენი პირის მიმართ იქნა ბრალი წაყენებული არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილი კანონდარღვევების გამო“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის, თქმით, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია თიანეთში არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე და ასევე ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში ნაჩვენები საარჩევნო კანონდარღვევების თაობაზე. ლევან ნატროშვილი იმედოვნებს, რომ პროკურატურა ამ საქმეების გამოძიებითაც დაინტერესდება. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ იუსტიციის სამინისტროში მოქმედი უწყებათშორისი კომისია მუშაობას ცესკოს მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებამდე განაგრძობს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG