Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ორ სავარძელზე?


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტი აპირებს "საარჩევნო კოდექსში“ შეიტანოს ცვლილება, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება თანამდებობის დატოვება.

კანონპროექტის ავტორების აზრით, ცვლილება სავსებით შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციებს, საპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ცდილობს კანონების თავის თავზე მორგებას.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში შესაბამის საარჩევნო სუბიექტს წარუძღვება. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა არჩევნებში საყოველთაოდ დაშვებული და გავრცელებული მოვლენაა, თუმცა, საქართველოში მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა არჩევნების მონაწილეობის მისაღებად უნდა დატოვოს თანამდებობა.

„ბუნებრივია, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ასეთი პირის არყოფნა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის (პარტია თუ საარჩევნო ბლოკი) იქნება სერიოზული დანაკლისი. თუ გადადგა თანამდებობიდან, მაშინ ეს იწვევს სხვა პრობლემას და ეს პრობლემა არის ის, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა ავტომატურად იწვევს მთელი მთავრობის გადადგომას და უნდა დაიწყოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი“, უთხრა ვახტანგ ხმალაძემ რადიო თავისუფლებას.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, ასეთი ვითარება და საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც, შესაძლოა, ორ თვეში, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს.

ნინო რიჟამაძე
ნინო რიჟამაძე

თუმცა ცვლილების ინიცირებას, ინტერპარტიულ ჯგუფთან შეთანხმების გარეშე, აკრიტიკებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტი ნინო რიჟამაძე, რომლის თქმითაც, ცვლილება არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, რის მიღწევასაც ერთობლივად ცდილობენ ხელისუფლება და ინტერპარტიული ჯგუფი:

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ხდება ამ ცვლილების განხორციელება ცალკე, კონტექსტიდან ამოგლეჯით, და კონკრეტული სიტუაციისთვის მორგება. ჩვენი მოსაზრებით, საარჩევნო კოდექსი საჭიროებს ცვლილებას და გაჯანსაღებას იგივე წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილე პირების ჩამონათვალთან დაკავშირებით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ იმ პოლიტიკურ პირთა წრე ძალზე ფართოა, ვისაც აგიტაციაში შეუზღუდავად შეუძლია მონაწილეობის მიღება და ჩვენ ვითხოვთ ამ წრის დავიწროებას“.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ცდილობს გაზარდოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა, ტელეკომპანია „იმედს“ უთხრა, რომ კანონპროექტი მორგებულია მხოლოდ ერთ საარჩევნო სუბიექტზე - „ქართულ ოცნებაზე“:

„მორგებულია არა იმაზე, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება და ეკონომიკა გაუმჯობესდეს, არამედ გამონათქვამის არ იყოს, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ნამდვილად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომ არჩევნებს წააგებს და ამითი ატყუებს ამომრჩევლებს, რომ თითქოსდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შენარჩუნებით რაღაც ხეირი ექნებათ ამომრჩევლებს“.

რესპუბლიკური პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ესე იგი ჩვენს ინტერესში არ უნდა იყოს ჩვენი კონკურენტი პარტიის გაძლიერება, ანუ გაძლიერება „ქართული ოცნებისა“, რომლის ლიდერი, მაღალი ალბათობით, იქნება დღევანდელი პრემიერ-მინისტრი...
ვახტანგ ხმალაძე

ოპოზიციის კრიტიკის პასუხად, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლი - „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან“- ისედაც არ მოითხოვს, პრემიერ-მინისტრის გადადგომას. შესაბამისად, როგორც დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე ამბობს, ცვლილების მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს:

„დღეს არსებული კანონი სრულიად ცალსახად გამოხატავს, რომ თუ პრემიერ-მინისტრი ჩაეწერება საპარლამენტო სიაში და მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ის არ უნდა გადადგეს. არსად წერია, რომ უნდა გადადგეს. იქ არის ჩამონათვალი... 112-ე მუხლზე საუბარი, სადაც მკაფიოდ წერია, ვინ უნდა გადადგეს: პრეზიდენტი, მინისტრები... შეუთავსებლობა, რომელიც წარმოეშვებოდა პრემიერ-მინისტრს, ეს იყო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა, რომელიც უნდა დაეტოვებინა“.

კანონპროექტის ავტორთა თქმით, სიახლე ემსახურება არა ერთი პარტიის, „ქართული ოცნების“, არამედ მთელი ქვეყნის ინტერესებს. ვახტანგ ხმალაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, არ იქნებოდა ცვლილების ინიციატორი.

„ინიციატორები ამ კანონპროექტისა გახლავთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და მე, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, და რესპუბლიკური პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ესე იგი ჩვენს ინტერესში არ უნდა იყოს ჩვენი კონკურენტი პარტიის გაძლიერება, ანუ გაძლიერება „ქართული ოცნებისა“, რომლის ლიდერი, მაღალი ალბათობით, იქნება დღევანდელი პრემიერ-მინისტრი“, უთხრა ვახტანგ ხმალაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG