Accessibility links

ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა


ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გრძელდება პარლამენტის არჩევნებისას სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევაში ბრალდებულთა საქმის განხილვა. ამჯერად მანუჩარ გაბეჩავას წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ერთადერთია სამ ბრალდებულს შორის, რომელსაც ზუგდიდის სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა და ამ დრომდე რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იმავე ბრალდებით დაკავებული გიორგი მხეიძე და კაკო ტიმბუა გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

79-ე საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავას მორიგ სხდომაზე მტკიცებულებები იქნა წარდგენილი. ბრალდებულმა პოზიცია შეცვალა და თუ წინა სხდომაზე განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, ამჯერად აღნიშნა, რომ ბრალს აღიარებს.

„ვაპირებთ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართოთ განცხადებით პროკურატურას. იმედი გვაქვს, 13 დეკემბერს სხდომაზე სხვა შედეგი გვექნება. მხედველობაში გვაქვს, რომ საპროცესო შეთანხმებით დასრულდეს საქმე“, - განმარტა ბრალდებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა.

მისი თქმით, მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, გირაოთი შეცვლა, მაგრამ წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ უცვლელი დატოვა. დაცვის მხარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დასრულებულია, კვლავ არსებობს რისკი მტკიცებულებების განადგურების და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენისა. ბრალდების მხარის სწორედ ეს არგუმენტი გაიზიარა მოსამართლემ 4 ნოემბერსაც, როცა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„პატიმრობა იქნა მოთხოვნილი, რადგან საარჩევნო პროცესი უნდა ჩატარებულიყო დემოკრატიულად და რეალურად ჩაიშალა არჩევნები. ხელისუფლებას მოუწია განმეორებით არჩევნების ჩატარება, რაც, ბუნებრივია, ქვეყნის იმიჯზე აისახა. იყო ძალადობა უცხოელ დამკვირვებელზე. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მოთხოვნილ იქნა პატიმრობა“, - განმარტა პროკურორმა ირაკლი გულგედავამ.

მანუჩარ გაბეჩავას ბრალი წარედგენილი აქვს სისხლის სამართლის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 163 მუხლით, რაც საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. კერძოდ, მას ბრალად ედება 8 ოქტომბერს, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, საარჩევნო უბანზე შეჭრა და არჩევნების პროცესისთვის ხელის შეშლა, კომისიის წევრებისთვის სიტყვიერი, ერთ-ერთი უცხოელი დამკვირვებლისთვის კი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება; ასევე, უბანზე არსებული მტკიცებულებების, ვიდეოკამერების განადგურების მცდელობა.

ზუგდიდის სასამართლომ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბნის დარბევაში კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მხეიძეს, 11 ოქტომბერს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, თუმცა 10 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, კაკო ტიბუას, მას ბრალად ჯიხაშკარის 108 -ე უბნის დარბევა ედება ბრალად და ზუგდიდის სასამართლომ 13 ოქტომბერს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG